17 სექტემბერს, დღის განმავლობაში, “ნაციონალური მოძრაობის” ჩოხატაურელი აქტივისტები, მათ შორის, ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ვაჟი, ფსევდო “ინფო 9”-ის წარმომადგენლებთან ერთად, ჟურნალისტებს ხელს უშლიდნენ მუშაობაში; ეს ჯგუფი უკან დაჰყვებოდნენ “გურია ნიუსის” თანამშრომლებს, შემდეგ კი რედაქციის შენობამდე მოჰყვნენ.
19:00 საათისთვის, ფსევდო “ინფო-9”-ის ჟურნალისტი რედაქციის კუთვნილ შენობაშიც კი შემოიჭრა და პროვოკაციის გამოწვევა სცადა. ამ ჯგუფს წარმოადგენს ნატო ჩიგოგიძე, რომელიც ჩოხატაურის #1 საჯარო სკოლის დირექტორის, ამჟამად ოლქის #1 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ნაციონალური მოძრაობის კანდიდატის მეგობრის _ ეთერ წილოსანის შვილია. შემოჭრისას მათი მოთხოვნა იყო, “გურია ნიუსის” თანამშრომლებს გამოერთოთ კამერები და “პირად საკითხებზე” გაეცათ პასუხები – ჩიგოგიძე მიიჩნევს, რომ “დედამისი ჟურნალისტების სახსენებელი არაა და “პირში სამმაგი ოდეკოლონი უნდა გამოივლონ, როცა მას ახსენებენ.”
იგი ირონიულად შეხვდა ჩვენს მიერ პატრულის გამოძახებას _ მისი თქმით, “ჩვენს გამოძახებაზე პატრული მაშინვე მოცუნცულდებოდა”. აღსანიშნავია, რომ საპატრულო პოლიციის მოსვლას ნახევარ საათზე მეტი დასჭირდა, მიუხედავად იმისა, რომ პოლიციასა და რედაქციას შორის მანძილი ძალიან მცირეა. მათ დაგვიანებით მოსვლა “ჯგუფის ადგილზე არყოფნით” ახსნეს. აქვე უნდა ითქვას, რომ “ჟურნალისტის” რედაქციის შენობიდან გასვლა, ისევ მისივე ოპერატორისა და მძღოლის, ასევე, ჩვენი კოლეგების ძალისხმევით მოხერხდა პოლიციის მოსვლამდე.
პატრულის თანამშრომლებმა “გურია ნიუსის” ჟურნალისტი დაკითხვაზე დაიბარეს, ხოლო ფსევდო “ინფო-9”-ის ჯგუფი, შემდგომ, კიდევ ორი საათის განმავლობაში რედაქციის შენობის წინ აგრძელებდნენ “პატრულირებას”.
გამომცემლობა “გურია ნიუსი” ყოველთვის მუშაობდა და მუშაობს დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და ობიექტური ჟურნალისტიკის პრინციპებით, თუმცა, ამის მიუხედავად, გამოცემა ხშირად ხდება თავდასხმის ობიექტი – ოფისის მინების ჩამსხვრევის, ჟურნალისტების ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის, ფოტო და ვიდეო კადრების წაშლის, აპარატურის დაზიანების არც ერთი ფაქტი დღემდე არ გამოძიებულა და დამნაშავეები არ დასჯილან, რაც ჩვენს საქმიანობას გაუსაძლისს და სახიფათოს ხდის, დამნაშავეებს კი დაუსჯელობის გარანტიას აძლევს.
მოვითხოვთ, დაცული იქნეს ჩვენი უსაფრთხოება, ამჯერად მაინც, დაისაჯოს ყველა, ვინც შემოიჭრა დამოუკიდებელი მედიასაშუალების ოფისში, მოგვაყენა შეურაცხყოფა და ხელი შეგვიშალა მუშაობაში!