სკოლის დამთავრების შემდეგ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე ჩააბარა. მსახიობობის სურვილი იმდენად დიდი იყო, რომ ორი კურსის დამთავრების შემდეგ უნივერსიტეტიდან საბუთები გამოიტანა და შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტში ჩააბარა.
ძალიან გაუმართლა _ მას ასწავლიდნენ შესანიშნავი პედაგოგები: დიმიტრი ალექსიძე, აკაკი ხორავა, აკაკი ვასაძე, ლილი იოსელიანი, ბაბულია ნიკოლაიშვილი, მალიკო მრევლიშვილი და სხვები. მის ჯგუფში სწავლობდნენ უნიჭიერესი ახალგაზრდები: ოთარ მეღვინეთუხუცესი, ნოდარ მგალობლიშვილი, ლია ელიავა, ირაკლი უჩანეიშვილი, მალხაზ მებურიშვილი და სხვა.
თეატრალური ინსტიტუტი 1954 წელს დაამთავრა და მშობლიურ ოზურგეთში დაბრუნდა. ამ დროს თეატრში რეჟისორი იყო ოთარ თალაკვაძე, რომელმაც ნიჭიერი ახალგაზრდა მოსვლისთანავე დააკავა სპექტაკლში. იგი გვერდს უმშვენებდა ისეთ შესანიშნავ მსახიობებს, როგორიც იყვნენ: ლამარა თურმანიძე, შურა ცქვიტიშვილი, ოლია მოლარიშვილი, ლუბა კალანდაძე, ვლადიმერ დოლიძე, ვლადიმერ ბაჯელიძე, მიხეილ წიგნაძე, ილია არველაძე, რომან ლომინაძე, სერგო ლომინაძე და სხვები.
გაბო მდინარაძის პირველი როლი იყო ჩინჩახელი _კ. ბუაჩიძის “ეზოში ავი ძაღლია”; კიკია მამულიშვილი _ გრ. ბერძენიშვილის “დაჭრილი არწივი”; ნეზმანოვი _ ა. ოსტროვსკის “უდანაშაულო დამნაშავენი”; ხლესტაკოვი _ გოგოლის “რევიზორი”; პლატონი _ დ. კლდიაშვილის “სამანიშვილის დედინაცვალი”.
მსახიობმა ნოდარ დუმბაძის თითქმის ყველა ნაწარმოების მიხედვით დადგმულ სპექტაკლში მიიღო მონაწილეობა _ მაყურებელმა შეიყვარა მისი ილიკო ჩიგოგიძე _ “მე ბებია, ილიკო და ილარიონი”; კოწია ფოსტალიონი _ “მე ვხედავ მზეს”; გულოიანი _ “თეთრი ბაირაღები”. მან ასევე წარმატებით შეასრულა კირილე მამალაძის როლი კინოფილმში “ძაღლი”.
გაბო მდინარაძემ ილიკო ჩიგოგიძის როლის შესრულებისათვის პირველი პრემია მიიღო, ხოლო 1986 წელს სახალხო არტისტის საპატიო წოდება მიენიჭა. მას სულ 200 როლზე მეტი აქვს შესრულებული, თითოეული მათგანი მაყურებელმა შეიყვარა და შეისისხლხორცა.
გასულ წელს თეატრმა გაბო მდინარაძეს გაუხსნა ვარსკვლავი. ამჟამად ბატონი გაბო კვლავ ელოდება ახალ როლს, რომელსაც, რასაკვირველია, მაღალ პროფესიულ დონეზე შეასრულებს.
გვინდა მივულოცოთ ღვაწლმოსილ მსახიობს დაბადების 85 წლისთავი. ვუსურვებთ ხანგრძლივი სიცოცხლეს და მრავალ შემოქმედებით წარმატებებს!