პრემიებდარიგებულთა სიაში არ არის გურიის გუბერნატორი ვალერი ჩიტაიშვილი, ეს პირველი შემთხვევა არის, როდესაც მან პრემიაზე უარი თქვა. “გურია ნიუსი” გურიის გუბერნატორს ვალერი ჩიტაიშვილს დაუკავშირდა და მან ასეთი მწირი კომენტარი გააკეთა: _ ხომ მოგეცი საჯარო ინფორმაცია, დანარჩეზე კომენტარს არ ვაკეთებ, _ განაცხადა ვალერი ჩიტაიშვილმა.
კომენტარის გაკეთება პრემიებთან დაკავშირებით გურიის გუბერნატორის მოადგილემ, ლელა თავართქილაძემ არ ისურვა. 2012 წლის ბოლოს დაჯილდოვებულთა სიაში მოხვდნენ ვიცე-გუბერნატორები ლელა თავართქილაძე და თამაზ მახარაძე, რომლებმაც 1700-1700 ლარი აიღეს. საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დარიგებულ პრემიებს თუ გადავხედავთ, მათი ბიუჯეტი შემცირებულა, რადგან მაშინ ლელა თავართქილაძეს 2 250 ლარი გამოეწერა, თამაზ მახარაძეს კი _ 2 360.
ახლადდანიშნულმა ვიცე-გუბერნატორმა პაატა მანჯგალაძემ, წლის ბოლოს, პრემიის სახით 1800 ლარი მიიღო.
პაატა მანჯგალაძე: “რაც შეეხება პრემიების საკითხს მიმაჩნია, რომ საკითხის დასმა _ რაში მიიღეთ პრემია, პრემიის მიმღების მისამართით არაკორექტულია, რადგან მუშაკის პრემიების საკითხს წყვეტს ამა თუ იმ დაწესებულების ხელმძღვანელი, რა დროსაც პირველ რიგში მხედველობაში იღებს პირის დამოკიდებულებას სამსახურისადმი. პრემირება არამარტო გაწეული სამსახურისთვის, არამედ თანამშრომლის წახალისების, სტიმულირების და სამუშაო მოტივის ამაღლების ფორმაა. მე, შორსა ვარ იმ აზრისაგან, თქვენ ან ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანი წინააღმდეგი იყოს, რომ საჯარო მოხელეებმა დამსახურების ან თუნდაც სამუშაო მოტივების ამაღლებისთვის პრემია მიიღოს. საერთოდ, არა როგორც საჯარო მოხელის, არამედ ჩემი როგორც უბრალო მოქალაქიის პოზიციაა, რომ არასწორია, როდესაც საზოგადოებაში პრემიის მიღების თემის საზოგადოებაში ნეგატიური კონტექსტში განხილვა ხდება. ჩვენ აქცენტი იმაზე კი არ უნდა გავაკეთოთ, ვინ რამდენი პრემია აიღო, არამედ ბევრი სამუშაო ადგილი იყოს და ყველას ჰქონდეს პრემიის მიღების შესაძლებლობა. ალბათ, დამერწმუნებით, რომ იმ დროს, როცა თანამდებების პირები საერთოდ არ კითხულობდნენ მათ რამდენი ჰქონდათ ხელფასი ან პრემია და კორუფციის ჭაობში იხრჩობოდნენ, საქმეზე და სახელმწიფოს მიერ კანონით დადგენილი ანაზღაურების მიღებაზე ორიენტირებული საჯარო მოხელეების არსებობა ჯობია.”
წლის ბოლოს დარიგებულ პრემირებულთა სიაში მოხვდა გიორგი გეგეჭკორი, გუბერნატორის ადმინისტრაციის რეგიონალური განვითარების სამსახურის უფროსი. ის ერთ-ერთი საჯარო მოხელე იყო, რომელიც გუბერნიის მიერ ოქტომბერში გაცემულ პრემირებულთა სიაში ვერ მოხვდა. მას ახლა 150 ლარი დაერიცხა.
_ პრემია არ ამიღია. რატომ არ მომცეს, ეს ალბათ გუბერნატორს უნდა ჰკითხოთ. მთელი წლის მანძილზე სამჯერ დარიგდა პრემია და მე ერთხელაც არ მიმიღია. ცუდი შეგრძნებაა, როცა მხოლოდ შენ გტოვებენ, _ აცხადებდა გეგეჭკორი ოქტომბერში “გურია ნიუსთან” საუბრის დროს.
საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის, მანანა კობახიძის თქმით, 2012 წლის ბიუჯეტში პრემიებისთვის თანხა გამოყოფილი იყო და 2013 წელს პრემიების საკითხი გადაიხედება.