ვანო მერაბიშვილი შინაგან საქმეთა მინისტრი აღარ არის და ის ახალი თანამდებობისთვის ემზადება.
ჟურნალისტი ია ანთაძე “გურია ნიუსთან” ამბობს, რომ ვანო მერაბიშვილის გაპრემიერება კიდევ მეტად დაძაბავს პოლიტიკურ პროცესს.
_ ამ ნაბიჯით პრეზიდენტმა, ფაქტობრივად, დაადასტურა, რომ საპარლამენტო სია და შესაბამისად, პარტიული ბრძოლა აზრს კარგავს. წინა პლანზე გამოდის დაპირისპირება საპროტესტო მოძრაობასა და პოლიციას შორის. ალბათ, გახსოვთ, როგორ განაცხადა ვანო მერაბიშვილმა, რომ პოლიციას ნაციონალურ მოძრაობაზე უფრო მაღალი რეიტინგი აქვს. ჰოდა, კოალიცია “ქართულ ოცნებას”, ნაციონალური მოძრაობის ნაცვლად, ფაქტობრივად, აღმასრულებელი შტო და ადმინისტრაციული რესურსი დაუპირისპირდება.
თუმცა, ქვეყანაში ისეთი რთული ვითარებაა, რომ, არ გამოვრიცხავ, პროცესი სულ სხვა სცენარით განვითარდეს. ნებისმიერ შემთხვევაში, სააკაშვილი იძულებული გახდა, პრემიერის პოსტზე ძლიერი ფიგურა დაენიშნა. ეს პირველად მოხდა ჟვანიას გარდაცვალების შემდეგ და პრეზიდენტს ამ ნაბიჯის გადასადგმელად უაღრესად სერიოზული მიზეზი და მოტივაცია უნდა ჰქონოდა. _ გვითხრა ია ანთაძემ.