გურიის გუბერნატორმა ვალერი ჩიტაიშვილმა დღეს ბრიფინგი მოაწყო და იმ პროექტების შესახებ ესაუბრა ჟურნალისტებს, რომელიც 2012 წელს უნდა გახორციელდეს გურიის რეგიონში.
_ ვიცი, როგორ აინტერესებს საზოგადოებას იმის გაგება, თუ რა კეთდება გურიაში. ჩვენ თქვით, რომ საკმაოდ ბევრი რამ გაკეთდება რეგიონში _ მინდა, გაჩვენოთ ის პროექტები, რომლებიც გახორციელდება სამივე მუნიციპალიტეტში. ამ ეტაპზე გაგაცნობთ რამდენიმე პროექტს, რომლის შედგენა უკვე დასრულდა და რომელიც გახორციელდება. გურიაში რომ ბევრი რამ კეთდება, ალბათ, ყველას უნდა გაუხარდეს და უხარია კიდეც. თუ არ უხარია ეს მისი პრობლემაა. ჩვენ ვთვლით 2012, 2013 წელი და ა.შ. იქნება საკმაოდ მნიშვნელოვანი ჩვენი მხარისთვის, _ თქვა ჩიტაიშვილმა.
_ ვთქვით, რომ ურეკის სანაპიროს ზოლზე გაკეთდებოდა ბულვარი, სადაც დამსვენებელი მოწესრიგებულად დაისვენებს. ასევე, დაგეგმილია ურეკი-შეკვეთილის წყალმომარაგების და საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგება. რაც შეეხება ასფალტირებას, ეს დაიწყება მას შემდეგ, რაც დასრულდება წყლისა და კანალიზაციის სამუშაოები.
მარტის ბოლოს, ოზურგეთში დასრულდება იუსტიციის სახლის მშენებლობა. გვინდა, რომ მოვაწესრიგოთ მისი მიმდებარე ტერიტორია. მხოლოდ მოედანზე არ არის საუბარი _ იმ სკვერისა და პარკის აღდგენაზეც ვსაუბრობ, რომელიც ეკლესიის აქეთ მდებარეობს. ასევე, იგეგმება ჭავჭავაძის ქუჩის სრული რეაბილიტაცია, ხოლო რკინიგზის სადგურის რეაბილიტაცია ძალიან მალე დაიწყება. რაც შეეხება თეატრალური მოედნის რეაბილიტაციას, პროექტზე მუშაობა ჯერ დამთავრებული არ არის. ასევე, ჩვენ ეტაპობრივად გაჩვენებთ ყველა იმ პროექტს, რომელიც გახორციელდება გურიაში. _ გვითხრა ჩიტაიშვილმა.
ამის შემდეგ გუბერნატორმა ბახმაროს პროექტზე ისაუბრა: _ კინოთეატრის და რესტორნის არაჩვეულებრივი პროექტია, რომელზეც კვალიფიციური და ძლიერი სპეციალისტები მუშაობენ. ასევე, მუშავდება ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების პროექტი, რომელსაც კერძო ადამიანები, თავისთავად დაინტერესებული პირები, გააკეთებენ, ანუ არის უკვე ამაზე მოთხოვნა. კოტეჯების პროექტები გაკეთდება უსასყიდლოდ. ასევე, უკვე გვაქვს აფთიაქისა და ამბულატორიის არქიტექტურული პროექტები. მინდა იცოდეთ, რომ ყველა ეს პროექტი არის უნიკალური და ეს სამუშაოები დაიწყება ამინდის გაუმჯობესებისთანავე. ძალიან მნიშვნელოვანია, ასევე, ლანჩხუთის სტადიონის სარეაბილიტაციო პროექტი.
_ ბატონო ვალერი, ოზურგეთის სტადიონის გაკეთება როდის იგეგმება?
_ კი, ოზურგეთშიც გაკეთდება. ეტაპობრივად ყველა ინფორმაციას მიიღებთ და გაკეთდება ყველაფერი. ვიცი, რომ საზოგადოებას აინტერესებს თუ რის გაკეთება იგეგმება და მინდა გახაროთ კიდეც _ ბევრი რამე გაკეთდება. რომელიც გაჩვენეთ, ეს არის ნაწილი პროექტებისა, მეორე ნაწილს მაშინვე გაგაცნობთ, როგორც კი მზად იქნება, _ თქვა ჩიტაიშვილმა.