სურმავა, რომელმაც გუშინ სპეციალური მიმართვა გააკეთა და “ქართული ოცნების” წევრების მაკომპრომიტირებელი აუდიო ჩანაწერები იუთუბზე ატვირთა, ოჯახის წევრებს მესამე დღეა, არ უნახავთ.
მისი მეუღლე, მაკა ლობჟანიძე “გურია ნიუსთან” საუბრისას ამბობს, რომ ბესომ წუხელ, მას შემდეგ დაურეკა, რაც მისი კომენტარი მეუღლის გაუჩინარების შესახებ “გურია ნიუსმა” ექსკლუზიურად გაავრცელა.
_ ბესო თქვენთან საუბრიდან მალე დამიკავშირდა უცხო ნომრიდან. არეული ხმა ჰქონდა, სავარაუდოდ, რაღაცის ზემოქმედების ქვეშ იყო. მითხრა რომ კარგად არის და ისე იქცეოდა, როგორც ოჯახისთვის იყო უკეთესი და საჭირო. თუმცა, წარმოიდგინეთ მის მდგომარეობაში მყოფი ადამიანი კარგად როგორ უნდა იყოს, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ლობჟანიძემ.
ლობჟანიძე ყვება, რომ ბესოს ადგილსამყოფელი არ დაუსახელებია და კითხვაზე, რა მოხდა, პასუხი არ გაუცია.
_ ბავშვებიც დავალაპარაკე, მაგრამ მეტი არაფერი უთქვამს. არც ის, სად არის და არც ის, როდის დაბრუნდება, _ ამბობს ლობჟანიძე.
მისივე თქმით, აღნიშნული სატელეფონო ზარის შემდეგ მეუღლე აღარ დაკავშირებია. ბესო სურმავას ამ დრომდე გამორთული აქვს მობილური ტელეფონი.
შეგახსენებთ, რომ სურმავას გუშინ დილის შემდეგ ეძებენ ოჯახის წევრები. მათი ინფორმაციით, ივანიშვილის დაცვის წევრს, ვიდეომიმართვა ხონის პოლიციაში ჩააწერინეს და ამის შემდეგ სადღაც წაიყვანეს.
“ქართული ოცნების” ხონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნიკა ლომინაძე, რომელიც ბესო სურმავას დის ქმარია, ვარაუდობს, რომ მას ჩანაწერი ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ გააკეთებინეს. მისივე თქმით, ხონში სურმავას ჩაყვანა, სავარაუდოდ “ქართული ოცნების” დასაშინებლად გადაწყვიტეს, რადგან ლომინაძის მტკიცებით, კოალიციას ხონში ბევრი მხარდამჭერი ჰყავს.