სასამართლო განიხილავს კოლეჯის დირექტორის, დავით მჭედლიშვილის გადაწყვეტილებებს თავისი ყოფილი მოადგილის, თამარ კაიკაციშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე. ამის შესახებ ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
“მე შენ არ გამითავისუფლებიხარ, შენ სამინისტრო გათავისუფლებს, ახლა თბილისში ვიმყოფები, რომ აქედან წამოვიღო დამტკიცებული საშტატო ნუსხა, რომლითაც მოხდება შენი გათავისუფლება.
…თუ შენს პოხონდრიებზე ივლი, შენი ახირებული და პრინციპული პოზიციების გამო, ეგ შენი თემაა, ახალგაზრდა გოგო ხარ და მე მაგას არ გირჩევ”…
ასეთი “მამაშვილური” დარიგება მისცა ქობულეთის საზოგადოებრივი კოლეჯის, “ახალი ტალღის” დირექტორმა, დავით მჭედლიშვილიმა თავის ყოფილ მოადგილეს, თამარ კაიკაციშვილს.
_ “გურია ნიუსმა” რამდენიმე დღის წინ, ექსკლუზიურად შემოგთავაზათ იმ აუდიოაჩანაწერის ამონარიდი, რომელიც უწყებათაშორის კომისიას 16 ივლისს გადაეგზავნა.
როგორც თამარ კაიკაციშვილის ადვოკატი, „ახალგაზრდა ადვოკატების“ წარმომადგენელი, არჩილ კაიკაციშვილის აცხადებს, მისი დის გათავისუფლება პოლიტიკური მოტივით მოხდა:
_ თამარ კაიკაციშვილი 2012 წლის 19 ივნისს თანამდებობიდან არასაიმედოობის გამო და პოლიტიკური ნიშნით პოლიტიკური ნიშნით დათხოვნის საფუძველი გახდა ჩვენი ოჯახის ახლო ნათესავის, საექსპერტო წრეებში ცნობილი პოლიტოლოგისა და მიმომხილველის, ბატონ ვაჟა ბერიძის მიწვევა ბიძინა ივანიშვილის მრჩეველთა საბჭოში, რა დროსაც, ბატონმა დავით მჭედლიშვილმა თამარ კაიკაციშვილი ჯერ კიდევ 2011 წლის დეკემბერში დაიბარა.
მიუხედავად გადაგზავნილი აუდიოჩანაწერებისა და სხვა მტკიცებულებებისა, უწყებათაშორისმა კომისიამ ამაზე არც კი იმსჯელა, ძირითადად განათლების სამინისტროს მიერ მიწოდებული პასუხებით შემოიფარგლა და განაცხადა:
„უწყებათაშორისი კომისიის 2012 წლის 31 მაისის რეკომენდაცია ითვალისწინებს წინასაარჩევნო პროცესში ადმინისტრაციულ ორგანოებსა და მათ დაქვემდებარებულ უწყებაში, ასევე საჯარო სკოლებში ოპტიმიზაციის პროცესის შეჩერებას გარდა იმ შემთხვევებისა, როცა სახეზეა დისციპლინარული ან სხვა სახის დარღვევა.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან მოწოდებული ინფორმაციისა და მასალების საფუძველზე ირკვევა, რომ თამარ კაიკაციშვილის შემთხვევაში, სამსახურიდან დათხოვის საფუძველს დისციპლინარული დარღვევა წარმოადგენდა…“
თუმცა, სად შეიძლება მოიპოვებოდეს ისეთი დოკუმენტი, სადაც სამსახურიდან დათხოვის საფუძვლად პოლიტიკური არასაიმედოობა შეიძლება ეწეროს, უწყებათაშორის კომისიას ალბათ, ჯერ არც ამაზე უმსჯელია.
საქმე, რომლითაც არ დაინტერესდა უწყებათაშორისი კომისია, განსაკუთრებულ კონტროლზე აიყვანა ომბუცმენის აპარატმა.
თამარ კაიკაციშვილის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა არჩილ კაიკაციშვილმა საქართველოს პროფესიული განათლების სისტემაში მომხდარი უფლებადარღვევის ფაქტის რეაგირების მიზნით საქართველოს სახალხო დამცველ გიორგი ტუღუშს 2012 წლის 16 და 24 ივლისს მიმართა.
ადვოკატის მიერ სასამართლო პროცესის მონიტორინგის აუცილებლობა დასაბუთებულია იმით, რომ სასამართლო კოლეჯის დირექტორის ინდივიდუალურ–სამართლებრივი აქტების ბათილობასთან ერთად, ასევე განიხილავს მოსარჩელის პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის, დისკრიმინაციულ მდგომარეობაში ჩაყენების ფაქტებსაც.
„სახალხო დამცველის ოფისის განმარტებით, მართალია, მსგავსი საკითხების განხილვა აღემატება საქართველოს სახალხო დამცველის კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებას და სასამართლო განსჯის საგანია, თუმცა სახალხო დამცველის წარმომადგენლები უშუალოდ დაესწრებიან სასამართლო პროცესს და მოახდენენ საქმის მიმართ შინაგანი რწმენის ჩამოყალიბებას.
ადვოკატი ობუდსმენის ოფისს აღნიშნულ გათავისუფლებაში მონაწილე სხვა უფლებამოსილების მქონე პირების მიმართ რეკომენდაციების შემუშავებასაც მოითხოვს, რომლის თაობაზეც, სახალხო დამცველის საპასუხო წერილში ნათქვამია, რომ მათ მიმართ საქმის შესწავლა მიმდინარეობს და შედეგები მოგვიანებით გახდება ცნობილი,“ _ ნათქვამია „ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ თამარ კაიკაციშვილი 2012 წლის 19 ივნისს კოლეჯის დირექტორმა სასწავლო პროცესში დაშვებული ხარვეზების გამო გაათავისუფლა, მოსარჩელე მხარემ კი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 17 ივლისს მიმართა. მხარე გათავისუფლების პოლიტიკურ მოტივებზე საუბრობს და სასამართლო სტადიაზე, იმავდროულად, დავის საგანს დირექტორის მიერ მიღებული ინდივიდუალურ–ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობა და პირის პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის დაცვა წარმოადგენს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოში პირველი განმხილველი სხდომა სექტემბერშია ჩანიშნული. საქმეს მოსამართლე თემურ გოგოხია განიხილავს.