კონცერტის ინიციატორი და ორგანიზატორია შმაგი მეძმარიაშვილი. კონცერტზე დასწრება თავისუფალია.
“გურია ნიუსი” საქველმოქმედო აქციის ორგანიზატორს შმაგი მეძმარიაშვილს ესაუბრა.
_ კონცერტზე დასწრება თავისუფალია, საიდან ელოდებით თანხას ბავშვებისთვის?
_ დასწრება თავისუფალია, მაგრამ დარბაზში დაიდგმება ყუთები და მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ, გაიღონ შემოწირულობა. გარდა ამისა გვაქვს სპეციალური სატელეფონო ნომრები, რომლებზეც, დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი ადამიანი დარეკავს.
_ როდის და როგორ დაგებადა ამ საქველმოქმედო კონცერტის ჩატარებისიდეა?
_ ეს არ არის ჩემს მიერ ჩატარებული პირველი საქველმოქმედო კონცერტი, ვიცი რა სირთულეებიც ახლავს თან ასეთი ღონისძიებების ჩატარებას, მაგრამ გამოცდილება მქონდა, სურვილიც და უფლის მადლით შევძელი იდეა რეალობად მექცია. მე ვმუშაობდი ფონდ “მომავლის გზაში”, კურიერი ვიყავი, შესაწირ ყუთებს ვდგამდი ქალაქში, მაღაზიებში… აქ გავიცანი ეს ბავშვები და ძალიან შემიყვარდნენ. ვხედავდი ფონდის ხელმძღვანელების მიერ გაკეთებულ დიდ საქმეს და ძალიან მომინდა ჩემი პატარა წვლილიც შემეტანა ამ დიდ საქმეში.
ჩვენ საქველმოქმედო ფონდ “მომავლის გზის” პრეზიდენტს დავით კინწურაშვილს დავუკავშირდით:
დავით კინწურაშვილი: _ ირველ რიგში დიდი მადლობა კონცერტის ორგანიზატორებს და ყველა იმ ადამიანს, რომლებიც კონცერტში იღებენ მონაწილეობას. მსგავსი სახის საქველმოქმედო აქციები ხშირად უნდა იმართებოდეს, რადგან, სამწუხაროდ, სოციალურმა ფონმა უკიდურესობამდე მიიყვანა მოსახლეობა _ 21-ე საუკუნეში შიმშილისგან გარდაიცვალა 1 წლის გოგიტა აბაშიძე. ჩვენი სწორედ ასეთი კატეგორიის ბავშვები გვყავს და ეს პატარები სიკვდილს გამოვტაცეთ ხელიდან.
_ თქვენი ბენეფიციარები თუ დაესწრებიან კონცერტს?
_ რა თქმა უნდა _ ისინი დიდი ამბით ემზადებიან კონცერტზე წასასვლელად.
“გურია ნიუსი” გაწვდით სატელეფონო ნომერს, რომელზეც შეგიძლიათ დარეკოთ და საკუთარი წვლილი შეიტანოთ ქველმოქმედებაში: მაგთის, ბილაინის და ჯეოსელის აბონენტებმა დარეკეთ ნომერზე 0901500546. კონცერტზე დასწრების და ადგილზე ქველმოქმედების გაწევის მსურველებს კი კონცერტის მონაწილეები 1 აპრილს, 18 საათზე ეპატიჟებიან.