როგორც დევნილები ამბობენ, არც შუქი აქვთ, არც წყალი, არც ინვენტარი და ბავშვებს მერხებზე სძინავთ.
უკვე რამდენი ხანია ისინი დახმარებას ითხოვენ როგორც მთავრობისგან, ისე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ზუგდიდის ოფისისგან, მაგრამ შედეგი არ არის.
სწორედ ამიტომ, დევნილებმა კოლეჯის ეზოში კარავი გაშალეს და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით შიმშილობა დაიწყეს.
დევნილები შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებენ მანამ, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.
ლტოლვილთა სამინისტროს აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი ირაკლი ქოჩუა ამბობს, რომ დევნილები მათივე თხოვნით რჩებიან პოლიტექნიკური კოლეჯის შენობაში ალტერნატიული ფართით დაკმაყოფილებამდე.
ირაკლი ქოჩუა: “დევნილები, რომლებმაც დღეს შიმშილობა დაიწყეს, რამდენიმე თვის წინ შევიდნენ აღნიშნულ შენობაში. მათ მთავრობამ 29 მარტამდე მისცა კოლეჯის დატოვების ვადა, მაგრამ დევნილთა სამინისტრომ გასახლების ვადის გაზრდის თხოვნით მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს. ჩვენი სამინისტრო აცხადებს, რომ განსახლების შემთხვევაში, პრივილეგია მიენიჭებათ ამ დევნილებს. მანამდე კი, მიუხედავად იმისა, რომ სამინისტროს რესურსები მწირია, ის ყველანაირად ცდილობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან და არასამთავრობოებთან თანამშრომლობით გარკვეული დახმარება გაეწიოთ ამ დევნილებს.”