საკუთარ თავზე მორგებული “სამართალი”, კონტროლის პალატიდან ცესკოში ჩანერგილი კადრები, გასაიდუმლოებული ან არარსებული CV-ები, “ნაცმოძრაობის სამსახურში” მყოფი ტრენერი ბიჭები და კადრების “გამცვლელი “ტყუპი დები _ ასეთია ცესკოსა და კონტროლის პალატას შორის გაფორმებული არაოფიციალური “მემორანდუმის” გაუხმაურებელი დეტალები.
წინასაარჩევნო პერიოდში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, საოლქო-საარჩევნო კომისიების იურისტებისთვის, ტრენინგები იმართებოდა. ამ მისიას, ცესკოსთან არსებული ტრენინგების ცენტრი ახორციელებდა, რომლის ხელმძღვანელი ნათია ზაალიშვილი გახლავთ. ტრენერების შერჩევა კონკურსის წესით ხდებოდა. “სანდო და მდგრადი საარჩევნო ინსტიტუციებისა და პროცესების ხელშეწყობის” პროექტის ფარგლებში, ცესკოსთან ერთად, გაეროს განვითარების პროგრამაც იყო ჩართული.
ამავე პერიოდში, “გურია ნიუსისთვის” ცნობილი ხდება, რომ ტრენერების საკმაოდ დიდი ნაწილი კონტროლის პალატის თანამშრომლებისგან დაკომპლექტდა, რომლებიც, ძირითადად, იურისტები იყვნენ. კონტროლის პალატის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი კი ნატო ზაალიშვილი გახლავთ, რომელიც ნათია მოგელაძესთან ერთად, აქტიურად იყო ჩართული “ქართული ოცნების” შემომწირველთა დაჯარიმების საქმეში.
ნატო ზაალიშვილის მოადგილე, ივანე პეტრიაშვილი ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა, რომელიც შემომწირველების სასამართლო პროცესზე კონტროლის პალატის ინტერესებს იცავდა. დარღვევები, რომლითაც აღნიშნული პროცესები მიმდინარეობდა, ყველანაირ ზღვრულ ნორმას აჭარბებდა.
“ქართული ოცნების” შემომწირველების სასამართლო პროცესიდან გამოსული პეტრიაშვილი, უცებ, ტრენერად იქცა და რაც მთავარია, “შემთხვევით” იმ რაიონში აღმოჩნდა, სადაც თავისი ზემდგომი, ლევან ბეჟაშვილი კენჭს მაჟორიტარად იყრიდა.
დილით _ კონტროლის პალატის თანამშრომელი, შუადღისას _ ტრენერი, საღამოს _ ლევან ბეჟაშვილის მეგობარი და საქმეების მომგვარებელი ივანე პეტრიაშვილი სიღნაღში არაერთ სკანდალურ საქმეში დაფიქსირდა.
“დამოუკიდებელ ტრენერს” ბრალი საარჩევნო ოქმის გაყალბებაშიც დასდეს და სიღნაღის რაიონის მე-13 საოლქო-საარჩევნო კომისიამ, საოლქო-საარჩევნო კომისიის იურისტ ივანე პეტრიაშვილის დავალებით, ვაქირის მე-5 საარჩევნო უბანზე შემაჯამებელი ოქმების გაყალბებასთან დაკავშირებით იმსჯელა კიდეც.
სწორედ პეტრიაშვილი ფიქსირდებოდა ინფო-9 ის მიერ გახმაურებულ ფაქტში, სადაც საუბარი იყო იმაზე, როგორ შევიდა ცესკოს წარმომადგენელი ივანე პეტრიაშვილი “ნაცმოძრაობის” მაჟორიტარობის კანდიდატ ლევან ბეჟაშვილთან ერთად სიღნაღის რაიონულ სასამართლოში, სადაც მოსამართლე ირაკლი ბონდარენკოც იმყოფებოდა, რომელსაც მეორე დღეს, სიღნაღის საოლქო -საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ “ქართული ოცნების” სარჩელი უნდა განეხილა.
როგორც ჩანს, “ქართული ოცნების” წინააღმდეგ გამართულ პროცესებზე “ზრუნვა” პეტრიაშვილის საყვარელი საქმე იყო და გულმა არც სიღნაღში გაუძლო.
ტრენერის უფროსი და ტრენერის ქომაგი ტყუპები დები _ კონტროლის პალატა ცესკოში
ივანე პეტრიაშვილი ცესკოში მივლინებული ერთადერთი ტრენერი არ იყო კონტროლის პალატიდან. კიდევ ერთი მათგანის, პაატა მანჯგალაძის შესახებ “გურია ნიუსი” გაცილებით ადრე წერდა. ალბათ ისიც “შემთხვევით” მოხვდა იქ, სადაც მისივე ყოფილი ზემდგომი – რამაზ ნიკოლაიშვილი იყრიდა კენჭს მაჟორიტარ დეპუტატად.
პაატა მანჯგალაძეს რამაზ ნიკოლაიშვილთან ძველი მეგობრობა აკავშირებდა. მაშინ, როცა რამაზ ნიკოლაიშვილი თავდაცვის მინისტრის მოადგილე იყო, ასევე თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელი პაატა მანჯგალაძე, ტრადიციულად, გურიაში, ცესკოს ეგიდით არჩევნების სამართლიანობას აკვირდებოდა.
2012 წლის არჩევნების შემდეგ, საარჩევნო შვებულებიდან დაბრუნებული პაატა მანჯგალაძე გურიის ვიცე-გუბერნატორად დანიშნეს და ახლა იქ აგრძელებს თავის მოღვაწეობას.
ამ საინტერესო “დამთხვევების” გასარკვევად, “გურია ნიუსი” ტრენინგ ცენტრის ხელმძღვანელს, ნათია ზაალიშვილს დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ ივანე პეტრიაშვილი ტრენერის რანგში 6 აგვისტოდან 6 ოქტომბრის ჩათვლით იყო.
_ ივანე პეტრიაშვილს თქვენთან CV შემოტანილს აქვს, ალბათ…
_ ხო, კი.
_ ჩვენი ინფორმაციით, ეს ის ივანე პეტრიაშვილია, რომელიც კონტროლის პალატის იურიდიული განყოფილების უფროსის მოადგილეა.
_ მერე?
_ ასეა?
_ არ ვიცი CV-ში არ უწერია. კონკურსი როცა ჩატარდა, ჩვენთვის პრიორიტეტი სხვა რამე იყო, კვალიფიკაცია, იურიდიული განათლება და საარჩევნო კანონმდებლობის ცოდნა. მოგეხსენებათ, საჯარო მოხელეებს არ ეკრძალებათ პედაგოგიური საქმიანობა… რაც შეეხება იმას, სად მუშაობს ის, ამ სახის პირადი ინფორმაციის მოთხოვნა ჩვენთვის უფლებამოსილების გადამეტებაც კი იქნებოდა… მე მგონი, თქვენ შეგეძლოთ კიდეც, გაგერკვიათ ან კონტროლის პალატაში, ან პირადად მასთან.
აქ დროებით შევწყვეტთ ნათია ზაალიშვილის კომენტარს ივანე პეტრიაშვილის კვალიფიციურობაზე, რის შესახებაც მან საკმაოდ ხანგრძლივად ისაუბრა.
თუმცა, მაშინ, როდესაც ტრენინგ ცენტრის უფროსი თავგამოდებით იცავდა ივანე პეტრიაშვილს და გვიმტკიცებდა, რომ მასზე არანაირი საჩივარი არ შეუტანიათ და ჭორებზე კომენტარს ვერ გააკეთებდა, ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცოდით, რომ ნათია ზაალიშვილი თავისი დის მოადგილეზე საუბრობდა.
ინტერვიუდან რამდენიმე ხანში დავადგინეთ, რომ კონტროლის პალატის იურიდიული დეპარტამენტის თავმჯდომარე ნატო ზაალიშვილი და ცესკოს ტრენინგ ცენტრის ხელმძღვანელი ნათია ზაალიშვილი ტყუპები არიან და (ერთნაირი ვარცხნილობის შემთხვევაში) “გაჭრილი ვაშლივით” გვანან ერთმანეთს.
ტრენინგ ცენტრის უფროსი სამუშაო ბიოგრაფიას პერსონალურ ინფორმაციას რომ უწოდებს, ერთია და მეორე ისაა, რომ თურმე მან, საკუთარი დის მოადგილე ისე მიიღო ტრენერად, წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, ვინ იყო…
ამ ინფორმაციის გარკვევის შემდეგ, “გურია ნიუსი” კვლავ დაუკავშირდა ნათია ზაალიშვილს:
_ ქალბატონო ნათია, რამდენიმე წუთის წინ გვითხარით, თუ რამე დაგვაინტერესებდა, შეგვეძლო გადმოგვერეკა…
_ დიახ, დიახ, რა თქმა უნდა…
_ გვაინტერესებს, თქვენი დის, ნატო ზაალიშვილის მოადგილე, ივანე პეტრიაშვილი ტრენერად რომ მიიღეთ, არ იცოდით ვინ იყო?
_ (ხანგრძლივი პაუზის შემდეგ) უნდა ვიცნობდე, თამუნა?
_ ალბათ… ივანე პეტრიაშვილი და კიდევ რამდენიმე თანამშრომელი კონტროლის პალატიდან თქვენს მიერ მივლინებული ტრენერები იყვნენ და ეს უბრალოდ დამთხვევა იყო?
_ ძალიან მარტივი კითხვა მაქვს – უნდა ვიცნობდე?
_ მეც მარტივი კითხვა მაქვს: ეს ამბავი არაფერ კავშირშია თქვენი დის საქმიანობასთან?
_ არა, არ არის. კონტროლის პალატის საქმიანობა სულ სხვა რამეა და ტრენერობა _ სულ სხვა, კანონიდან გამომდინარე…
კანონიდან გამომდინარე არა, მაგრამ ლოგიკიდან გამომდინარე, კონტროლის პალატის თანამშრომლების გატრენერების ამბავი აბსოლუტურად გასაგები ხდება. აბსოლუტურად გაუგებარი ისაა, რომელი კანონით დგინდება იმ “ტრენერის” დამოუკიდებლობის ხარისხი, რომელიც ერთ დღეს ოპოზიციურ პარტიას აჯარიმებს, და მეორე დღეს იმ არჩევნებში იღებს მონაწილეობას, სადაც ერთ-ერთ მთავარ ძალას სწორედ მის მიერ დაჯარიმებული პარტია წარმოადგენს.
ამ ყველაფერზე, ალბათ, ცესკოს მოკლე პასუხი ექნება _ “ჩვენ ავსახავთ რეალობას!”
არჩევნებში დამარცხებული და წყობიდან გამოსული ტრენერი
ტრენერი ივანე პეტრიაშვილი და კონტროლის პალატის იურიდიული განყოფილების უფროსის მოადგილე ერთი და იგივე პიროვნება რომ არის, ამას არც კონტროლის პალატაში უარყოფენ.
“გურია ნიუსმა” კონტროლის პალატის პრესსამსახურის უფროსს, ფატი მამიაშვილს მხოლოდ ერთი კითხვა დაუსვა:
_ ქალბატონო ფატი, კონტროლის პალატის იურიდიული სამსახურის უფროსის მოადგილის, ივანე პეტრიაშვილის სახელზე წერილის შემოტანა გვინდა, როგორც ვიცით, ის ცესკოს ტრენერი იყო და დაბრუნდა თუ არა შვებულებიდან?
_ უკვე ჩვეულებრივად მუშაობს, წერილის შემოტანა თუ გინდათ, მობრძანდით და კანცელარიაში ჩააბარეთ.
თავად ივანე პეტრიაშვილთან კომენტარი 16 ოქტომბერს ჩავწერეთ, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ მთელი თავისი კვალიფიციურობით…
_ გამარჯობათ, ბატონო ივანე, “გურია ნიუსიდან” გაწუხებთ ჟურნალისტი თამარ ლეფსვერიძე. თქვენ ცესკოს წარმომადგენელი ბრძანდებოდით სიღნაღში, ხომ ასეა?
_ მე ვერ დავრწმუნდები, რომ ჟურნალისტს ველაპარაკები და არა სხვა გაურკვეველი წარმოშობის ანგარიჟებულ ადამიანს; ამიტომ, თქვენთან საუბარს დავასრულებ.
_ და როგორ დავამტკიცო, რომ ჟურნალისტი ვარ, შემხვდებით?
_ მე გელაპარაკებით ჯერ იმაზე, გავაგრძელო თუ არა საუბარი და თქვენ მისვამთ იმ კითხვებს, რაც თქვენ გაინტერესებთ, ეს არ არის პროფესიონალური ტაქტი, ამიტომ მე ეჭვი მეპარება იმაში, რომ თქვენ საერთოდ ჟურნალისტი ბრძანდებით, არაპროფესიონალურ კითხვებს სვამთ.
_ კითხვა საერთოდ რომ არ დამისვამს, ეგ ვერ შეამჩნიეთ?
_ მშვიდობით, კარგად ბრძანდებოდეთ!
ასე “პროფესიონალურად” დაგვემშვიდობა ივანე პეტრიაშვილი, რომელსაც “გურია ნიუსის” სახელის ხსენებამ, ეტყობა, უახლესი წარსული და სასამართლოსთან დაკავშირებული მომავალი გაახსენა…
ყველაფერი კი ასე დაიწყო…
მარტის დაკითხვები და საიდუმლო შემადგენლობა
წინასაარჩევნო პერიოდში, კონტროლის პალატას მიეცა ახალი უფლებამოსილება, განეხორციელები¬ნა კონტროლი პარტიების დაფინანსებაზე. 2012 წლის მარტში, ამ სახელმწიფო უწყებამ მოქალაქეთა მასობრივი დაკითხვები მოაწყო. ოფიციალური წერილის თანახმად, რომელიც “გურია ნიუსმა” კონტროლის პალატისგან მიიღო, ახსნა-განმარტების მისაცემად კონტროლის პალატაში 295 ადამიანი დაიბარეს. ეს ადამიანე¬ბი საკუთარ ფულს პოლიტიკურ გაერთიანებებს სწირავდნენ ან სრულიადაც არ ჰქონდათ კავშირი პოლიტიკურ პარტიებთან.
დაკითხვები დაშინების, შანტაჟისა და ადამიანთა უფლებების დარღვევის ფონზე მიმდინარეობდა. კონტროლის პალა¬ტის ქმედებები ნაკლებად ჰგავდა პოლიტიკური პარტიების ფინანსების მონიტორინგს და ის პოლიტიკური ნიშნით მოქალაქეების დევნაში გადაიზარდა.
ინფორმაციას იმის შესახებ, თუ ვინ იყვნენ კონტროლის პალატის თანამშრომლები, რომლებმაც ორ დღეში 295 პირი დაკითხეს, დღემდე გასაიდუმლოებულია.
6 თვის განმავლობაში, “გურია ნიუსი” უშედეგოდ ელოდებოდა კონტროლის პალატისგან პასუხს ნათია მოგელაძის თანამშრომლების ვინაობისა და მათი სახელფასო სარგოს შესახებ. პასუხი საჯარო უწყებისთვის არაპროფესიონალურის გარდა, არაადეკვატურიც იყო _ თურმე, საჯარო მოხელეების ვინაობა პერსონალურ ინფორმაციას შეიცავს და მისი გასაჯაროება არ შეიძლება.
“გურია ნიუსის” მიერ ლევან ბეჟაშვილის სახელზე შეტანილ საჩივარს, მოგელაძის თანამშრომლების ვინაობის და ხელფასების მოთხოვნით, კონტროლის პალატის იურიდიული დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ივანე პეტრიაშვილი იხილავდა. მოხდა უპრეცედენტო რამ: პეტრიაშვილმა განხილული საჩივარიც კი გაასაიდუმლოვა და გამოტანილი გადაწყვეტილების პასუხიც. ამჯერად, საქალაქო სასამართლოს, მეტად უცნაური საქმის განხილვა უხდება “გურია ნიუსის” სასარჩელო მოთხოვნით _ დაევალოს საქართველოს აუდიტის სამსახურს 2012 წლის 25 მაისს განხილული საჩივრის შედეგის გადმოცემა. არადა, განხილულ საჩივარზე რაიმე სახის შედეგი რომ უნდა დადგეს და განმხილველმა ის რომ არ უნდა გაასაიდუმლოვოს, პირველკურსელმა იურისტმაც კი იცის. ეს მაშინ, როცა ნათია ზაალიშვილი გვიმტკიცებდა, რომ პეტრიაშვილი მაღალი კვალიფიკაციის მიხედვით შეირჩა.