შემადგენლობა განისაზღვრა 15 წევრით. კოალიცია “ქართულმა ოცნებამ” “კომისიას” ზაზა ურუშაძის “ჯიბის კომისია” უწოდა, გამოუცხადა უნდობლობა და პრესით გავრცელებულ განცხადებაში შეაფასა იგი დამარცხებული “ნაციონალური მოძრაობის” რეანიმაციის მცდელობად. კოალიციამ მოუწოდა კომისიის წევრებს დაეშალათ შექმნის საათიდან დისკრედიტირებული კომისია. 15 -სუბიექტიანი ორგანო დატოვა მისმა 8 წევრმა. გადაწყვეტილების მიღება კი სიითი შემადგენლობის ორ მესამედს შეუძლია. ამრიგად, კომისია არაქმედითუნარიანი გახდა და იგი დაშლილად უნდა გამოცხადდეს. საზოგადოებაში არსებული მოლოდინი კომისიის დაშლის შესახებ არ გამართლდა.
კომისიის თავმჯდომარე ზვიად აფხაზავა პრეზიდენტის 2009 წლის 5 თებერვლის ბრძანებულებას იშველიებს, რომლის მეშვიდე მუხლის მეექვსე პუნქტი პირდაპირ განსაზღვრავს რა შემთხვევაში შეიძლება დაიშალოს კომისია _ ეს მხოლოდ მაშინ მოხდება, თუ კომისიას დატოვებს ყველა წევრი.
კომისიის თავმჯდომარის განმარტებით, ახალი წევრების გასვლის გამო, ბრძანებაში შევიდა ცვლილება, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია სხდომის მიმდინარეობისთვის.
კონკურსში მონაწილე 106 კანდიდატიდან კომისიამ შეარჩია 5 კანდიდატი, რომლებიც სრულად აკმაყოფილებდნენ კონკურსის მოთხოვნებს. ესენია: აპოლონ წილოსანი, რომან ბიწაძე, ზაზა ურუშაძე. დანარჩენი ორი კანდიდატის შესახებ ლანჩხუთელებმა არაფერი იციან; მერაბ სერგოშვილი ბათუმელია, ხოლო დარჩენილ კონკურსანტთა შორის წარმოდგენილი ერთადერთი ქალბატონი, ირინა ფირცხალავა _ აბაშიდანაა.
დღეს კომისია გამგეობის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნებს შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატთა სიას, ხოლო თავად კონკურსანტებს წერილობით ეცნობებათ, მეორე ტურში გადასვლის შესახებ.
იმ კანდიდატებისთვის, რომლებმაც კონკრეტული მიზეზების გამო ვერ გადალახეს პირველი ეტაპი, განისაზღვრება გასაჩივრების ვადებიც. მათ შესაძლებლობა ექნებათ თავად გაერკვნენ, იმ მიზეზებში, რომელთა გამო ვერ გადალახეს კონკურსის პირველი ეტაპი.
ამ ვადების ამოწურვის შემდეგ დაიწყება კონკურსანტის ფურცლის გაცემა და დაინიშნება გასაუბრება. ზვიად აფხაზავა ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ კონკურსანტი არ წაიღებს ე. წ. ,,კონკურსანტის ფურცელს”, ის ავტომატურად მოიხსნება კონკურსიდან.
ლანჩხუთელ პოლიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ საკონკურსო-საატესტაციო კომისია “ნაციონალური მოძრაობის” რეაბილიტაციას ემსახურება. კომისიის დიდი ნაწილი საკრებულოს უმრავლესობითაა დაკომპლექტებული. მაგალითად, კომისიის 9 წევრიდან 5 – ზვიად აფხაზავა, ამირან გიგინეიშვილი, გოჩა ჯანაშია, ილო გვარჯალაძე, დავით ჩხაიძე ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრები არიან. თუმცა, კომისიის თავმჯდომარე ამტკიცებს, რომ ამირან გიგინეიშვილი წარმოდგენილია არა როგორც საკრებულოს წევრი, არამედ როგორც არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი. კომისია უკვე დატოვეს საზოგადოებრივ საწყისებზე შერჩეულმა წევრებმა, რომლებიც კომისიის დატოვების ერთადერთ მიზეზზე საუბრობენ _ მათ არ სურთ ვინმეს პოლიტიკური მიზნების გახორციელების ინსტრუმენტად იქცნენ.
კოალიცია “ქართულმა ოცნებამ” ადგილობრივი პრესით საჯარო განცხადება გააკეთა, რომ ემიჯნება კომისიის მუშაობას. ამ განცხადების გამოქვეყნებიდან რამდენიმე დღეში, კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა რომან ბიწაძემ გამგებლობის კანდიდატურის შესარჩევ კონკურსში თავად შეიტანა საბუთები, რითაც თანამებრძოლთა უკმაყოფილება დაიმსახურა. მან კონკურსის პირველი ტურის გადალახვაც მოახერხა და თემურ ჩხაიძის მხარდაჭერილი კანდიდატის ზაზა ურუშაძის უშუალო კონკურენტად იქცა. ლანჩხუთში შექმნილ არაორდინალურ სიტუაციაზე, შერჩეულ კანდიდატებზე და კომისიის ლეგიტიმურობაზე კოალიციის წევრს ვახტანგ ზენაიშვილს ვესაუბრეთ.
_ ბატონო ვახტანგ, კომისიის თავმჯდომარე ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ კომისია მხოლოდ იმ შემთხვევაში ითვლება დაშლილად, თუ მას ყველა წევრი დატოვებს…
_ სწორედ ამაშია მთავარი “ნაციონალური” შინაარსი. იცით, რა ბრძანეს? სამი კაციც რომ დარჩეს კომისიაში, გამგებელს ის სამი კაცი შეარჩევსო. ვინაიდან, ისინი, ვინც კომისია დატოვა პროტესტის ნიშნად, კომისიის შემადგენლობაში აღარ ირიცხებიან და ორ მესამედს დარჩენილი შემადგენლობიდან ვიანგარიშებთო!
ოინიც ამას ჰქვია. თუმცა სააკაშვილის მოწაფეებისგან სხვას რას უნდა ველოდოთ. მინდა ვუთხრა მათ, რომ ოინი, რომელსაც ქვეყნის სასაცილოდ კანონს ეძახიან, დაცლილია ყოველგვარი სამართლიანობისგან და საღი აზრის მიღმა დგას.
ვთქვათ ჩვენი 150 კაციანი პარლამენტიდან ნახევარი რომ პროტესტის ნიშნად გავიდეს საკანონმდებლო ორგანოდან, ორ მესამედს ვინც დარჩება, იქედან იანგარიშებენ? არა, რა თქმა უნდა! ჩვენს შემთხვევაშიც ასე უნდა იყოს.
ამიტომ ვწერდით თავის დროზე, რომ კომისიას და საკრებულოს ( მითუმეტეს “ნაციონალების” მიერ დაკომპლექტებულს ) კი არ უნდა აერჩია გამგებელი, არამედ კოალიციის მიერ წარდგენილი კანდიდატი ავტომატურ რეჟიმში უნდა დაემტკიცებინა.
_ თუმცა თქვენ, ვგულისხმობ კოალიციას და მაჟორიტარი დეპუტატის გუნდს ერთად, ვერ მოახერხეთ საერთო კანდიდატზე შეთანხმება, რითაც საზოგადოების ინტერესები დაზარალდა.
_ მართალია, ჩვენ ჩვენდა სამწუხაროდ, ვერ მოვახერხეთ საერთო კანდიდატზე შეთანხმება. გვქონდა დეპუტატის მიმართ თხოვნა, რომ მოეყვანა მისი მხარდაჭერილი კანდიდატი კოალიციაში, გვქონდა სურვილი, რომ გავსაუბრებოდით მას, მაგრამ რატომღაც ეს ვერ მოხერხდა. მიზეზი ჩემთვის უცნობია. ჩვენ კოალიციის ერთ-ერთი აქტიური წევრის გელა პატეიშვილის კანდიდატურას ვუჭერდით მხარს, მაგრამ რადგან ვერ მოხერხდა შეთანხმება დეპუტატთან, მან უარი თქვა ფალსიფიცირებულ კონკურსში მიეღო მონაწილეობა, რომლის შედეგებიც წინასწარ ყველასთვის კარგად იქნებოდა ცნობილი.
თქვენი მედიასაშუალებით მინდა მადლობა ვუთხრა ყველას, ვინც გაემიჯნა “კომისიურ” თვალთქმაცობას არა მხოლოდ იქედან გამოსვლით, არამედ განსახილველად საკუთარი კანდიდატურის არწარდგენითაც. ეს მიმაჩნია სამოქალაქო საზოგადოებისკენ გადადგმულ ღირსეულ ნაბიჯად, მომავალი პოლიტიკური პროცესების დასაწყისად.
კომისიის მეორე შეხვედრა, სავარაუდოდ, ნაახალწლევს გაიმართება.