17 მაისს ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ საერთაშორისო დღე აღინიშნება. სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით "გურია ნიუსის" კითხვებს ოზურგეთში ყოფნის დროს ევროპასთან და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ უპასუხა.
– ვეცდები მოკლედ და მკაფიოდ გამოვხატო ჩემი აზრი. ჩვენ არ ვაყალიბებთ საზოგადოებას, რომელსაც მივცემთ უფლებას, უმცირესობები დაჩაგროს. ეს არ არის ქართული ბუნება, გამოხატვის თავისუფლება უნდა იყოს გარანტირებული ჩვენს ქვეყანაში. მინდა გითხრათ, რომ თუ კი ამ მიმართულებით კიდევ არის სამუშაო, მზად ვართ ვიმუშაოთ.
-ბატონო დავით, თქვენ დღეს ოზურგეთში ხვდებით სასულიერო პირებს. იქნებ გვითხრათ, რა იქნება ამ შეხვედრის მთავარი თემა?
– შეხვედრის თემაა სახელმწიფოსა და რელიგიის ურთიერთობის პრაქტიკა ევროკავშირის ქვეყნებში. 2015 წელს დაახლოებით 10 შეხვედრა გვქონდა სასულიერო პირებთან და წელსაც გრძელდება ეს შეხვედრები ეპარქიებში. მიგვაჩნია, რომ ისეთი მაღალი ნდობის ინსტიტუტთან, როგორიც მართმადიდებელი ეკლესიაა. ძალიან მნიშვნელოვანია საუბრები იმ საკითხებზე, რაც უკავშირდება საქართველოს ევროპულ არჩევანს. საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე წელიწადში ერთხელ ან ორჯერ მაინც პოულობს შესაძლებლობას აუცილებლად აღნიშნოს საქართველოს ევროპული არჩევანის და საქართველოს ევროპული მომავლის შესახებ. თუ ამ ინსტიტუტში არის კითხვები ევროპულ არჩევანთან დაკავშირებით, ჩვენ ყველა კითხვას უნდა გავცეთ ამომწურავი პასუხი.
– იქნება თუ არა საუბარი იმაზე, რომ დღეს ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ საერთაშორისო დღეა?
– არა მხოლოდ 17 მაისს, არამედ ისედაც სხვა შეხვედრების დროსაც თუ ამ საკითხთან დაკავშირებით არის ხოლმე შეკითხვები, ჩვენ რა თქმა უნდა, ვპასუხობთ. ჩვენ განვმარტავთ, თუ რას ნიშნავს ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა და რამდენად მნიშვნელოვანია ის. დღეს თუ იქნება კითხვა, ასევე განვმარტავთ თუ რა ნიშნავს საქართველოსთვის, მისი კულტურისთვის, მისი ისტორიისთვის, რომ ვიყოთ ტოლერანტულები, ვიყოთ მიმღებლები იმ განსხვავებულობისა, რომლისაც, ასე ვთქვათ, არ უნდა გვეშინოდეს და სწორედ ამის შესახებ არის დღევანდელი დღე.
– ბატონო დავით! ლგბტ ჯგუფის წარმომადგენლები ავრცელებენ განცხადებას, რომ მათ სურდათ, 17 მაისს ჩაეტარებინათ ღონისძიებები, მაგრამ ხელისუფლებისგან ვერ მიიღეს უსაფრთხოების გარანტიები.
– ამის საპასუხო განცხადება უკვე გაავრცელა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ და მე არანაირი საფუძველი არ მაქვს, რომ არ ვენდო მას.
მე, როგორც ვიცი, ბოლო ორი წლის განმავლობაში შედგა ღონისძიებები და თუ წელსაც ექნებოდათ სურვილი, ამაში ხელს არავინ არ შეუშლიდათ. ამის საწინააღმდეგოს ნამდვილად ვერაფერს ვერ ვხედავ.