ყველა ღონისძიება მისასალმებელია, რომელიც თავისუფალი კონკურენციის შეზღუდვის და ხელოვნური მონოპოლიების შექმნის წინააღმდეგ იქნება მიმართული,” _ რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი და საკრებულოს წევრი თინათინ ხიდაშელი თბილისის მერიის მიერ კომპანია “გრინ სერვისთან” გაფორმებული ხელშეკრულების გაუქმების ფაქტს ეხმაურება.
თინათინ ხიდაშელის განცხადებით, რესპუბლიკური პარტია მიესალმება ყველა ფაქტს და გადაწყვეტილებას, რომელიც კორუფციისა და უსამართლობის წინააღმდეგ იქნება მიმართული.
თინათინ ხიდაშელი: “მივესალმებით მერიის გადაწყვეტილებას კომპანია “გრინ სერვისთან” კონტრაქტის გაწყვეტის შესახებ და ვიმედოვნებთ, რომ ამ შემთხვევაში მაინც საქმე ობიექტურად იქნება გამოძიებული და სამართლიანობა გაიმარჯვებს.
კომპანია “გრინ სერვისთან” დაკავშირებული საქმე სერიოზულია, რადგან აღნიშნული კომპანიის მრავალი კონტრაქტი სერიოზული ეჭვის საფუძველს იძლევა.”
ხიდაშელის განცხადებით, საეჭვოა თავად საკუთრების სქემა კომპანიაში, ისევე როგორც კონკურენტების ტენდერებიდან უსამართლოდ ჩამოცილება.
მისი თქმით, ყველა ღონისძიება მისაღებია, რომელიც თავისუფალი კონკურენციის შეზღუდვის, ხელოვნური მონოპოლიების შექმნის, ასევე ფავორიტიზმის წინააღმდეგ იქნება მიმართული.
რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა თინათინ ხიდაშელმა კამპანიის “ელიტური კორუფციის” ფაქტების მხილების ფარგლებში 2011 წლის 22 ნოემბერს ჟურნალისტებსა და საზოგადოებას პრესკონფერენციის საშუალებით აცნობა დედაქალაქის მერიისა და კომპანია “გრინ სერვისის” თანამშრომლობის კორუფციული სქემა.