(გურია ნიუსი, ლანჩხუთი) _ ლანჩხუთელმა ბალახის ჰოკეისტებმა დიდ წარმატებას მიაღწიეს _ პირველად არსებობის ისტორიაში, საქართველოს თასის მფლობელები გახდნენ! ფინალურ ტურნირს ქუთაისმა 22-23 ნოემბერს უმასპინძლა. თემურ არჩაიას სახელობის თასის გადამწყვეტ ეტაპზე 6 გუნდი მონაწილეობდა. პირველ ჯგუფში მოხვდნენ ლანჩხუთის, აბაშისა და ქუთაისის (უქიმერიონი) გუნდები, მეორეში _ ოზურგეთის, ბათუმისა და ქუთაისის სპორტსკოლის გუნდები. სამწუხაროდ, ოზურგეთელებმა შეჯიბრზე ჩასვლა ვერ მოახერხეს. ლანჩხუთელებმა ჯგუფში ორივე შეხვედრა მოიგეს (აბაშას _ 3:1, ხოლო “უქიმერიონს” _ 6:4 მოვუგეთ) და ფინალში დამსახურებულად გავიდნენ. მეორე ჯგუფში პირდაპირ ნახევარფინალი გათამაშდა _ ქუთაისის სპორტსკოლამ 6:1 მოუგო ბათუმს.
ფინალურ შეხვედრაში ლანჩხუთელებმა 3:1 დაამარცხეს ქუთათურები. საქართველოს თასის მფლობელები გახდნენ: გოჩა კვაჭაძე, რომან გოგელია, ბექა გურგენაძე, ნიკა ჩახვაშვილი, ვაჟა ჩხარტიშვილი, მიხეილ მონიავა, დათო გოგიჩაიშვილი, თავილი რამიშვილი, ნოდარ ბიქტორის ძე იმნაიშვილი, ნოდარ გიას ძე იმნაიშვილი, შერმადინ ხვედელიძე, ავთო გაბაიძე, თემურ ტიკარაძე. გუნდის მწვრთნელები არიან ზაზა რუსიეშვილი და კახა ფირცხალაიშვილი.
გამარჯვებულ გუნდს საქართველოს თასი გადაეცა. ამას გარდა, დაწესებული იყო პერსონალური ჯილდოები _ 5-დან 4 პრიზი ჩვენებურებმა მოიპოვეს. საუკეთესო გოლის ავტორი ნიკა ჩახვაშვილი გახდა, საუკეთესო მოთამაშედ ბექა გურგენიძე დაასახელეს, საუკეთესო მეკარისა და მცველის პრიზები, შესაბამისად, გოჩა კვაჭაძემ და რომან გოგელიამ დაისაკუთრეს.
გუნდი 3-4 წელია, რაც ვარჯიშობს.
_ ლანჩხუთში ჰოკეის გუნდი 1982 წელს ჩამოვაყალიბეთ. 2001, 2003 და 2007 წლებში საქართველოს ჩემპიონები გავხდით. თასი აქამდე არ აგვიღია. ახლა გვყავს 4 გუნდი _ 2 ბიჭებისა და 2 გოგონების. სხვათა შორის, გასულ სეზონში გოგონები ქვეყნის ჩემპიონები გახდნენ. ეწყობა საფესტივალო და ჩვეულებრივი ჩემპიონატები. ამ უკანასკნელში, ასაკი შეზღუდული არ არის, მაგრამ ჩვენი გუნდი ძირითადად მაღალკლასელებითაა დაკომპლექტებული, მხოლოდ ერთი გვყავდა სკოლადამთავრებული, _ ამბობენ ლანჩხუთელ ჰოკეისტთა მწვრთნელები.
წელს ვაჟები ჩემპიონატში მეორე ადგილზე გავიდნენ, ხოლო გოგონები _ მესამეზე. მომავალი წლის სექტემბერში დაგეგმილია საფესტივალო (პატარებს შორის) ჩემპიონატის ლანჩხუთში ჩატარება.
_ გვინდა მივულოცოთ ლანჩხუთელ ქომაგებს ეს წარმატება. აქვე ვისარგებლებთ შემთხვევით და მხარდაჭერის, თანადგომისა და ქომაგობისთვის მადლობას ვუხდით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობას, ბატონებს რევაზ ჩიტიძესა და გია გოგუაძეს, სპორტული ცენტრის დირექტორს მინდია დვალიშვილს, გურიის ჰოკეის ფედერაციის პრეზიდენტს, ბატონ შალვა ბოლქვაძეს, რომელიც, ამავდროულად, საქართველოს ჰოკეის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტია, _ ამბობენ გამარჯვებული გუნდის თავკაცები.