სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრმა სტუმარს დევნილთა დღევანდელი მდგომარეობა გააცნო და მოკლედ ისაუბრა მათ ძირითად საჭიროებებზე. გერმანელ ბიზნესმენი დევნილი მოსახლეობის მდგომარეობით დაინტერესდა და მათ დასახმარებლად სამინისტროსთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა დავით დარახველიძემ სამინისტროში მიმდინარე სიახლეებზეც ისაუბრა. აღინიშნა, რომ შექმნილია დევნილთა გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმები, რომელიც სამინისტრომ პარტნიორ ორგანიზაციებთან და სამინისტროებთან ერთად შეიმუშავა. მინისტრმა გერმანელ ბიზნესმენთან საუბრისას აღნიშნა, რომ დევნილი მოსახლეობის მთავარი პრობლემა საცხოვრებელი ფართია.
დევნილთა სამინისტროს შემდეგ, შეხვედრა ფინანსთა, ჯანდაცვისა და კულტურის სამინისტროებში გაგრძელდა და გერმანელი ბიზნესმენი დავით დარახველიძესთან ერთად, აღნიშნული უწყებების პირველ პირებს შეხვდა.
კლაუს ჰიპი აპირებს, უახლოეს მომავალში საქართველოში სამედიცინო აპარატურა გამოგზავნოს, რომელიც დევნილ მოსახლეობას ჯანდაცვის კუთხით გარკვეულ დახმარებას გაუწევს. ბიზნესმენი ასევე მზადაა, შიდა ქართლში მცხოვრები დევნილები დაასაქმოს, საუბარია ვაშლის ბაღების გაშენებაზე. გარდა აღნიშნულისა, კლაუს ჰიპი გახლავთ კულტურის სფეროს წარმომადგენელი, მხატვარი და საქართველოში სხვადასხვა კულტურული ხასიათის პროექტებსაც გეგმავს.
შეხვედრის ბოლოს მხარეები ხანგრძლივ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. კლაუს ჰიპი გერმანელი მეწარმე და ბავშვთა კვების კომპანია ,,ჰიპის” მფლობელია. მას გააჩნია ვაშლის გადამამუშავებელი საწარმო საქართველოსა და რუსეთში.