როგორც “გურია ნიუსის” კორესპონდენტი ოზურგეთში ახლადაშენებული კლინიკის მიმდებარე ტერიტორიიდან იუწყება, საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს წუთი წუთზე ელოდებიან.
მისი თქმით, კლინიკის ეზოში შემსვლელებს განსაკუთრებული შემოწმება უტარდებათ. როგორც ის ამბობს, ეზოში შესვლა იმდენად გამკაცრებულია, რომ ბავშვებსაც კი საგანგებოდ ამოწმებენ.
ერთ-ერთი სოციალურად დაუცველი 72 წლის ქალბატონი ეზოში შეღწევის მცდელობის დროს ცუდად გახდა. სასწრაფო დახმარების ბრიგადა, შემთხვევის ადგილზე 15 წუთის დაგვიანებით მივიდა.
პრეზიდენტის შესახვედრად და მადლობის სათქმელად ემზადება ერთ-ერთი ოზურგეთელი ქალბატონი, რომელსაც ოზურგეთის გამგეობამ რამდენიმე თვის წინ სახლი შეუძინა.
ასევე, “ავერსის” მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული არიან სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები, აქვე იმყოფება საჯარო სამსახურებში დასაქმებულთა უმრავლესობა. ამ წუთებში მივიდნენ ჯანდაცვის მინისტრი ანდრია ურუშაძე, რეგიონული განვითარების მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი და გურიის გუბერნატორი ვალერი ჩიტაიშვილი.
“ჟურნალისტებს არ გვაძლევენ მუშაობის საშუალება, ვფიქრობ, პრეზიდენტის ადგილზე ჩამოსვლის შემდეგ, პროფესიული მოვალეობის შესრულება კიდევ უფრო გართულდება”, _ გვითხრა ჩვენმა კორესპონდენტმა.