ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში პროექტ "მონაწილეობითი პრინციპები გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგიისთვის" პრეზენტაცია შედგა. შეხვედრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, მერაბ ჭანუყვაძემ გახსნა.
გამგებლის თქმით, პროექტი აერთიანებს სხვადასხვა ხედვას, ინტერესს, ამასთანავე, სახელმწიფო ორგანოების, კერძო სექტორისა და სამოქალაქო საზოგადოების საჭიროებებს.
"აერთიანებს რა გურიის ყველა მუნიციპალიტეტს, პროექტი ხელს შეუწყობს ადგილობრივი რესურსებისა და რეგიონის ტურისტული პოტენციალის ეფექტურად, სამართლიანად გამოყენებას, რათა მოქალაქეებმა და შემდგომ მომავალმა თაობებმა შეძლონ საარსებო გარემოს შენება მდგრად საძირკველზე", _ თქვა შეხვედრის დასაწყისში მერაბ ჭანუყვაძემ და სიტყვა ევროკომისიის, ევროკავშირის დელეგაციის საქართველოში სახელით დომინიკა სკუბიდას გადასცა.
"ევროკავშირი გახლავთ ამ პროექტის მთავარი დონორი და ამ პროექტისთვის გამოყოფილია 375 000 ევრო. პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ძალიან მოხარულები ვართ ტურიზმის მიმართულებით ვდებთ ინვესტიციას. გურია არის ძალიან ლამაზი მხარე, მე პირადად მოხიბლული ვარ ამ მხარის სილამაზით. პროექტი ხელს შეუწყობს ეკონომიური და სოციალურ წინსვლას გურიის რეგიონში. ეკონომიკის გაძლიერება კი მეტად მნიშვნელოვანია. ეს ასევე ხელს შეუწყობს ადგილობრივებისა და ხელისუფლების ურთიერთობის უფრო დაახლოებას და გაუმჯობესებას. გარდა ამის ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტორი ევროკავშირისთვის სამოქალაქო საზოგადოება ჩაერთვება ამ პროცესში და ფაქტიურად ეს ჩართულობა უკვე დაწყებულია. მინდა ვთქვა, ეს არის ძალიან დეტალურად გაწერილი სამოქმედო გეგმა, რომელიც ზუსტად არის ამ ტურისტული განვითარებისკენ მიმართული რეგიონის", _ აღნიშნა თავისი სიტყვის გამოსვლის დროს დომინიკა სკუბიდამ.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსმა, ნანა თავდუმაძემ კი პროექტის დეტალებზე ისაუბრა.
მისი თქმით, მოხდება გურიის ტურისტული პოტენციალის გამოკვლევა და შეფასება, ტურისტული ადგილების და შესაბამის ბიზნესსექტორების მდგრადი განვითარებისთვის მონაწილეობითი სტრატეგიული და სამოქმედო გეგმების შემუშავება.
პროექტი არასამთავრობო ორგანიზაციების – ოზურგეთის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის და სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან ერთან ხორციელდება
პრეზენტაციას გურიის გუბერნატორი, გია სალუქვაძე, მისი მოადგილე ქეთი მოისწრაფეშვილი, ოთხივე მუნიციპალიტეტის პირველი პირები, არასამთავრობო ორგანიზაციის და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.





































































