პრეზიდენტის ორივე ვიზიტი მედიისთვის გასაიდუმლოებული იყო. სახელისუფლებო მედიის სახელით ნამდვილად ვერ ვისაუბრებთ, მაგრამ “გურია ნიუსმა” პრეზიდენტის ვიზიტის შესახებ ორივეჯერ საკუთარი წყაროს მეშვეობით შეიტყო.
იმის გარკვევას, რატომ ასაიდუმლოებენ პირველი პირის ვიზიტს ასე და საერთოდ, ამ ვითარების გათვალისწინებით, რა დატვირთვა აქვს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აკრედიტაციის გავლას, “გურია ნიუსი” პრეზიდენტის პრესსამსახურის უფროსთან, ნათია ბანძელაძესთან შეეცადა: “არ მაქვს ოფიციალური პასუხის გაცემის უფლება და ძალიან გთხოვთ, უხერხულ მდგომარეობაში ნუ მაყენებთ, თავზე ვერავის გადავახტები” _ გაგვიცხადა ქალბატონმა ნათიამ.
“გურია ნიუსის” კითხვაზე, _ ვის შეუძლია გაგვცეს პასუხი პრეზიდენტის ამ გასაიდუმლოებული და მედიისთვის დამალული ვიზიტების შესახებ, ნათია ბანძელაძემ პრეზიდენტის პრესსპიკერთან, მანანა მანჯგალაძესთან გადაგვამისამართა: “მას მობილურზე მიწერეთ, ვინ ხართ, შემდეგ ის მოგწერთ მეილს და გაუგზავნეთ თქვენთვის საინტერესო კითხვები”, _ მედიასთან ურთიერთობის ასეთი საინტერესო და “ეფექტური” მექანიზმი შემოგვთავაზა ნათია ბანძელაძემ.