ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნაციონალების ფრაქცია ოთხმა დეპუტატმა დატოვა და ახალი ფრაქციის “ქართული ოცნების” შექმნაზე დაიწყო ფიქრი. შესაბამისი დოკუმენტიც მომზადდა და ხელმძღვანელად, სოფელ ასკანის მაჟორიტარი დეპუტატი, ლევან ნინიძე დასახელდა. საკრებულოში შეტანილი განცხადება ძალიან მალე უკან გამოიტანა თავად ლევან ნინიძემ, რის შემდეგ “გურია ნიუსისთვის” გახდა ცნობილი, რომ ფრაქციას ოპოზიციონერი დეპუტატი, თემურ სალუქვაძე უხელმძღვანელებდა. ამის შემდეგ, ჩვენი წყაროს ინფორმაციით, საკრებულოდან უფლებამოსილება მოიხსნა თემურ სალუქვაძემ და ის თბილისში წავიდა _ “გურია ნიუსის” ინფორმაციით, ის “თავისუფალ დემოკრატებში” ერთ-ერთ მნიშვნელოვან თანამდებობაზე დანიშნეს.
ასე იყო თუ ისე, 26 ნოემბერს ახალი ფრაქცია შეიქმნა და მას ლევან ნინიძე უხელმძღვანელებს.
_ ბატონო ლევან, რატომ გაიტანეთ განცხადება საკრებულოდან _ აღარ გსურდათ ფრაქციის თავმჯდომარეობა?
_ რაღაც შეუთანხმებლობა იყო გასაწევრიანებელ ხალხს შორის, შემდეგ ბატონი თემურ სალუქვაძე წავიდა, უფლებამოსილება მოიხსნა. ამან გამოიწვია გარკვეული შეუთანხმებლობა.
_ მორალურად რამდენად გქონდათ უფლება, ყოფილი “უმრავლესობიდან” წასვლის შემდეგ, ფრაქცია “ქართული ოცნება” შეგექმნათ?
_ მე გიპასუხებთ ასე _ ლელა ნაცვალაძეს ჰქონდა ფრაქციის შექმნის მორალური უფლება, რომელიც ნოღაიდელის პარტიიდან არის საკრებულოში შესული?
_ ბატონო ლევან, მე თქვენ გეკითხებით, რომელმაც ფრაქცია უმრავლესობა დატოვეთ…
_ მე ვიყავი სოფლის მაჟორიტარი დეპუტატი.
_ ფრაქციაში ხომ იყავით?
_ ფრაქციაში? უმრავლესობის ფრაქციაში კი ვიყავი.
_ რატომ დატოვეთ ფრაქცია?
_ მიზეზი ახლა, როგორ ვთქვათ, დავინახე ეს ახალი მთავრობა, როდესაც მე გავხდი დეპუტატი, მაშინ არც ყოფილა “ქართული ოცნება”.
_ როგორც ვიცი, საპარლამენტო არჩევნებში “ქართული ოცნების” მხარდამჭერი არ იყავით და არც ამ კოალიციის სასარგებლოდ გიმუშავიათ.
_ არა, არასდროს ვყოფილვარ დიდად ჩართული არჩევნებში და არც ხალხს დავდევდი, მხარი დაეჭირა ამა თუ იმ პარტიისთვის. მე მომწონს ამათი პროგრამა.
_ კონკრეტულად რა მოგწონს?
_ სამართლიანობის აღდგენის პროცესი, რომელიც ძალიან ინტენსიურად მიდის, ყოველ შემთხვევაში, მე ასე ვხედავ და აგრეთვე ის სოციალური საკითხები, რომლის მოგვარებას დაჰპირდა ჩვენი ახალი ხელისუფლება საზოგადოებას, ალბათ, გააკეთებს და თუ “ქართული ოცნება” არ შეასრულებს დანაპირებს, მაშინ მისი მოწინააღმდეგე გავხდები.
_ და ისევ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერი გახდებით?
_ არა, იქ აღარ დავბრუნდები.