_ ბატონო უჩა, თქვენ მოინახულეთ ბაჩო ახალაია და ირაკლი ოქრუაშვილი, რა პრეტენზიები აქვთ მათ ციხის ადმინისტრაციასთან?
_ ორი დღის წინ შევხვდით ორივე მათგანს. მათ პრეტენზია აქვთ ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე, საკანში აქვთ ტელევიზორები, მაგრამ უჩვენებს მხოლოდ მხატვრულ ფილმებს, გასართობ პროგრამებს. ისინი ითხოვენ საინფორმაციო არხებზე წვდომას.
გარდა ამისა, ოქრუაშვილი ცუდ კვებას უჩივის. ამბობს, რომ საკვები ისეთია, რომელსაც რეალურად ვერ ჭამს. იგი ითხოვს, მისცენ უფლება, თვითონ მოამზადოს საჭმელი. ამბობს: ,,მე ვარ კარგი კულინარი, მოვიტან საჭმელს და შემიძლია მე თვითონ მოვამზადო.” ჯერჯერობით, ამაზე პასუხი არ მიუღია.
ოქრუაშვილს უნდოდა გამეხმოვანებინა მისი ნათქვამი, რომელიც მისი დაკავების მოტივებს ეხებოდა. ის პირდაპირ შინაგან საქმეთა სამინისტროს ადებს ხელხს. იგი ამბობს, რომ შსს დაინტერესებული მისი იზოლირებით და სურთ, რომ იჯდეს სპყრობილეში.
– ირაკლი ღარიბაშვილს გულისხმობს?
_ კონკრეტული გვარები არ უთქვამს, მაგრამ ამბობს, რომ შსს-ს თანამშრომლები და უწყება არის დაინტერესებული, რომ რაღაცნაირად შეძლონ, ზუსტად არ ვიცი, მისი განეიტრალება, თუ პოლიტიკური პროცესებიდან ჩამოშორება.
_ რატომ აქვს ოქრუაშვილს ასეთი განცდა?
_ არ ვიცი. მან თქვა, რომ ეს არის მისი შინაგანი ინტუიცია და არის გარემოებებიც, რაც ასეთი განცხადების გაკეთების საფუძველს აძლევს.
_ ბაჩო ახალაის თუ აქვს რამე პრეტენზიები?
_ არა. არანაირი. ის ძალიან მშვიდად იყო. ძალიან კარგად აღიქვამდა ყველაფერს. მისი განცხადებით, საქმე არ არის კარგად გამოძიებული და არის „შეკერილი“. იმედი აქვს, რომ რაღაც პერიოდის შემდეგ, შესაძლოა ეს ყველაფერი გახდეს ცნობილი და გათავისუფლდეს.
_ ბოლო დროს დაკავებულ თითქმის ყველა მაღალჩინოსანს და ჩინოვნიკს, სასამართლომ აღმკვეთ ღონისძიებად გირაო შეუფარდა, გამონაკლისი მხოლოდ ბაჩო ახალაია და ირაკლი ორუაშვილი აღმოჩნდა.
თქვენი აზრით, რატომ მოხდა სასამართლოს და საგამოძიებო ორგანოების მხრიდან ამ ადამიანების გამორჩევა?
_ ეს ძალიან საინტერესო და ლეგიტიმური კითხვაა. როდესაც ჩვენ ვიკვლევთ ამ მასალებს და ვსწავლობთ, აქ სწორედ ეს კითხვა ჩნდება და გვაინტერესებს, რის საფუძველზე მოხდა ერთ შემთვევაში გირაოს, მეორე შემთხვევაში _ წინასწარი დაკავების გამოყენება აღკვეთი ღონისძიების სახით?! ამაზე შევისწავლით და ვნახავთ მასალებს, რადგან უნდა ვიცოდეთ საფუძველი. ამ კონკრეტულ საკითზე მეტი ინფორმაცია და სიცხადე უნდა იყოს.
– როლანდ ახალაიას ხომ არ ჰქონდა თქვენთან შეხვერა მისი შვილის ბრალდებებთან დაკავშირებით?
_ არა. მაგრამ შემხვდნენ ადვოკატები. მასალები მოგვაწოდეს ამ საქმესთან დაკავშირებით.
(ფოტო: ამბები.გე)