მმართველი პარტია დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მხარდამჭერების სოციალურ აქტივობას და მათ ფეისბუქის სივრცეში გაერთიანებისაკენ მოუწოდებს. ამ დროისთვის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ვებგვერდი 6517 ფეისბუქის მომხმარებელს აქვს დაიალიქებული.
მმართველი პარტია მოქალაქეებს პარტიული პროექტების მხარდასაჭრად მოხალისედ გაწევრიანებასაც სთავაზობს. ამისათვის ვებგევრდზე სპეციალური ბლანკია განთავსებული, რომლის შევსების შემდეგაც პარტია თავად დაგიკავშირდებათ.
ვისაც ნაციონალური მოძრაობის შესახებ სიახლეების გაგება სურს, სპეციალურ ველში საკუთარი ფოსტის მისამართის დარეგისტრირების შემდეგ, ყოველდღიურად მიიღებს ინფორმაციას პარტიის სოციალური პროგრამების შესახებ.
“იცი, რომ მიმდინარე წლის 1-ლი სექტემბრიდან საქართველოს მთავრობა დამატებით ყველა პენსიონერს, 6 წლამდე ასაკის ყველა ბავშვსა და ყველა სტუდენტს დააზღვევს? უფრო მეტიც, მომდევნო 4 წლის განმავლობაში საქართველოს ყველა მოქალაქე იქნება დაზღვეული. ამისთვის, საქართველოში ბოლო წლებში უკვე 100-ზე მეტი ახალი საავადმყოფო აშენდა. ჩვენს სინამდვილეში, აღმოიფხვრება ისეთი მნიშვნელოვანი პრობლემა, როგორიცაა ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა”, _ ამ შინაარსის გზავნილი “გურია ნიუსის” კორესპონდენტის პირად ფოსტაზეც გამოჩნდა. გზავნილის ავტორი მმართველი პარტიის წაინასაარჩვენო კამპანიის ონლაინ მენეჯერი “გიორგია”, რომლის გვარიც არ სახელდება . სარეკლამო გზავნილი საშუალებას გაძლევთ სპეციალური კურსორით გადახვიდეთ ვებგვერდზე http://metisargebeli.ge/ და გაიგოთ, რა სარგებლის მიღება შეგიძლიათ მმართველი პარტიის მიერ შემოთავაზებული სახელმწიფო დაზღვევის პროგრამისაგან.
ნაციონალური მოძრაობის მეორე საფოსტო გზავნილი სათაურით _ “რისთვის ემზადება ქართული ოცნება”წარმოადგენს პარტიის წინასაარჩვენო კლიპს, რომელიც მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულ პოლიტიკური პარტიების ქცევის წესებს ეხება და რომელზედაც ხელი დღემდე არ მოუწერია “ქართულ ოცნებას”. ამ გზავნილის ავტორიც ვინმე “გიორგია”.
სავარაუდოა, რომ ნაციონალური მოძრაობის ონლაინ -აქტივობას სხვა პარტიებიც მიბაძავენ.