“ივანიშვილის რეჟიმის თავხედობა ყოველგვარ ზღვარს გადაცდა. ხვალ, 23 თებერვალს, 2 საათზე გიგი უგულავა დაბარებულია ფინანსურ პოლიციაში (უნივერსიტეტის ქუჩა N-2) ბრალის წასაყენებლად.
მოგიწოდებთ ყველას შევიკრიბოთ 2-ის ნახევარზე (13:30-ზე) ვაკე-საბურთალოს შემაერთებელი ქუჩის და უნივერსიტეტის ქუჩის კვეთაში. ჩემო ფეისბუქელო მეგობრებო გამოვუცხადოთ თანადგომა გიგის! _ წერს ფეისბუქში კობა ხაბაზი. უმცირესობის წევრი, მარიამ საჯაია კი ფეისბუქის მეგობრებს ფინანსურ პოლიციასთან ორის ნახევარზე უხმობს:
“ხვალ 13:30-ზე ვიკრიბებით ფინანსურ პოლიციასთან! აქამდე რომ დაგვეთმო მერია და საკრებულო ივანიშვილისთვის, გიგის არც ხვალ, არც საერთოდ არ დაიბარებდნენ, Mაგრამ მიუხედავად ამ ზეწოლისა, არ დავუთმობთ თბილისს ბიძინას! _ წერს საჯაია. შეგახსენებთ, რომ თბილისის მერი გიგი უგულავა დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხის მითვისება-გაფლანგვისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობის უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტებთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ბრალდების წაყენებისა და მის მიმართ სხვა საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნით ხვალ, 14 საათზეა დაბარებული. საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ბრალდება ორი ეპიზოდისგან შედგება – გამოძიების პროცესში მოპოვებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით გახსნილია იმჟამინდელი ხელისულების მიერ ტელეკომპანია „იმედის“ ხელში ჩაგდების დანაშაულებრივი სქემა და უტყუარად დადასტურებულია, რომ მისი განხორციელების ერთ-ერთი მთავარი მონაწილე გიორგი უგულავაა. მეორე ეპიზოდი კი საბიუჯეტო თანხის გამოყენებით “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საქმიანობისთვის თვალთმაქცურ დაფინანსებას ეხება, რომლის ორგანიზატორი გამოძიების მტკიცებით უგულავა იყო.