ამ ინფორმაციის გადასამოწმებლად “გურია ნიუსი” გურიის გუბერნატორს ვალერი ჩიტაიშვილს დაუკავშირდა, რომელიც ჩვენი წყაროს ცნობით, ლანჩხუთში იმყოფებოდა.
_ სად ბრძანდებით, ბატონო ვალერი?
_ მე? ლანჩხუთში.
_ სწორედ ლანჩხუთთან დაკავშირებით მაქვს კითხვა, გავრცელებული ინფორმაციით, თანამდებობიდან გადადგა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელი გია გოგუაძე.
_ (იცინის) ვინ გყავთ ეს ინფორმატორები, ხან ოზურგეთზე ვრცელდება, ხან კიდევ ჩოხატაურზე.
_ ამ წუთებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ილია ვაშაყმაძის გადადგომაზეც საუბრობენ ოზურგეთში.
_ არა, არა. არ გყავთ კარგი ინფორმატორები.
_ არც რამაზ ნიკოლაიშვილის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატობაზე არ გსმენიათ რამე ოზურგეთში? ესეც არ არის მართალი ინფორმაცია?
_ მე არ მაქვს ეს ინფორმაცია.
“გურია ნიუსის” ლანჩხუთის ოფისის ხელმძღვანელის ლალი იმედაიშვილის ინფორმაციით, ამავე მუნიციპალიტეტში საუბრობენ გია გოგუაძის თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე. როგორც ამბობენ, ლანჩხუთის პირველ პირს საყვედური მიუღია 17 ივნისს ოზურგეთში გამართულ “ქართული ოცნების” აქციაზე ლანჩხუთიდან მოსახლეობის დიდი რაოდენობის წასვლის გამო.