მინისტრის თქმით, ვეტერანთა დეპარტამენტის სტატუსთან დაკავშირებით რამდენიმე იდეა არსებობს _ დეპარტამენტი ჩამოყალიბდეს ცალკე უწყებად და დაექვემდებაროს საქართველოს პრემიერ-მინისტრს; დაექვემდებაროს ჯანდაცვის სამინისტროს, ან დარჩეს თავდაცვის სამინისტროში, მაგრამ გამოვიდეს გაერთიანებული შტაბიდან.
“ყოფილი ხელისუფლების გადაწყვეტილება, რომ ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტი დაქვემდებარებოდა გაერთიანებულ შტაბს, აბსურდული იყო, რადგან ეს არ იყო სამხედრო შენაერთი. ამიტომ შევქმენით სამთავრობო კომისია, რომელიც მუშაობს ჯანდაცვის სამინისტროში. სულ რამდენიმე დღის წინ, მინისტრების დონეზე გვქონდა შეხვედრა და ამ საკითხს უახლოეს მთავრობის სხდომაზე გავიტანთ,” _ განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
თავდაცვის მინისტრის თქმით, სამინისტრომ უკვე დაიწყო ვეტერანებზე ზრუნვა. ამ დროისთვის, სამხედრო აკადემიაში ცხრა ვეტერანია დასაქმებული. მათი შეუზღუდავად გადაადგილებისათვის ხდება ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, პარალელურად, თავდაცვის სამინისტრომ შეიმუშავა გადამზადების პროგრამა, რაც უნარშეზღუდულ სამხედრო მოსამსახურეებს კომპიუტერს, უცხო ენებს და სხვა ისეთ პროფესიულ უნარებს შესძენს, რაც მათ სამხედროდან სამოქალაქო სექტორში გადასვლას გაუადვილებს.