“ბოლო პერიოდში სხვადასხვა უწყებებში სულ უფრო ხშირად ვლინდება ფაქტები, “ნაცმოძრაობის” ერთგული საჯარო მოხელეების მხრიდან სახელმწიფოს გამართული საქმიანობისთვის ხელის შეშლის მცდელობების შესახებ.
“ერთი შეხედვით, მათი ეს მცდელობები და “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერების განცხადებები იმის შესახებ, რომ ისინი 4 წელი ვერ დაელოდებიან არჩევნებს ხელისუფლების ცვლილებისთვის, მხოლოდ პიარზეა გათვლილი, თუმცა ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით საბოტაჟის უსუსური მცდელობები სისტემურ ხასიათს იღებს.
ჩვენ გვაქვს კონკრეტული მაგალითები, რომ “ნაცმოძრაობის” წიაღში არსებობს რადიკალური დაჯგუფება, რომელიც მოქმედებს კარგად გააზრებული გეგმით და რომლის მიზანია მათ ხელთ არსებული რესურსების გამოყენებით (ყოფილი ხელისუფლების ერთგული ანგაჟირებული საჯარო მოხელეები ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, სასამართლო, თვითმმართველობა, მედია) მოახდინონ მთავრობის გამართული საქმიანობისთვის ხელის შეშლა, ხელოვნურად გამოიწვიონ ხალხის უკმაყოფილება და მოამზადონ ნიადაგი იმ ავტორიტარული საკონსტიტუციო მუხლის ამოქმედებისთვის, რომელიც გამოიწვევს ხალხისთვის დემოკრატიული არჩევნების შედეგების წართმევას და “ნაცმოძრაობის” მიერ უკანონოდ ხელისუფლების მიტაცებას.” – განაცხადა ეკატერინე ბესელიამ.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში სამინისტროები ებრძვიან და ამარცხებენ კონკრეტული საბოტაჟის ფაქტებს მათ უწყებებში, მნიშვნელოვანია, რომ შსს-მ მოახდინოს მასშტაბური რეაგირება არა მხოლოდ განხორციელებულ საბოტაჟზე, არამედ წინასწარ აღკვეთოს ნებისმიერი იმ ტიპის მცდელობა, რომელიც ხელს უშლის სახელმწიფოს ნორმალურ ფუნქციონირებას და გამოიწვევს მოქალაქეთა მდგომარეობის დროებით გაუარესებას.
“უნდა აღინიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის თანახმად, რომელიც განმარტავს საბოტაჟს, გულისხმობს შემდეგს: საქართველოს დასუსტების მიზნით სახელმწიფო ან სხვა საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ან სამსახურის ნორმალური ფუნქციონირებისათვის ხელის შეშლა ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.
ამ ყველაფრის მიზანია აპრილში ამოქმედდეს კონსტიტუციის ის ნორმა, რაც გულისხმობს პრეზიდენტის უფლებას, დაითხოვოს ხალხის მიერ არჩეული მთავრობა. ამ ფონზე საპარლამენტო უმცირესობის მხრიდან ხელისუფლებასთან საკონსტიტუციო ცვლილების საკითხზე მოლაპარაკების ხელოვნურად ჩაშლა და საბოტაჟის მცდელობები ერთიანი გეგმის ნაწილია.
ცნობილია, რომ “ნაცმოძრაობის” ყველა წევრი არ მონაწილეობს დესტრუქციულ ქმედებებში. შესაბამისად ვსვამთ კითხვას, იმ შემთხვევაში, თუ ისინი არ მონაწილეობენ სახელმწიფოს წინააღმდეგ ქმედებებში, ღიად განაცხადონ რატომ არ უჭერენ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს მხარს.” _ აცხადებს ბესელია.