პრესკონფერენციას ირმა ნადირაშვილი და გურიის გუბერნატორი, ვალერიან ჩიტაიშვილი ესწრებოდნენ.
ასკურავას თქმით, მას აქვს ინფორმაცია, რომ მალე იგეგმება გამგეობის აპარატიდან, რეორგანიზაციის საფუძველზე, 60 თანამშრომლის გათავისუფლება: “ხვალ ჩამობრძანდება გამგებელი, რომელსაც დაუდებენ სიას და ამის შემდეგ, ზაზა ურუშაძე, მისი ნება-სურვილით, გადაარჩევს ვის დატოვებს და ვის გაუშვებს,” _ გვითხრა ასკურავამ.
“60 ადამიანის სამსახურიდან გაშვება რეორგანიზაცია არ არის. ჩვენ ამ ფაქტს ვახმაურებთ იმიტომ, რომ ჩემი გამოხმაურების შემდეგ, შეაჩერეს ეს პროცესი და ის ბრძანებები, რომელიც უკვე აქვთ, თუ სადმე გადამალეს. ნუღარ გამოიღებენ… მინდა ვუთხრა მათ, რომ 2013 წლის 1 ივნისიდან ძალაში შედის კანონი, სადაც ყველა მოვალეობის შემსრულებელი უნდა იყოს არჩეული კონკურსის წესით. მოდით, ეს თვენახევარი ნუ გავაკეთებთ იმას, რომ მათი სურვილით დანიშნონ ან გაათავისუფლონ ვინმე. კონკურსის შემდეგ ეს იქნება აბსოლუტურად ლეგიტიმური პროცესი. თვენახევრის გულისთვის ნუ ავტეხავთ ამხელა აჟიოტაჟს,” _ თქვა მედიასთან ასკურავამ.
მიდის თუ არა გამგეობის აპარატში მსგავსი პროცესები, ამის შესახებ გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის მოადგილეს, ვახტანგ ზენაიშვილს ვკითხეთ:
“მსგავსი არაფერი არ იგეგმება. რეორგანიზაცია გამოვაცხადეთ საკრებულოსთან ერთად, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ თანამშრომლებს დავითხოვთ სამსახურიდან,” _ გვითხრა ზენაიშვილმა.