ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა პასუხი მიიღო მხოლოდ ცხრა უწყებიდან, მათ შორის ფინანსთა სამინისტროდან. ირკვევა, რომ სამინისტროში 2012 წელს პრემიების სახით გაიცა 2.872.557 ლარი, საიდანაც 1.741.112 ლარი მიიღო სამინისტროს 266-მა თანამშრომელმა, ხოლო 1.131.445 ლარი დაერიცხა 43 თანამდებობის პირს.
ფინანსთა სამინისტროში არსებული პრემირების სისტემა გამოირჩეოდა საკმაოდ მაღალი განაკვეთებით, რომლებიც ხშირად ხელფასის ორმაგ ან სამმაგ ოდენობას მოიცავს. ამ მხრივ გამორჩეული იყო 2012 წლის სექტემბერ-ოქტომბერი, როდესაც ფინანსთა მინისტრის მოადგილეების უმეტესობამ პრემიის სახით მიიღეს ხელფასის ორმაგი ოდენობა (5440 ლარი თვეში). სექტემბრის თვეში ხელფასის სამმაგი ოდენობით პრემია 8160 ლარი მიიღო მინისტრის ორმა მოადგილემ და მთავარმა მრჩეველმა. თავად ყოფილმა მინისტრმა, ალეკო ხეთაგურმა პრემიის სახით ორ თვეში 17 700 ლარი მიიღო, აქედან 10 620 ლარი სექტემბერში (ხელფასის სამმაგი ოდენობა) და 7080 ლარი ოქტომბერში (ხელფასის ორმაგი ოდენობა).
აღსანიშნავია, რომ ნოემბერის თვეში (ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდგომ) პრემიების სისტემა არსობრივად არ შეცვლილა, სამინისტროს მმართველი რგოლის თანამდებობის პირების ნაწილმა ხელფასის სამმაგი ოდენობის პრემია მიიღეს. თუმცა, ახალმა მინისტრს ნოდარ ხადურს და მინისტრის მოადგილეებს პრემიის სახით მხოლოდ ხელფასის ერთმაგი ოდენობა ჩაერიცხათ. დეკემბრის თვეში, ფინანსთა სამინისტროში ჩვეულებისამებრ გაგრძელდა თანამდებობის პირთა და საჯარო მოსამსახურეთა პრემირება, თუმცა, ხელფასის ორმაგი და სამმაგი ოდენობით პრემიის გაცემის შემთხვევას ადგილი აღარ ჰქონია.