_ ადრიან გაზაფხულზე, მარტის დასაწყისში, შინაურ პირუტყვს განსაკუთრებული პროფილაქტიკა სჭირდება, რაც აუცილებლად უნდა გავუწიოთ, _ გვეუბნება დიდი გამოცდილების მქონე ვეტერინარი ჯონი ურუშაძე. იგი ათეული წლების მანძილზე მუშაობდა მეცხოველეობის ფერმებსა თუ შესაბამის დაწესებულებებში, ახლა კი საკუთარი ვეტაფთიაქი აქვს და როგორც ნაცად სპეციალისტს, მეურნე ადამიანები გამუდმებით ეკითხებიან რჩევებს.
_ ჩვენს პირობებში, დასავლეთ საქართველოში, განსაკუთრებით გურიაში, ბევრგანაა დაჭაობებული ადგილები, რაც პარაზიტების უხვი კერაა. ეს პარაზიტები ბევრი სახისაა _ ფაშვისა თუ ნაწლავების. საუკეთესო შედეგის მომტანია, თუ კვარტალურად მოვახდენთ პირუტყვის პროფილაქტიკას. და თუ ამას ვერ მოვახერხებთ, აუცილებლად უნდა მოვახდინოთ მარტის დასაწყისში და გვიან შემოდგომაზე, _ ამბობს ბატონი ჯონი. მისივე განმარტებით ნემატოდების (პარაზიტების) საწინააღმდეგო წამლები, მარტის დასაწყისში აუცილებლად უნდა მივცეთ პირუტყვს, როგორც აბების სახით, ისე ინექციური მეთოდით. ამ წამლების შეძენა ყველა ვეტაფთიაქშია შესაძლებელი.
როგორც მან დაგვიკონკრეტა, მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს აბები ეძლევა წონის მიხედვით: _ ათი დღის შემდეგ კი კეთდება ნემსი, რომელიც ეწინააღმდეგება ფილტვის ჭიას (ხველების ძირითადი გამომწვევია) და ამ პერიოდში ასეთი წამლობა სასიცოცხლოდ აუცილებელია ძროხისთვის. ასეთივე დანიშნულებით მიეცემა ის თხასა თუ ცხვარს, _ გვეუბნება იგი, _ აღნიშნული ნემსი ეფექტურად მოქმედებს გარეგან დაავადებებზე, ციებაზე, რასაც კანის პარაზიტები იწვევენ. თუ ადამიანს საშუალება აქვს, კარგია აბების მიღების გამეორება ყოველთვიურად.
ჯონი ურუშაძე გვირჩევს, რომ მკურნალობა უნდა ჩაუტარდეს ღორსაც იგივე დანიშნულებით, ოღონდ ამ ცხოველს, მიზანშეწონილია, ყოველთვიურად გავუწიოთ პროფილაქტიკა.
ჯონი ურუშაძე გვირჩევს, რომ საგაზაფხულო მკურნალობა არც ერთ შემთხვევაში არ გადავდოთ, თუ გვინდა, წლიდან წლამდე ჯანმრთელი პირუტყვი გვყავდეს და შესაბამისად, ეკოლოგიურად სუფთა ყველი თუ ხორცი მივირთვათ.