ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოფიციალური განცხადებაც გაავრცელა, სადაც აღნიშნული იყო, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ჰქონდა ინფორმაცია რეგიონებში ფულის დარიგების მასობრივი ფაქტების შესახებ. მიღებული ინფორმაციის მიხედვით, მონაწილე პირები ფულის დარიგებისას კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტის სახელით მოქმედებდნენ.
_ შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს არჩევნებში მონაწილე ყველა პოლიტიკურ პარტიას გააკონტროლონ საკუთარი პარტიული სტრუქტურების წარმომადგენლები, რათა არ დაუშვან კანონის უხეში დარღვევა.
იმის გათვალისწინებით, რომ ხვალ ტარდება საპარლამენტო არჩევნები, პოლიცია თავს იკავებს პარტიათა წარმომადგენლების დაბარებისა და დაკითხვისაგან, _ აღნიშნული იყო შსს მიერ გავრცელებულ განცახდებაში.
“გურია ნიუსი” გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსს გურამ ჩანტლაძეს დაუკავშირდა. მისი განცხადებით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.
_ ბატონო გურამ, დაიკითხნენ თუ არა “კოალიცია ქართული ოცნების” კოორდინატორები, რომლებიც გუშინ, დილის 10:00 საათისთვის იყვნენ პოლიციაში დაბარებულები?
_ მაგ საკითხთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს ჩვეულებრივ რეჟიმში, როგორც კი გახდება აუცილებელი, რა თქმა უნდა, დაიკითხებიან, თუ სხვა რამ გაინტერესებთ, პრესსამსახურს მიმართეთ, _ გვითხრა ჩანტლაძემ.
თუმცა, როგორც კოორდინატორებმა გვითხრეს, არჩევნების მეორე დღეს, არცერთი მათგანი პოლიციაში არ გამოცხადებულა და არც არავის დაუბარებია ისევ.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მელექედურის კოორდინატორი ნათელა თოხაძე, “გურია ნიუსთან” აცხადებს, რომ ის პოლიციაში არ გამოცხადებულა.
_თბილისიდან შემატყობინეს, რომ არ უნდა წავსულიყავი და არ მივსულვარ, არც არავინ დამკავშირებია, რომ გამოვცხადებულიყავი.
პოლიციაში არ გამოცხადებულა სოფელ კონჭკათის კოორდინატორი ნარი მუჯირი, რომელიც აცხადებს, რომ სატელეფონო შეტყობინების საფუძველზე არ ჩათვალა საჭიროდ პოლიციაში დასაკითხად მისულიყო.
_ სანამ ოფიციალურად უწყება არ მომივა, არსად არ ვაპირებ მისვლას, მე როგორ დავადგინო ტელეფონზე ვინ დამიკავშირდა? იქნებ პოლიცია არ იყო, _ თქვა ნარი მუჯირმა.
სოფელ ნატანების კოორდინატორი ამირან ბაქანიძე ამ ფაქტს სერიოზულადაც არ აღიქვამს.
_ თავდაპირველად, როცა დამირეკეს და მითხრეს, რომ პოლიციაში მიბარებდნენ, ხუმრობა მეგონა და კიდეც ვუთხრაი, მეხუმრებით მეთქი?_ არაო, მითხრეს. არ მივსულვარ და არც არავინ შემომხმიანებია იმის შემდეგ, _ გვითხრა ბაქანიძემ.