საქართველოს კონტროლის პალატის უწყება ოზურგეთელ ვასილ ბლაგიძეს მოუვიდა, რომელიც არ არის არც ერთი პოლიტიკური პარტიის წევრი და მხარდამჭერი _ იგი ოზურგეთში იმ ოფისის მფლობელია, სადაც “ქართული ოცნებაა” განთავსებული. კონტროლის პალატის წარმომადგენლებმა ბლაგიძე ლანჩხუთში, 3 მაისს 3 საათზე დაიბარეს.
_ მივედი 3 საათზე, დამხვდა ორი პოლიციელი, შემამოწმეს დეტექტორით, დამკითხა კონტროლის პალატის წარმომადგენელმა თენგიზ გეწაძემ.
მომთხოვეს საიჯარო ხელშეკრულება, რომელიც “ქართულ ოცნებასთან” მაქვს გაფორმებული. კითხვები იყო ერთი და იგივე, ისეთი, როგორიც ორი თვის წინ და თანხებს ეხებოდა. თუმცა, დაკითხვის პროცესი სხვანაირად წარიმართა _ ყველაფერი ვიდეოთი დაფიქსირდა, ჩაწერა დაახლოებით, 2 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ვიკითხე, ხელმეორედ დაკითხვას რატომ მიწყობთ, ამ კითხვებზე ერთხელ ხომ უკვე გიპასუხეთ,-მეთქი. მიპასუხეს, ახლა ყველაფერი ვიდეოჩაწერით უნდა დაფიქსირდესო. არ ყოფილა ზეწოლა, არც მუქარა, უბრალოდ დაინტერესდნენ, გავაგრძელებდი თუ არა ხელშეკრულებას “ქართულ ოცნებასთან”. ეს ხელშეკრულება მაისში მთავრდება. მე აღარ მსურს, რომ ფართი გავაქირავო, ჩემი ოფისის გაყიდვა მინდა, რაზეც “ქართული ოცნების” წარმომადგენლები თანახმა არ არიან _ მათ მხოლოდ ქირაობა უნდათ. აქედან გამომდინარე, ხელშეკრულება აღარ გავაგრძელებ, _აღნიშნა “გურია ნიუსთან” საუბარში ვასილ ბლაგიძემ.
ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ოზურგეთიდან დაკითხვაზე, ბლაგიძის გარდა, არავინ ყოფილა.