გუშინ, დღის საათებში, ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძარში, უამრავი თვითმხილველის თვალწინ, 45 წლის სოსო ჩიქობავა განსაკუთრებული სისასტიკით მოკლეს. მას ხუთი ტყვია ჰქონდა ნასროლი, მეექვსე _ საკონტროლო.
მკვლელობამდე 2 დღით ადრე, 23 ნოემბერს, გიორგობის დღესასწაულზე, სოსო ჩიქობავა “გურია ნიუსის” რედაქციაში იმყოფებოდა. ის ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში ხშირად გვსტუმრობდა და იყო ჩვენი არა მხოლოდ რესპოდენტი, არამედ კონსულტანტი და მრჩეველი.
ჩვენს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ძალიან მნიშვნელოვანი მასალები, რომელიც კონტროლის პალატაში მიმდინარე სამართალდარღვევებს ეხებოდა, სწორედ მისი დახმარებით და მის მიერ მოწოდებულ ინფორმაციებზე დაყრდნობით დაიწერა. მიუხედავად იმისა, რომ მას კარგად ჰქონდა გათვიცნობიერებული, რომ პიროვნებები, რომლებზედაც ის საუბრობდა, დღესაც მაღალ თანამდებობებზე რჩებიან, უკან არ დაუხევია. თუმცა, კარგად ჰქონდა გათვითცნობიერებული, რომ გარკვეულწილად, თუნდაც იმის აფიშირება, რომ ის იყო ინფორმაციის მატარებელი, საფრთხეს შეიცავდა. ამის შესახებ ის წერდა კიდეც და მომდევნო მასალაში, რომელიც ამ მასალის გამოქვეყნებიდან რამდენიმე წუთში დაიდება, მკითხველს ვაცნობებთ კიდეც.
სოსო ჩიქობავას მკვლელობა, ისე, რომ სხვა ოფიციალური ვერსია არც კი განხილულა, გამოძიებამ რიგით საყოფაცხოვრებო დავას დაუკავშირა: “2012 წლის 25 ნოემბერს ქ. თბილისში, ნინოშვილის ქუჩა #24ა-ში მდებარე ე.წ. ალექსანდრე ნეველის სახელობის რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავალჯერადი გასროლით მოკლული იქნა ქ. თბილისში მცხოვრები, 1969 წ. დ. სოსო ჯემალის ძე ჩიქობავა.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული იქნა 6 ცალი გასროლილი მასრა.
წინასწარი ინფორმაციით, დგინდება რომ გარდაცვლილ ს. ჩიქობავას ბინასთან დაკავშირებით კონფლიქტი ჰქონდა ნიკოლოზ ხუბაშვილთან, რომელიც წლების განმავლობაში გრძელდებოდა.
მომხდარიდან რამდენიმე საათში დაკავებული იქნა ქ. თბილისში მცხოვრები, 1955 წ. დ. ნიკოლოზ მარსელის ძე ხუბაშვილი.
დაკავებულმა დანაშაული აღიარა. ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი. საქმეზე გრძელდება წინასწარი გამოძიება”, _ ეს არის ოფიციალური ვერსია.
გავრცელდა მკვლელობაში ეჭვმიტანილის აღიარებითი ჩვენებაც.
მკვლელობის ოფიციალური ვერსიის გავრცელებისთანავე, “გურია ნიუსს” დაუკავშირდა კონტროლის პალატის ყოფილი თანამშრომელი ნუგზარ ნაჭყებია, რომელიც აცხადებს, რომ მისი ვერსიით ეს მკვლელობა შეკვეთილია და სოსო ჩიქობავას მიერ გაკეთებულ ბოლოდროინდელ განცხადებებს და მის მიერ მიცემულ ინტერვიუებს უკავშირდება.
ნუზარ ნაჭყებია: არ მინდა დავიჯერო, რომ სოსო ჩიქობავა მოკლეს; სოსოს დიდი ხანია, 1993 წლიდან ვიცნობ. სულ ახალგაზრდა იყო, რომ მოვიდა და მას შემდეგ კონტროლის პალატაში მუშაობდა. სულ რამდენიმე თვის წინ გაათავისუფლეს სამსახურიდან. ძალიან წესიერი, ძალიან კარგი სპეციალისტი და არაკონფლიქტური პიროვნება იყო. ზოგადად გეტყვით, რომ კონრტოლის პალატის რევიზორები უამრავ ინფორმაციას ფლობენ, მაგრამ მხოლოდ მცირე ნაწილი ბედავს, არ დამალოს ეს ინფორმაცია; სოსო არ იყო ისეთი პიროვნება, რაღაცა დაემალა.
ჩემი ვერსიით, მისი მკვლელობა წინა ხელისუფლების მიერაა შესრულებული. კონტროლის პალატაში მის მიერ შემოწმებულ მასალებს ეტყობა არავინ მიაქცია ყურადღება და აქედან გამომდინარე, იძულებული იყო პრესით გამოექვეყნებინა. ამან, ალბათ, გააღიაზიანა კონტროლის პალატის ხელმძღვანელობა. მე მის მკვლელობას ვუკავშირებ სოსოს მიერ ბოლო დროს გაკეთებულ განცხადებებს. წავიკითხე და შემძრა იმ ინფორმაციებმა. ალბათ, სოსო კიდეც ფლობდა ინფორმაციებს. ამ ინფორმაციების საფუძველზე, ჩემი აზრით, სისხლის სამართლის აღძვრა შეიძლება კონკრეტულ პიროვნებებზე; იმედია, სათანადო ორგანიოები დაინტერესდებიან და მიიყვანენ ლოგიკურ დასასრულამდე. ვწუხვარ, ვწუხვარ ასეთი ახალგაზრდა კაცის საზარელი მკვლელობით.
_ ოფიციალური ვერსიით სოსო ჩიქობავას მკვლელობას საყოფაცხოვრებო ნიადაგზე დავას უკავშირებენ…
_ არ ვიცი, ამაზე ვერ გავაკეტებ კომეტარს. სოსო პიროვნულად წესიერების განსახიერება იყო – სხვისას ის არ მიისაკუთრებდა და არც თავისას დათმობდა. ეს ყველაფერი მოგონილი ჭორი მგონია…
_ თქვენ ხომ არ იცით რატომ გაათავისუფლეს სოსო ჩიქობავა კონტროლის პალატიდან?
_ იცით, 8 წელიწადია იქიდან გადაყენებული ვარ და ზუსტ მიზეზს ვერ გეტყვით. მე ამას წინათ ვიყავი მისული და, რა გლდანის ციხეში შესულხარ და რა კონტროლის პალატაში, ძლივს შევედი! ყველა თანამშრომელი თავის ოთახშია ჩაკეტილი, ყველგან ვიდეო კამერებია დაყენებული, არავის არ აქვს უფლება ოთახიდან გამოვიდეს, ვინმეს გადაულაპარაკოს… კონტროლის პალატაში ძველი კადრები გაშვების ტენდენცია იყო. გამიკვირდა, სოსო ამდენი ხანი რომ მუშაობდა. ეს არ იყო ადამიანი, რომელიც შეკვეთებზე ივლიდა და არც დადიოდა შეკვეთებზე – როდესაც ობიექტს შეამოწმებდა, წერდა ზუსტად იმას, რასაც იქ ნახულობდა. ალბათ, აქედან გამომდინარე, ისიც მოიშორეს იქედან.
_ სოსო ჩიქობავას მკვლეობას ხომ არ უკავშირებთ ბოლო დროს კონტროლის პალატის თანმშრომლის დაკავებას?
_ არ ვიცი უშუალო კავშირი არის თუ არ არის, მაგრამ არ გამოვრიცხავ. ლევან ბეჟაშვილი, თვითონ პიროვნულად წესიერი კაცის შთაბეჭდილებას ტოვებს, მაგრამ ის მხოლოდ შეკვეთების შემსრულებელია. ბეჟაშვილს ჰყავდა მოადგილე – ერთი გაუნათლებელი ბიჭი, ბოტკოველი; ის იყო ყველა ავან-ჩავანის გამკეთებელი. იმას უფრო ვუკავშირებ. ბოტკოველი უნდა დაიკითხოს და ბევრი რაღაცის გამოვლენა შეიძლება. ბოტკოველს დაატარებს ხოლმე ლევან ბეჟაშვილი ყველგან. კონტროლის პალატაში მიიყვან, წავიდა კახეთში – წაიყვანა იქ. ბოტკოველი ყოველთვის შავი საქმეების გამკეთებელია და იქედან გამომდინარე. უკრინაშიც კი იყო ბოტკოველი წასული არჩევნების გასაყალბებლად. ეს ამბავი პრესაში გავრცელდა და იქედან ვიცი.
აუდიტის სამსახურში, ახლა, კრიმინალების ბანდაა შეყრილი; თუ გინდათ, მოგელაძე აიღეთ!
დარწმუნებული ვარ იმაში, რომ სოსო ჩიქობავას მკვლელობა კონტროლის პალატის საქმიანობას უკავშირდება. რადგან ის მუშაობდა კონტროლის პალატაში, დადიოდა რევიზიებზე, სამეგობრო წრე ძირითადად ისევ კონტროლის პალატიდან ჰყავდა. არ იყო ისეთი ბიჭი რომ რამე დაემალა. იცოდნენ რომ ვერ გააჩუმებდნენ და მოკლეს. ეს არის წინა ხელისუფლების გაკეთებული. მნიშვნელოვანი მოწმე მოიშორეს, რადგან ძალიან ბევრზე იტყოდა სიმართლესდა. ეს ყველაფერი უკავშირდებოდა სოსოს საქმიანობას კონტროლოს პალატაში და იმას, რომ ის არ ჩერდებოდა.
მე ამას ვუკავშირებ კონტროლის პალატის ყოფილ უფროსს ბეჟაშვილს, მის მოადგილეს – ბოტკოველს, რომელსაც ყველგან დაატარებს ბეჟაშვილი, მოგელაძეს და ვუკავშირებ ახლა დაჭერილ იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს პეტრიაშვილს. კონტროლის პალატის ნებისმიერი რევიზორი არის უდიდესი ინფორმაციის მატარებილი და ეტყობა, არ უნდათ სხვებიც ალაპარაკდნენ.
_ თქვენ ივანე პეტრიაშვილს გულისხმობთ?
_ დიახ. მე არ ვიცნობ ივანე პეტრიაშვილს, მაგრამ იურიდიული დეპარტამენტი ყოველთვის მნიშვნელოვანი დეპარტამენტი იყო კონტოლის პალატაში, რადგან მისი ვიზის გარეშე, ბრძანება არ იწერება და ყველა რევიზიის საქმის კურსშია. ისინი აძლევენ შემდეგ ვიზირებას პროკურატურაში წავიდეს თუ არ წავიდეს საქმე.
_ თქვენ ფიქრობთ, რომ სოსო ჩიქობავა ფლობდა სერიოზული სახის ინფორმაციას და ამის გამო, შესაძლებელია იგი მოეშორებინათ თავიდან?
_ ასი პროცენტით დარწმუნებული ვარ! იმ მასალებიდან გამომდინარე, რომელსაც სოსო ფლობდა, ნაწილი გამოაქვეყნა, ნაწილი იქნებოდა გამოსაქვეყნებელი. იქ დასახელებული იყო და იქნებოდა კონკრეტული პიროვნებები, რომ არ დაესახელებინა და ცოცხალი მოწმე რომ არ ყოფილიყო; ამიტომ, ფიზიკური ლიკვიდაცია მოახდინეს.