_ რამდენიმე წუთის წინ გვითხრეს, რომ შეგვეძლო გადაღება, მაგრამ მალევე მოვიდა მეგონა საჯაია, რომელმაც გაგვიცხადა, რომ მიხეილ ანჩაბაძის მითითების საფუძველზე ფოტოვიდეოგადაღება უნდა შეგვეწყვიტა, _ აცხადებს ჩვენი ჟურნალისტი.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ უბანზე ხმას პატიმრები აძლევენ. გვეუბნებიან, რომ ნებართვის მისაღებად სასჯელაღსრულების სამინისტროს უნდა დავუკავშირდეთ. უკვე ვესაუბრეთ გიორგი ტუღუშის წარმომადგენელს ნინო ერემაშვილს, რომელიც შეგვპირდა, რომ რამდენიმე წუთში თავად დაგვიკავშირდებოდა. თუმცა, საკმაოდ მნიშვნელოვანი და საინტერესო კადრების გადაღებას ვერ მოვახერხეთ.
მიხეილ ანჩაბაძე, რომელმაც გადაღება აგვიკრძალა, სასჯელაღსრულების სამინისტროს ძველი კადრია და სისტემაში საკმაოდ დიდი გავლენით სარგებლობს. 2006 წლიდან ის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მუდმივმოქმედი კომისიის წევრთა შემადგენლობაში შედიოდა. მაშინ ის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სპეციალური აღრიცხვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი იყო. მასთან ერთად, ამ კომისიაში იყო სასჯელეღსრულების დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარე, დავით ჭაკუა, რომელიც ციხის კადრების გავრცელების შემდეგ სასწრაფოდ გადააყენეს თანამდებობიდან.