“დღეს ის უფლებას აძლევს თავს პოლიციელებს კორუმპირებულები უწოდოს და განაცხადოს, რომ პოლიციაში ნარკობარონებმა დაიმკვიდრეს ადგილი“, _ განაცხადა საგანელიძემ.
მისივე მოსაზრებით, თუ პარლამენტის წევრები აბარებენ ნარკოტიკზე თმის ღერის გამოკვლევის ტესტს, იგივე ტესტი პრეზიდენტმაც უნდა გაიაროს. საგანელიძის თქმით, პრეზიდენტი არ უნდა საუბრობდეს იმ პოლიციელების უმოქმედობაზე, რომლებმაც იგი ინციდენტის დღეს მერიის შენობის უკანა კარიდან გააპარეს.
საგანელიძემ ჟურნალისტებს გამოძიების მასალები გააცნო, რომელსაც ქუთაისის რაიონული სამმართველო აწარმოებს. მისი განმარტებით, დაკავებულია 5 ადამიანი, მათ შორის, ერთი- პრეზიდენტის ავტომანქანისთვის ქვის სროლის გამო. საგანელიძე თვლის, რომ მოქალაქეების პროვოცირება უმცირესობის წარმომადგენელმა დეპუტატმა, აკაკი მინაშვილმა მოახდინა, რომელმაც ქუთაისელებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
“თუ ის 5 ადამიანი უნდა დაისაჯოს, მაშინ უნდა დაისაჯოს ის პირიც, ვინც ამ ინციდენტის ინსპირირება მოაწყო და ვინც ეს პროცესი გამოიწვია“, _ განაცხადა საგანელიძემ.
პრესკონფერენციაზე საგანელიძემ ისაუბრა უმცირესობის წარმომადგენლის შოთა მალაშხიას ავტომანქანის მძღოლის დაჯარიმების თაობაზეც, რომელსაც მოლაშხიას მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა.
“წესრიგი ყველამ უნდა დაიცვას, მათ შორის დეპუტატებმაც. პატრულმა მოძრაობის წესის დარღვევისას მეც გამაჩერა და დამაჯარიმა, მაგრამ მადლობა გადავუხადე, რომ ასე პირნათლად ასრულებს მისთვის დაკისრებულ სამსახურებრივ მოვალეობას“, -განაცხადა დავით საგანელიძემ.