სტატიაში გაჟღერებული იყო საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელების ეჭვი ხელფასების თაობაზე. იმისთვის, რომ ჩვენს სააგენტოს რაიმე ჩრდილი არ მიადგეს, როგორც სტატიის ავტორი, კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნოდათ მხოლოდ რესპონდენტებს და შემიძლია მხოლოდ წუხილი გამოვთქვა, ამ ეჭვის მკითხველამდე მიტანის გამო.
“გურია ნიუსი” დაგპირდათ, რომ შეეცდებოდა, უმოკლეს დროში დაკავშირებოდა სააგენტოს ხელმძღვანელებს, რათა მათ სრულფასოვნად მიცემოდათ შესაძლებლობა საკუთარი პოზიცია და არგუმენტები წარმოედგინათ.
ლუბა ელიაშვილი, “მე-9 არხის” გენერალური დირექტორი: _ კამერებთან დაკავშირებით აღმოჩნდა, რომ გასავლელია ფორმალობები, იმიტომ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, მაშინაც კი როცა საჩუქარია, ითვლება რეალიზაციად; ამიტომ, ჯერ უნდა მოხდეს ინვენტარიზაცია. როგორც კი დასრულდება ეს პროცესი, მაშინვე მოხდება კამერების საჩუქრად გადაცემა. თანაც გადაცემა იყო ისეთი შემოთავაზებით _ თუ იქნებოდა ორგანიზაცია, ანუ თუ ისევ ერთმანეთთან დარჩებიან ეს ადამიანები, ისევ გააგრძელებენ ურთიერთობას და თუ იქნება, ეს როგორც შემოგთავაზეთ, “ინფორმირებული საქართველო“, გადაეცემოდა ამ ორგანიზაციას. პირადულადაც შეიძლება გადაეცეთ, მაგრამ ამისთვის არის რაღაც ფორმალობები გასავლელი.
რაც შეეხება იმ ბრალდებას თუ ეჭვს ხელფასებთან დაკავშირებით, აგერ არის მათი სახელფასო უწყისები და ნახოს ყველამ. ბანკში მიდიოდნენ და ხსნიდნენ თავიანთი ანგარიშიდან თანხას და როგორ ვახერხებდი, ძალიან მაინტერესებს, რაიმე სახის გაყალბებას?! ამ სამსახურში ხელზე ხელფასი არავის მიუღია, ყველამ მიიღო ბანკიდან. შენ კი მომიხადე ბოდიში, იმიტომ რომ დაბეჭდე გადაუმოწმებლად ჭორი, მათი ეჭვის დონეზე ნათქვამი ტყუილი. სადაც ხელი მიმიწვდება, ყველგან ვამბობ, რომ “გურია ნიუსი“ არის ობიექტური მედია, მაგრამ მე ახლა უკვე ვიცი, ვინ არის “გურია ნიუსი“.
_ ეს მათი პოზიციაა, მე არ დავწერდი, სხვა დაწერდა. მეორე მხარესაც ხომ შეუძლია ბრალი დამდოს, გითხარით და არ დაწერეო? ბოდიშს კი ნამდვილად მოგიხდით, თუ საზოგადოება შეცდომაში შევიყვანე… და მხოლოდ ამ სტატიის გამო არ ღირს “გურია ნიუსზე“ შეხედულების შეცვლა.
_ ეს მაგათი პოზიცია კი არ არის, არამედ ეს არის მაგათი ნათქვამი ტყუილი. რაც შეეხება გაშვებას, ხელშეკრულება დაუმთავრდათ და გაუშვეს, ძალით კი არ დააწერინეს განცხადებები. გამოსაცდელი ვადით იყვნენ, ვერ იმუშავეს ხარისხიანად და მანანა ელიაშვილს აბსოლუტური უფლება ჰქონდა, გაეშვა სამსახურიდან. ზოგმა სთხოვა, რომ შენ ნუ დაწერ განცხადებას განთავისუფლებაზე და მე დავწერ, საკუთარი ნებით მივდივარო; რა, არ უნდა მიეცა შეღავათი?! ერთი-ორი ადამიანი ისეთი იყო, რომელიც აყვანილი იყო გამოსაცდელი ვადით, არ ივარგა და გაუშვეს ისე, რომ არ დამთავრებია ხელშეკრულება. ვნახავ, რამდენი ადამიანი დაესწრება აქციას… მუშაობა ვასწავლეთ, ხელფასი ვუხადეთ, პრემიებიც ერიცხებოდათ.
_ ქალბატონო ლუბა, სტატიაში სწორედ ერთ-ერთ კითხვად ეს მაქვს დასმული და გავახსენე კიდეც “პრაიმ-ტაიმის“ პრესკლუბში გამართული პრესკონფერენცია…
_ ეჭვი მაქვს, ეს აქციაც ვიღაცის დავალებით ხდება, სწორედ იმისი, ვინც ზაზა სვანიძეს დაავალა ამ პრესკონფერენციის მოწყობა.
მანანა ელიაშვილი, “ინფო 9”-ს დირექტორი: _ პირველ რიგში, გეტყვი, რომ ჩვენი საუბარი იწერება, იმისათვის, რომ არ მოხდეს რაიმეს დამახინჯება; მე ეჭვი არ მეპარება, რომ შენ ამას ყველაფერს ისე ატვირთავ, როგორც მოისმენ ჩემგან, მაგრამ მაინც. ჯერ კამერების საკითხი, რადგან ყველას ეს აინტერესებს, შემდეგ კი თითოეულ რესპონდენტზე გავამახვილებ ყურადღებას. სვამენ კითხვას, სად წავიდა კამერები? დღესაც ამას ვიკვლევთ და ვიბრძვით დავიბრუნოთ ჩვენი კუთვნილი ტექნიკა. ახლაც, რეგიონში გაგზავნილ ჩვენს აპარატურას ვაგროვებთ. აღმოჩნდა, რომ რამდენიმე ადამიანი ძალიან უღირსად მოიქცა და არ დააბრუნა კამერა, მაგრამ ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, არ გავამწვავოთ სიტუაცია, არ ჩავრიოთ სამართალდამცავები და ჩვენი ძალებით დავაბრუნებინოთ ეს კამერები. სწორედ ამიტომ არის, რომ არ დასრულებულა ინვენტარიზაცია, რომელიც 2 თვეა მიმდინარეობს ჩვენთან. ეს სწორედ ის დროა, რა დროითაც დაიგვიანა კამერების საჩუქრად გადაცემამ. ყველაფერი რომ დეკემბერში დასრულებულიყო, მერწმუნეთ, საჩუქრების გადაცემა ძალიან მარტივად მოხდებოდა. რაც შეეხება ეჭვს, რომ იქნებ ვინმემ იცის, რომ ეს კამერები დარიგებულია, ასე რომ ყოფილიყო, ყველა გაიგებდა, რადგან კამერების გადაცემას “ინფო 9” აუცილებლად დააფიქსირებს და ატვირთავს ვებ გვერდზე.
ახლა კი, მოდით გავყვეთ სტატიას და შენს რესპონდენტებს, ჩემს ყოფილ თანამშრომლებს; რატომ არ დაუსვი კითხვა, რის საფუძველზე გაუჩნდათ ეს ეჭვი, მე მადანაშაულებდა ორი ადამიანი და შენ არ სცადე ჭეშმარიტების დადგენა. ან როგორ შეიძლებოდა უწყისში დაფიქსირებულ ხელფასზე მეტი ან ნაკლები ჰქონოდა რომელიმე მათგანს?!
მოდით მივყვეთ თანმიმდევრულად: “თქვე საწყლებო, რაც თქვენ ირბინეთ და არ დაგიფასდათო,” _ წერს ოთარ სტეფანიშვილი, ასე მეუბნებიან ნაციონალებიო და იქვე დასძენს, რომ დაფასებისთვის არ უბრძოლია; მაშინ რატომ იღებს ვიღაც ნაციონალების შენიშვნას – “თქვე საწყლებო”. რატომ იყო სტეფანიშვილი საწყალი, იმიტომ, რომ აკეთებდა ძალიან მაგარ საქმეს?
მარიამ გოგატიშვილიც არის მათ შორის, რომლებსაც ასევე გაუგრძელდათ ხელშეკრულება 6 თვის მერეც, მარიამთან ნამდვილად გვქონდა ნაქირავები საოფისე ფართი და მისი ოჯახი ამისთვის იღებდა ოფიციალურად გაფორმებულ საზღაურს. ეს ოფისი იყო სოფელში და სხვა ჯგუფებს უნდოდათ სხვაგან გადატანა, მაგრამ მე უარი ვუთხარი, ამ ადამიანთან გაფორმდა ხელშეკრულება და ეს ოფისი დარჩება აქ, სანამ საჩხერეში “ინფო 9” იფუნქციონირებს-თქო. ხელშეკრულება გაფორმდა იმიტომ, რომ მარიამ გოგატიშვილი იყო პირველი, ვინც გვითხრა, მე შემიძლია ოფისი მოგაქირავოთო და ახლა თავის დამსახურებად იწერს. კი, ბატონო, ასე იყოს. მარიამს თურმე არ მოსწონდა, რომ ჰქონდა დაბალი ხელფასი, ოღონდ ამის შესახებ გამიმხილა 6 თვის შემდეგ და მითხრა, რომ 500 ლარზე ის არ იმუშავებდა. ავუხსენი, რომ მეტის გადახდა არ შეგვეძლო და მივიღეთ გადაწყვეტილება, რადგან მას არ უნდოდა ამ ხელფასზე დარჩენა, სხვა ჯგუფისთვის შეგვეთავაზებინა მუშაობა. ამის შემდეგ, მარიამი შეგვეხმიანა და გვითხრა, რომ თანახმაა იმუშაოს იგივე ანაზღაურებით, მაგრამ გული უფრო ტელევიზიისკენ მიუწევდა, მაგრამ, როგორც იცით, ტელევიზია აღარ გვაქვს. შესაბამისად, მისი საყვედური, რომ ელოდა ალტერნატიული სამსახურის შეთავაზებას, არაა გამართლებული. მე არ ვიცი სააგენტოს ალტერნატივად რა უნდა შეეთავაზებინა. ჟურნალისტობა 500 ლარად მას არ უღირდა.
მარიამ გოგატიშვილი ამბობს, რომ გამოგვიყენეს და მოგვისროლესო და შენ არ გიჩნდება კითხვა, რაში გამოიყენეს გოგატიშვილი, რამე უღირსი გააკეთებინეს? გამოყენება მე ვიცი, რომ ადამიანს რაღაც უღირს საქციელს ჩაადენინებენ და მერე ხელებს შეაწმენდენ.
_ გოგატიშვილი არ ამბობს ამას, ის ამბობს, რომ ხალხი ეუბნება. სხვათაშორის, ძალიან ხშირად ისმის ეს ფრაზები ყოფილი ინფოელების მიმართ.
_ ხალხი მას თუ ეუბნება ასეთ რამეს, პასუხი არა აქვს? როგორ შეიძლება ასეთი რამ გითხრან. მე ვირჩევ, ვიღებ გადაწყვეტილებას და ვირჩევ სამუშაოს, ვეცნობი სამუშაო პირობებს და ვაფორმებ ხელშეკრულებას. ვინმემ მოატყუა მარიამი?
_ სწორედ ამიტომ დავსვი კითხვა, რომ მათ დაუმთავრდათ ხელშეკრულება და კანონი არ დარღვეულა.
_ შენ ეს გიწერია სტატიის თავში და მერე მოყოლებულია მათი სიცრუე.
_ ყველგან ხომ არ დავწერდი?! გასაგებია, რომ ერთ კითხვაზე პასუხობენ, ამიტომ, კითხვას მათი კომენტარებია მოყოლებული.
_ მედეა ლორჩოშვილი ამბობს, რომ ისე გამომიშვეს სააგენტოდან, ერთი მადლობაც არ უთქვამთო. არათუ მადლობა ვუთხარით, არამედ ყველას, ვინც განსაკუთრებულად საინტერესო მასალა გამოაგზავნა, პრემიებიც კი დაერიცხათ. სულ პატარა, სერიოზული და მნიშვნელოვანი ინფორმაციისთვის ყველას, დაწყებული პროდიუსერიდან _ დამთავრებული რედაქტორამდე, მადლობას ეუბნებოდნენ. მას უწერია, რომ ვისურვებდი ყველა რაიონში თითო ჯგუფის დარჩენასო; მეც ამას ვისურვებდი. რისი საშუალებაც აქვს ახლა “ინფო 9”-ს იმას აკეთებს. ვინც შენ ჩაწერე, გამიჩნდა ეჭვი, რომ ძალიან უნდა, რომ “ინფო 9” არ არსებობდეს. ეს თუ ასე მოხდა, არც ის მასალები იქნება “ინფოზე”, რომლებიც პირადად მათი გაკეთებულია.
ახლა რაც შეეხება ლიკა სანაიას; ის ამბობს, რომ არ გააფორმებდა ხელშეკრულებას მხოლოდ 6 თვით, რადგან მას სტაბილური სამსახური ჰქონდა და მიატოვა. დაბეჯითებით ვამბობ და ყველას ვეუბნებოდი, რომ ეს იყო 6-თვიანი პროექტი. ყოფილა შემთხვევა, რომ უკან გამიბრუნებია ის ადამიანები, რომლებსაც სტაბილური სამსახური ჰქონდათ, ისევ და ისევ ამ მიზეზით. მე არავის ვაძალებდი გაეკეთებინა არჩევანი “ინფოს” სასარგებლოდ. ამ არჩევანს ყველა აკეთებდა თვითონ და ყველა სრულწლოვანი ადამიანი იყო. თუ ლიკა სანაია ამბობს, რომ ის ვინმემ შეცდომაში შეიყვანა, გამოდის, ხელშეკრულება არ წაუკითხავს.
ქეთი ხაჯალიას ხელშეკრულება ნამდვილად არ ჰქონდა დამთავრებული, მაგრამ ხელშეკრულება კარგად რომ წაეკითხა, ნახავდა, რომ მე მისი ორთვიანი გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ გათავისუფლების უფლება მქონდა. მე არ გავათავისუფლე, რადგან პირადად მთხოვა, არ მინდა თქვენ გამათავისუფლოთ და დავწერ პირადი სურვილით წასვლაზეო. ნამდვილად დაწერა მან განცხადება არა იმიტომ, რომ მე მოვთხოვე, არამედ თავისი სურვილით. ჩვენთან იწყებოდა რეორგანიზაცია და ვტოვებდით საუკეთესოებს, ის ამ სიაში ვერ ხვდებოდა. მას იძულებით არ დაუწერია განცხადება, რადგან მისი გათავისუფლების კანონიერი უფლება მქონდა.
რასაც ეს ადამიანები ამბობენ, არის ტყუილი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, როგორც კი დამთავრდება ინვენტარიზაციის პროცესი, ყველა ღირსეულ ადამიანს გადაეცემა კამერა. მარტო ლორჩოშვილს არ უნდოდა თუნდაც თითო ჯგუფის დარჩენა რაიონებში, მეც მინდოდა ეს, მაგრამ ამის ფინანსური საშუალება არ იყო და ვცდილობდით, საუკეთესო გამოსავალი გვეპოვა.
_ სწორედ ამიტომ გამოვიყენე თქვენი ჩემდამი მოწერილი სიტყვები, ვიცოდი რა თქვენი პოზიცია.
_ არა, არავის არ აქვს უფლება გამოაქვეყნოს პირადი მიმოწერა, თუკი მეორე მხარის თანხმობა არ ექნება.
_ მაგრამ ახლაც ხომ იგივე თქვით? სწორედ ამიტომ გამოვიყენე ეს კომენტარის სახით.
_ აღსადგენი “ინფო 9”-ს არაფერი არა აქვს, მუშაობს, ძალიან ბევრი წარმატებული პროექტი აქვს. მართალია არ მუშაობს იმ მასშტაბით, რა მასშტაბითაც მუშაობდა 6 თვის წინ, ამაში გეთანხმები, მაგრამ რა საშუალებაც გვაქვს, ისე ვმუშაობთ. თუ ხელს არ შეგვიშლით, თუ ჭორებს არ გაგვივრცელებთ და ყველა არ მოინდომებს “ინფო9” დაიხუროს, ნამდვილად იარსებებს.
_ ქალბატონო მანანა, მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, იმისათვის, რომ ჩვენს სააგენტოს რაიმე ჩრდილი არ მიადგეს, ბოდიშს ნამდვილად მოვიხდი იმის გამო, რომ მათ მიერ გამოთქმული ეჭვი საზოგადოებას მივაწოდე, თუმცა ეს რესპონდენტების პოზიციაა და სწორედ ამ ეჭვებზე სასაუბროდ და მათთვის საინტერესო კითხვების დასასმელად ითხოვენ პრემიერთან შეხვედრას. ისინი ამაყობენ თავიანთი მონაპოვარით, სიტყვის თავისუფლებით და ამას არაერთხელ აღნიშნავენ სტატიაშიც.
_ ჩემთან რამდენიმე დღის წინ იყო მოსული საკარული; მას ამ ეჭვების შესახებ ჩემთვის არაფერი არ უთქვამს. უბრალოდ მითხრა, რომ აქვს შემოთავაზება ერთ-ერთი არხიდან, უნდა იქ მუშაობის დაწყება, მაგრამ არ უხარია იქ წასვლა… მე ვუთხარი, რომ სამწუხაროდ, ჯერ-ჯერობით ვაკანსია არა მაქვს. კამერების თაობაზეც მკითხა და ავუხსენი; შესაბამისად, საკარულმა ეს ყველაფერი ძალიან კარგად იცოდა, ეკითხა ჯერ ჩემთვის.
_ მას არ უთქვამს ამის შესახებ…
_ კი, ეს ნამდვილად ასე იყო.