(გურია ნიუსი, ჩოხატაური) _ ჩოხატაურის გამგებლის გამოცვლასთან ერთად, გავრცელდა ინფორმაცია, რომ თანამდებობის დატოვება მოუწევს საკრებულოს თავმჯდომარეს, ანტონ ხუნდაძესაც. ხუნდაძის შემცვლელად ჩოხატაურის პირველი საჯარო სკოლის დირექტორს, დაბა ჩოხატაურის მაჟორიტარ დეპუტატს, მანანა ჯინჭარაძეს ასახელებენ. ანტონ ხუნდაძე ამ ინფორმაციას აბსურდულს უწოდებს და ამბობს, რომ არსად წასვლას არ აპირებს. თავის მხრივ, გავრცელებულ ხმებს არ ადასტურებს მანანა ჯინჭარაძეც:
_ პირველად თქვენგან გავიგე. ნამდვილად არ მსმენია ამის შესახებ არაფერი, _ გვითხრა ჯინჭარაძემ.
გურიის გუბერნატორის მოადგილე, ლელა თავართქილაძე “გურია ნიუსთან” საუბრისას ამბობს, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება:
_ არ არის სწორი. მე მსგავს ინფორმაციას არ ვფლობ, _ აღნიშნა თავართქილაძემ.