შეხვედრის მიზანი იყო გაერკვიათ ერთმანეთში ვინ როგორ კითხულობს ვენეციის კომისიის დასკვნას. ამასთან დაკავშირებით მთავრობის კანცელარიაში მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.
“მე მქონდა სამი შეხვედრა საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან კოტე კუბლაშვილთან. დღეს დილით იყო მესამე შეხვედრა ჩემსა და კუბლაშვილს შორის. შეხვედრის მიზანი იყო, გაგვერკვია ერთმანეთში, ვინ როგორ კითხულობს ვენეციის კომისიის დასკვნას. რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე ჩვენ გვაქვს ერთიანი ხედვა; ეს არის მედია საშუალებების მიერ ვიდეო, ფოტო და აუდიო ჩანაწერებზე ტრანსლაციის გაკეთებასთან კონკრეტული ცვლილებების შეტანა არსებულ კანონპროექტში; იმისთვის, რომ მოსამართლემ შეძლოს, ერთის მხრივ, მედიას გაუხსნას სასამართლო პროცესი, მაგრამ თვითონ არ დაზიანდეს თავის საქმიანობაში და ამ მხრივ, ჩვენი პროექტი დაზუსტდება.
გარდა ამისა, ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ თავმჯდომარეებს, მოსამართლეებს ექნებათ მოსამართლეთა კონფერენციაზე კენჭისყრის უფლება. მაგრამ, იუსტიციის სამინისტრო რჩება თავის პოზიციაზე და მიგვაჩნია, რომ მთავრობის პოზიცია იქნება პარლამენტის წინაშე შემდეგი: იუსტიციის საბჭოს რვა წევრი მოსამართლიდან, მხოლოდ ერთი შეიძლება იქნას შენარჩუნებული, ის, რომელიც აკმაყოფილებს ახალ კრიტერიუმებს; დანარჩენები თავიდან უნდა იქნან არჩეული. ამის შესახებ მქონდა ბატონ კუბლაშვილთან აზრთა გაცვლა-გამოცვლა.
რაც მთავარია, მთლიანობაში, სამივე შეხვედრა იყო მშვიდობიანი, კონსტრუქციული; მე, პრემიერ-მინისტრის დავალების შესაბამისად, ყველა ზომას მივმართე იმისთვის, რომ ის პოზიცია რაც წავიდოდა პარლამენტში, წინასწარ ყოფილიყო გაზიარებული ბატონ კოტესთან. ეს აუცილებელია ქვეყნისთვის, ეს აუცილებელია სისტემისთვის. მაგრამ, განსხვავებული აზრი რჩება რამდენიმე მნიშვნელოვან თემაზე. მაგრამ, ჩვენი პოზიცია პრინციპულია იმასთან დაკავშირებით, რომ მოსამართლე წევრებიდან 7, თავიდან უნდა იქნას არჩეული, იმისთვის, რომ საქართველომ რაც შეიძლება მალე მიიღოს ახალი იუსტიციის უმაღლესი საბჭო, რიგით მოსამართლეს მიეცეს თავისუფლად სუნთქვის საშუალება და შეძლოს თავისი სიტყვა თავისუფლად თქვას იუსტიციის უმაღლეს საბჭოში.
ჩვენ გვინდა ორშაბათამდე მოვაწყოთ გაფართოებული შეხვედრა პარლამენტარების ჩართვით, მაგრამ არ ვიცი, რამდენად გამოვნახავთ ამის დროს მე და ბატონო კოტეც,” _ თქვა თეა წულუკიანმა.