აქციაზე სოფლიდან ჩამოსულ მოსახლეობას თან ლოზუნგები ჰქონდათ: „მოგვეცით მიწა გლეხებს!“, „ნუ დააცარიელებთ სოფელს, ნუ გაგვიყიდით საძოვრებს!“
აქციის მონაწილეებმა სოფლის 75 ჰა. მიწის ფართობის გასხვისება გააპროტესტეს.
თემურ მაკარაძე (ზანათის მცხოვრები): „მიწის ფართობი 49 წლიანი იჯარით გვქონდა სოფელს აღებული და საძოვრად ვიყენებდით. გაიყიდა ეს ტერიტორია და სოფელი დარჩა საძოვრის გარეშე, ეს კი იმას ნიშნავს, რომ სოფლის ხალხი დარჩა მშიერი, რადგან ძირითადი შემოსავალი ჩვენ გვაქვს პირუტყვიდან. ჩვენ მივმართეთ რაიონის გამგეობას, პასუხი წერილობით მივიღეთ, სადაც წერია, რომ აღნიშნული პრობლემის მოგვარება სცილდება მათ კომპეტენციას და გვირჩიეს მივმართოთ ეკონომიკის სამინისტროს. დღეს პირველი აქცია გავმართეთ პარლამენტთან. თუ საკითხი არ იქნა მოგვარებული და დადებითად გადაწყვეტილი, ჩვენ გავაგრძელებთ აქციებს. სხვა გზა იმისა, რომ ყურადღება მოგვაქციოს ვინმემ აღარ დაგვრჩა“.
ზანათელები საძოვრის სოფლისთვის დაბრუნებას ითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში პარლამენტთან საპროტესტო აქციებს განაგრძობენ.






























































