კრებულში შეტანილია როგორც კლასიკოს, ისე თანამედროვე პოეტების სამიჯნურო ლექსები. კრებული შეადგინა გია მურღულიამ. მთავარი რედაქტორიa თამარ ფხაკაძე. გამომცემლობა: საგამომცემლო სახლი “ტრიასი”. წიგნში შესულია როგორც კლასიკოსების, ასევე დამწყები პოეტების ლექსები.
გია მურღულია: “ჩემ მიერ შედგენილ ამ კრებულს ასეთი მინაწერი გავუკეთე: “ქართველებს გვიყვარს სიყვარული _ ჩვენთვის ძალიან ბუნებრივია ფრაზა, რომელსაც “ვისრამიანის” ქართულ თარგმანში ვხვდებით: “ვინცა მიჯნური არა არს, არცა კაცი არს”. პოეზია ამ გრძნობის ყველაზე უკეთესი გამომხატველია _ არაფერს ძალუძს სიყვარულის ისე “თქმა”, როგორც ლექსს. ჩვენი პოეტები უკვე დიდი ხანია გვიდასტურებენ, რომ პოეზია ადამიანივით სიყვარულის სახლია. ამ კრებულში სატრფიალო პოეზიის ქართული ნიმუშებია შერჩეული და წარმოდგენილი _ ზოგი საყოველთაოდ ცნობილი, ზოგიც _ ნაკლებად. ისინი ძალიან განსხვავდებიან და ჰგვანან კიდეც ერთმანეთს _ მათში გამოხატული ემოციები თუ განწყობები ერთის ნაირგვარობებია. იმედს ვიტოვებ, რომ ეს გემოვნებიანი მრავალსახეობაა. აჩუქეთ ეს წიგნი თქვენთვის ძვირფას ადამიანს _ იქნებ, მის რომელიმე გვერდზე სწორედ ის წერია, რაც მისთვის უნდა გეთქვათ”.
წიგნს ბოლოს გაკეთებული აქვს წარწერა: “ქართველებს გვიყვარს თვით სიყვარული”.
პრეზენტაციაზე ელიან ყველას, ვისაც პოეზია და სიყვარული უყვარს.