თუმცა, იმედები გაუცრუვდა. ის სამსახურიდან გაათავისუფლეს და თითქმის ყოველ კვირა უწევს შს სამინისტროში დაკითხვებზე სიარული. ამირიძე ირწმუნება, რომ პანკისში შეიარაღებული ჯგუფის ფორმირების და ლოპოტას ხეობაში გადაადგილების შესახებ არაფერი იცოდა.
_ სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში ჩამოყვანილ ჩეჩენ მებრძოლებთან უშუალო კავშირი გქონდათ და მათთვის საჭირო ყველა საკითხს (ჩამოყვანა, დახვედრა, თანხები, საკვები, ტრანსპორტი) თქვენ აწესრიგებდით შსს-ს მინისტრის მოადგილესთან გია ლორთქიფანიძესთან და თქვენს უშუალო ხელმძღვანელ ზურაბ მაისურაძესთან ერთად.
_ დავიწყებ იმით, რომ 2010 წლის შემდეგ, როდესაც პრეზიდენტმა ჩრდილო კავკასიელებისთვის უვიზო რეჟიმი დააწესა, უამრავი კავკასიელი უპრობლემოდ შემოდიოდა საქართველოში. მათი შემოსვლა ანტიტერორისტულ ცენტრთან შეთანხმებული არ იყო, ამხელა ნაკადს ჩვენ ვერ ვაკონტროლებდით. ორი შემოვიდოდა თუ ოცი, ოფიციალურად ამის კონტროლი არ მოგვეთხოვებოდა. რაც შეეხება აეროპორტში ჩეჩნების დახვედრას, ეს შენობა, რამდენადაც ვიცი, მკაცრად კონტროლდება, დამონტაჟებულია ვიდეო კამერები და თუ ჩამომსვლელ ჩეჩენ ბოევიკებს აეროპორტში ვხვდებოდი, შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ დრომდე უნდა ჰქონდეს ამის დამადასტურებელი ჩანაწერები ან მოწმეთა ჩვენებები.
_ თქვენ შეიარაღებულ ჯგუფთან კავშირს უარყოფთ, მაშინ როგორ მოხდა რომ ლაფანყურში გარდაცვლილი ასლან მარგოშვილის სახელზე, შსს-ს მიერ, 2012 წლის 23 ივლისს გაცემულია იარაღის სარეგისტრაციო მოწმობა, სტეჩკინის სისტემის ცეცხლსასროლ იარაღზე, შენახვის უფლებით.
_ ეს აბსურდიც, ალბათ, სახალხო დამცველის დასკვნაში ამოიკითხეთ. როგორც წესი, ყველა ცეცხლსასროლი იარაღი ფორმდება შსს-ს მომსახურების სააგენტოში. საგამოძიებო ორგანოებს, ალბათ, მოძიებული ექნებათ ის პირი ან მაღაზია, სადაც მარგოშვილმა იარაღი შეიძინა. თუ გნებავთ ექსპერიმენტი ჩავატაროთ: მე და თქვენ, ერთ ყველაზე გრძელწვერიან ჩეჩენთან ერთად დავიაროთ იარაღის მაღაზიები და შევიძინოთ იგივე მოდელის პისტოლეტი. გარწმუნებთ, ამ იარაღს უპრობლემოდ გადავიფორმებთ შენახვის უფლებით, შსს-ს მაღალჩინოსნის ჩარევის გარეშე. გარდა ამისა, ძალიან ადვილი გადასამოწმებელია, იარაღის გაფორმების დროს ვინ ახლდა მარგოშვილს, მარტო იყო თუ შსს-ს თანამშრომელთან ერთად. ასე რომ, ეს დეტალები გამოძიების დასადგენია.
_ სახალხო დამცველის ანგარიშში ნათქვამია, რომ ჩეჩენი მებრძოლები წვრთნას გადიოდნენ ვაზიანისა და შავნაბადას სამხედრო ბაზებზე. რა ფორმით მონაწილეობდით ამ წვრთნებში?
_ აბსურდია. არანაირი წვრთნები არ ყოფილა. ეს ჩემი მიმართულება იყო და აუცილებლად მეცოდინებოდა, რომ სადღაც 120 ჩეჩენი გადის სამხედრო მომზადებას. უჩინმაჩინის ქუდები ეხურათ იმ ჩეჩნებს, თუ ისე როგორ ვავარჯიშე, რომ არავინ დამინახა და დღეს ეს ადამიანები ჩვენებას არ აძლევენ ჩემს წინააღმდეგ?!
_ თქვენ უშუალოდ გებარათ პანკისის ხეობა. იცოდით თუ არა რომ ლაფანყურის ოპერაციამდე ცოტა ხნით ადრე, პანკისში ჩამოვიდა ოჯახი, რომელიც დაკარგულ შვილს _ სალამ ზაურბეკოვს ეძებდა (ზაურბეკოვი ლაფანყურში დაღუპულებს შორის აღმოჩნდა)? რა ღონისძიებები გაატარეთ დაკარგული ახალგაზრდის მოსაძებნად?
_ ზაურბეკოვის დაკარგვის შესახებ როგორ არ ვიცოდი. მაჩალიკაშვილმა (კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომელი ემზარ მაჩალიკაშვილი პანკისის ხეობას კურირებს და თავადაც ხეობაში ცხოვრობს) დამირეკა და მითხრა, ესე-ესე ბიჭს ეძებენო. მე ვუთხარი, თუ დაკარგულია, პოლიციაში მივიდნენ მშობლები და განცხადება დაწერონ-მეთქი. რა ღონისძიება უნდა გაამეტარებინა? მე რომ მცოდნოდა, ეს ბიჭი ოჯახიდან იმიტომ გამოიქცა რომ სადღაც აპირებდა გადასვლას, რა თქმა უნდა სათანადო ღონისძიებებს გავატარებდი, მაგრამ მაშინ ეს იყო ოჯახური კონფლიქტი _ შვილი გაბრაზდა რაღაცაზე და წამოვიდა ოჯახიდან.
_ თქვენ ამბობთ, რომ პანკისი უშუალოდ შედიოდა თქვენს საკურატორო ზონაში. ის, რომ შეიარაღებული ჯგუფის შექმნა და გადაადგილება გამოგრჩათ, თქვენს არაპროფესიონალიზმზე არ მიუთითებს?
_ ჩემდა სამწუხაროდ და სამარცხვინოდ, არ მქონდა ამ ჯგუფის შექმნისა და გადაადგილების შესახებ ინფორმაცია. ეს საკითხი დღესაც მაწუხებს. ამ მიმართულებით 20-22 წელია ვმუშაობ და ჩემი პასუხისმგებლობაა, რომ ეს გამომეპარა, მაგრამ მარტო მე არ უნდა მეგო პასუხი, მარტო მე არ უნდა გამოვეშვი სამსახურიდან. მთლიანი ანტიტერორისტული ცენტრი სად იყო, პოლიცია სად იყო, კუდი, სოდი სად იყვნენ, როცა ეს ჯგუფი პიკაპებით გადაადგილდებოდა?! მარტო მე ვარ დამნაშავე? ერთმა კაცმა როგორ მოვატყუე ამდენი ხალხი, კიდეც მოველაპარაკე, კიდეც დავითანხმე, ჩამოვიყვანე, გადავიყვანე და ბოლოს დავხოცე. არ ვიცი, შეიძლება ჯგუფის მოძრაობა იმიტომ გამომეპარა, რომ შვებულებაში ვიყავი ამ დროს.
_ თქვენ შვებულებაში გახვედით ლაფანყურის ოპერაციამდე 1 კვირით ადრე და ისვენებდით ფასანაურში. ეს წინასწარ მომზადებული ალიბი იყო?
_ შვებულებაში ჩემი გასვლა იძულებით მოხდა. ეს ის პერიოდია, როცა შსს-ში მინისტრი შეიცვალა. ბაჩო ახალაია მოვიდა და დაიწყო საკადრო გადაადგილებები. მითხრეს, რომ სამსახურის დატოვება მომიწევდა. ყველაფერზე გული ავიცრუე და შვებულება მოვითხოვე, რომ ხალხის დაუმსახურებელ დაწინაურება-დაქვეითების პროცესს გავრიდებოდი. როგორც იქნა შვებულებაში გამიშვეს. 27 აგვისტოს დავბრუნდი სამსახურში და 28-ში ჩემი “პიკაპით” მივდიოდი პანკისში, სადაც კვირაობით და ზოგჯერ თვეობითაც ვრჩებოდი. გზაში რადიომ გადმოსცა, რომ ლაფანყურში ბიჭები დაიკარგნენო. ისიც ითქვა, რომ მოსახლეობამ სამი წვერებიანი კაცი შენიშნა. ლილოს ბაზრობასთან ვიყავი დეპარტამენტის უფროსმა მაისურაძემ რომ დამირეკა, პანკისში არ წახვიდე, პირდაპირ სამხარეოში მოდიო. მთელი გზა მირეკავდა, სად ხარ, სად ხარო. მივხვდი რომ რაღაც სერიოზული ხდებოდა. სამხარეოში მინისტრის მოადგილე გია ლორთქიფანიძე დამხვდა. წავედით ლაფანყურში, სადაც უკვე მუშაობდნენ ჟურნალისტები. ავედით ზევით, სადაც მესაზღვრეების პუნქტია. ამ დროს მძევლები უკვე გათავისუფლებულები იყვნენ და დავუწყეთ გამოკითხვა, ვინ იყვნენ, რა ენაზე ლაპარაკობდნენ, იარაღი თუ ჰქონდათ, როგორ წვერს ატარებდნენ. ამ დროს ნელ-ნელა იმატა პანიკამ, რუსები დაგვბომბავენო.
_ შეიარაღებული ჯგუფის წარმომავლობასთან დაკავშირებით რა ვერსიები განიხილებოდა?
_ ამ დროს არავინ არაფერი იცოდა. განიხილებოდა რამდენიმე ვერსია, მათ შორის ისიც, რომ ჯგუფი შესაძლოა რუსეთიდან ტერორისტული აქტების მოსაწყობად შემოგზავნეს. ცალკე გავესაუბრე ყოფილ მძევლებს, ამბობდნენ იმდენი ბარგი აქვთ ძლივს დაათრევენო, ზოგი ქართულადაც ლაპარაკობსო, ასეთი და ასეთი სამხედრო ფორმები აცვიათო. ამის მერე მივედი ლორთქიფანიძესთან და ვუთხარი, შეიარაღებულ ჯგუფთან მარტო წავალ-მეთქი… მარტო სად უნდა წახვიდე, მოგკლავენო, მითხრა.
_ რატომ გადაწყვიტეთ მარტო წასვლა? გარანტია გქონდათ, რომ არ გესროდნენ?
_ პირველ რიგში, გეტყვით, რომ ამ ქვეყნის შვილი ვარ და ამ სამსახურში მარტო ხელფასისთვის არ მიმუშავია. ყოველთვის მზად ვიყავი თავი გამეწირა, ბავშვობიდან გმირობაზე ვოცნებობდი. თანაც გავიგე, რომ ჯგუფში ქართულად მოლაპარაკეებიც ჰყავდათ და ვიფიქრე, რომ თუ ვინმე პანკისიდან იქნებოდა, არ მესროდა, იმიტომ რომ მთელ ხეობას ვიცნობ და არავისთვის ცუდი არ გამიკეთებია. მოკლედ, მარტო წავედი და მაგაში შევცდი სწორედ. ერთადერთმა ლორთქიფანიძემ მითხრა, მარტო სად გაგიშვა, მეც წამოვალო. დანარჩენებს კი, დღეს რომ მაგარი ბიჭები არიან და გრძელი ენები აქვთ, ხმა არ ამოუღიათ. წავიღე მხოლოდ ჩემი სამსახურებრივი პისტოლეტი და რაცია. ჯგუფთან რომ მივედი, ავუხსენი რა სიტუაცია იყო და იარაღის დაყრა ვურჩიე. ვეუბნებოდი, რომ შეიარაღებული ჯგუფის გადაადგილება დანაშაული იყო და თან მძევლებიც ჰყავდათ აყვანილი. მესაზღვრე, რომელიც მათ ლაფანყურელების სანაცვლოდ ჰყავდათ დატოვებული, სახლში გავუშვი, ვაჟკაცი ბიჭი იყო, არ წავალო მეუბნებოდა, ამათთან მარტო როგორ უნდა დაგტოვოო, მაგრამ დავარწმუნე, რომ მისი წასვლა ჯობდა.
_ იარაღის დაყრაზე რა რეაქცია ჰქონდათ?
_ შევამჩნიე, რომ რამდენიმე მათგანს მართლაც უნდოდა იარაღის დაყრა. მერე ყველანი მოშორებით გავიდნენ და ჩეჩნურად ლაპარაკობდნენ, ზოგი მხოლოდ რუსულად საუბრობდა და მივხვდი, რომ ისინი დაღესტნელები იყვნენ. მითხრეს გაგვიშვიო, არაფერს დავაშავებთ, მხოლოდ გადასვლა გვინდაო. ვეუბნებოდი ვერ გაგიშვებთ, დანაშაულია უკანონო შეიარაღებული ჯგუფის გადაადგილება-მეთქი. ამის შემდეგ, რაციით გადმოვეცი ვინც იყვნენ, რამდენიც იყვნენ და უარს რომ ამბობდნენ იარაღის დაყრაზე.
_ ასე თავისუფლად გადმოსცემდით ინფორმაციას მათ შესახებ?
_ ბოლომდე ვერ გადავცემდი რეალობას, რადგან ისინი მეუბნებოდნენ, უთხარი, ვითომ სამი მწყემსის გარდა სხვა ვერავინ ნახეო. ვარწმუნებდი, ლაფანყურელმა ბიჭებმა უკვე დეტალებში აღწერეს ვინცა ხართ და რამდენიც ხართ, ამიტომ ტყუილების თქმას აზრი არ აქვს-მეთქი. მართლა ეგრე თქვესო? იმ ბიჭებსაც დავაბარეთ მწყემსები ეთქვათო. 6 საათი დავყავი მათთან მარტომ. დღეს მე უნდა მიმადლოდნენ, რომ ჯგუფის გადაადგილება შევაჩერე და საქართველო რუსეთთან ომს გადავარჩინე. მე მეგონა, რომ ოპერაციის დამთავრების შემდეგ ღირსების ორდენს მომცემდნენ.
_ ჯგუფის წევრებიდან ყველას იცნობდით?
_ ქისტებს ვიცნობდი, სხვებს არა. ასლან მარგოშვილს ადრეც ვიცნობდი, თბილისში სწავლობდა და შევხვედრივარ რამდენჯერმე. არც ასლანს, არც ალდამოვს და არც ბაღაკაშვილს ხმა არ ამოუღიათ. ტყეში შემცივდა და თბილი ტანსაცმელი ვითხოვე. ბაღაკაშვილმა მომაწოდა ქურთუკი, ალდამოვიც მიტრიალდა და ტანსაცმელს დაუწყო ძებნა. ჯგუფის ერთ-ერთ წევრს ნიღაბი ეკეთა. ჩემი აზრით ის მეგზური იყო და ალბათ ეშინოდა რომ ვიცნობდი. ქართულად ვესაუბრე და ქართულადვე მპასუხობდა ჰოს და არას. ამით მივხვდი რომ ქისტი იყო და სახეს მალავდა. როდესაც მიცვალებულები ვნახე, ნიღბიანი მათ შორის არ იყო. სავარაუდოდ ის ცოცხალი გადარჩა.
_ ასლან მარგოშვილის მამა, მერაბ მარგოშვილი აცხადებს, რომ სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი ძალოვანი უწყებების თანამშრომლები _ წიკლაური და ჩოხელი იყვნენ ამ ჯგუფის ინსტრუქტორები. ერთ-ერთი ვერსიით, ისინი შეიარაღებულ ჯგუფთან ერთად იმყოფებოდნენ და შეტაკების დროს დაიღუპნენ.
_ კიდევ ერთხელ ვამბობ, ნიღბიანი კაცის გარდა ყველას სახეს ვხედავდი. თავს დავდებ, რომ იქ არც წიკლაური ყოფილა და არც ჩოხელი. ნუ ლაპარაკობენ ასეთ სისულელეებს, მიცვალებულებს მაინც ნუ აყენებენ შეურაცხყოფას.
სანდრო ამირიძემ შეიარაღებულ ჯგუფთან ექვსი საათი გაატარა, ის დეტალებზე საუბარს ერიდება, რადგან, მისი თქმით, არ სურს ხელი შეუშალოს გამოძიებას. ამირიძის შემდეგ, ჯგუფთან მოსალაპარაკებლად აჰმედ ჩატაევი, ზელიმხან ხანგოშვილი და ანტიტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელი ზურაბ მაისურაძე ავიდნენ:
“არ ვიცი რას ელაპარაკებოდნენ ჩატაევს და ხანგოშვილს, ცალკე გავიდნენ და ჩეჩნურად ლაპარაკობდნენ. შემდეგ ითქვა, რომ ჯგუფი იარაღს არ დაყრიდა. მათ ჩემი გამოშვება არ უნდოდათ, ერთ-ერთმა ჩეჩენმა იარაღიც კი მომადო, მაგრამ ზელიმხანმა უთხრა, ამ კაცს თუ არ გაგვატან, უამისოდ მთავრობა არ დაგველაპარაკებაო. ჩატაევს ეუბნებოდნენ ჩვენთან დარჩი, თორემ შეიძლება ამათ რუსეთს გადაგცენო, მაგრამ არ დარჩა და ჩვენთან ერთად წამოვიდა. მერე მოხდა ის, რაც მოხდა,” _ ამბობს ამირიძე.
_ ერთ-ერთი ვერსიით, შეიარაღებული ჯგუფის წევრებს ეძინათ, როდესაც მათი ლიკვიდაცია მოხდა.
_ სისულელეა, როგორც კი ჰაერში ვერტმფრენებმა დაიწყეს ფრენა, ისეთი გრიალი ატყდა, იქ ვინ დაიძინებდა. რაც შეეხება თქვენს კითხვას, რატომ იყვნენ საძილე ტომრებში, იმიტომ რომ ასე უფრო ადვილია გვამის ტარება.
_ თუკი ჯგუფს გარანტიები არ ჰქონდა, რატომ გადავიდნენ ლოპოტას ხეობაში?
_ ეს სპონტანური გადასვლა იყო, რაც ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა რუსებს შეატყობინა. ამიტომაც გააძლიერეს რუსებმა საზღვარი. მოკლედ, ღალატს ჰქონდა ადგილი.
_ სახალხო დამცველმა არაერთხელ გახსენათ თავის ანგარიშში. გამოძიებამ რამდენჯერმე დაგკითხათ, მაგრამ არ გაკავებენ. რატომ , თქვენ წინააღმდეგ მტკიცებულელები არ აქვთ?
_ ასეა, რამდენჯერმე დავიკითხე, ერთი და იგივეს ვყვები სულ, მაგრამ როგორც ხედავთ, არავის დავუპატიმრებივარ. სამსახურიდან გამიშვეს, ხოლო ის ადამიანი, რომელიც შვებულებაში ყოფნის დროს ჩემს მოვალეობას ასრულებდა, დააწინაურეს. ვაპირებ სამართლებრივად ვიბრძოლო და სამსახურში დავბრუნდე, თუ დამნაშავე ვარ დამიჭირონ, თუ უდანაშაულო _ სამსახურში დამაბრუნონ, ოჯახი მყავს სარჩენი.