გამგეობის პრესსამსახურის ინფორმაციით, შარაშენიძემ სპორტის განვითარების ცენტრში შეკრებილ სპორტსმენებს, მწვრთნელებსა და აიპიების წარმომადგენლებს ის წინადადება გააცნო, რომელიც ამ სფეროში არსებული აიპების ოპტიმიზაციის საკითხს ეხება.
დღესდღეობით ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სპორტის განვითარებას 4 აიპი: სპორტის განვითარების ცენტრი, სპორტ-სკოლა, რაგბის განვითარების ცენტრი და საჩოგბურთო სკოლა უდგას სათავეში.
გამგებლის თქმით, საჭიროა მუნიციპალიტეტის მიერ ადგილობრივი სპორტის განვითარებისათვის გამოყოფილი თანხის ოპტიმალურად ხარჯვა, რაც გულისხმობს სპორტისა და სპორტსმენებისათვის ყველა აუცილებელი ინვენტარით უზრუნველყოფას, რაც საბოლოოდ ადგილობრივ დონეზე სპორტის განვითარებას ხელს შეუწყობს.
კონსტანტინე შარაშენიძემ აღნიშნა, რომ უნდა შეიქმნას აიპების გამაერთიანებელი ცენტრი, რაც სპორტის სფეროში ეფექტურ მუშაობასა და კოორდინაციას უზრუნველყოფს. შეხვედრაზე სპორტის მესვეურებმა გამგებელს აღნიშნული ცენტრის ხელმძღვანელის სავარაუდო კანდიდატად ვოვა კუნჭულია დაუსახელეს. კანონის შესაბამისად, სპორტის აიპთა რეორანიზაციის საკითხს საკრებულო განიხილავს.