ამბროლაურში, სოფელ ძირაგეულში, ამავე სახელწოდების კოოპერატივი "ძირაგეული" მეფუტკრეობითაა დაკავებული. მასში გაერთიანებულია ხუთი მეპაიე და საკუთრებაში 144 სკა აქვთ. მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში კოოპერატივმა დამატებით 100 სკა და თაფლის საწური, სპეციალური ციბრუტი მიიღო.
"მალე ჩვენ სახელმწოფო პროგრამის ფარგლებში 2200 ლიტრის მოცულობის თაფლის შესანახი ავზები გადმოგვეცემა. ეს არის ჩვენტვის უდიდესი დახმარება. რაჭაში მეფუტკრეობისთვის უნიკალური პირობებია _ სუფთა, დაუბინძურებელი გარემო, აკაციის, კუნელის, ცაცხვისა და წაბლის ტყეები, რაც ფუტკარს იზიდავს. უსახსრობის გამო ხალხი ვერ ახერხებდა ფუტკრის მომრავლებას. ახლა ჩვენი უპირველესი მიზანია, მივიღოთ ისეთი თაფლი, რომელიც ანტიბიოტიკებით არ იქნება გაჟღენთილი და ევროპის ბაზარზე წუნს ვერ დადებენ. რომ გითხრათ, რომ საერთოდ არ სწირდება ფუტკარს ანტიბიოტიკი, ასე არ არის. დოზირებულად უნდა ვიხმაროთ, როცა სჭირდება და არ მივცეთ ზედმეტად. გეტყვით იმასაც, რომ ჯერჯერობით ჩვენთან ბიოპრეპარატები არ შემოდის, თავს ნუ მოვიტყუებთ. ჩვენი ფუტკარი, სუფთა გარემო სრულად იძლევა იმის საშუალებას, რომ გონიერი მეფუტკრის ხელში რაჭა ხარისხიანი, მაღალი სტანდარტის თაფლის საბადოდ იქცეს, თაფლის საბადოს კი თაფლის ქარხანაც სჭირდება", _ თქვა "გურია ნიუსთან" საუბარში "ძირაგეულის" მეპაიემ გიორგი ჭელიძემ.
"ძირაგეულის" საკუთრებაში გადაცემულ ციბრუტსაწურში, სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ, კოოპერაციის წევრებთან ერთად, სკიდან ამოღებული ფიჭები ჩაალაგა და თაფლი სიმბოლურად დაწურა.
როგორც "ძირაგეულის" წევრებმა გვითხრეს, ამბროლაურში არსებული არასამთავრობო ორგანიზაცია "პინი" გეგმავს ადგილზე თაფლის ქარხნის აშენებას, რაც ძალიან კარგი ბაზა იქნება სათანამშრომლოდ.
"ძირაგეული", ჯერჯერობით, წარმოებული თაფლის რეალიზაციას ადგილობრივ ბაზარზე ახდენს, თუმცა, "შორს არ არის ის დღე, როცა დაუბრკოლებლად გავალთ ევროპის ბაზარზე" _ გვეუბნება გიორგი ჭელიძე.