მე ვიცი, რომ მანქანაში იჯდა ფირუზ წულუკიძე და ავტომანქანიდან გაიხსნა ცეცხლი. ეს ინფორმაცია მაქვს მოსახლეობისგანაც,” _ ამბობს ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე, რომელიც ბათუმში წუხელ მომხდარ ინცინდეტს ეხმაურება.
წუხელ ბათუმში მოჭიდავე ფირუზ წულუკიძე და მისი მწვრთნელი თემურ ბახუნდარიძე ჩეჩენ მეგობართან ერთად დააკავეს. როგორც გაირკვა, ბათუმის ქუჩებში ისინი მსუბუქი ავტომობილით გადაადგილდებოდნენ, როდესაც პოლიციის თანამშრომლებმა შემოწმების მიზნით საბუთების წარდგენა მოსთხოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, ჩეჩენმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა.
გასროლის შედეგად ბრმა ტყვიით მუცლის არეში დაიჭრა მოქალაქე, რომელიც პუშკინის ქუჩაზე იმყოფებოდა, ხოლო პოლიციის თანამშრომელს ჭრილობა ხელის არეში აქვს მიყენებული. ჩეჩენი მოქალაქის მიერ ცეცხლის გახსნის შემდეგ, საპასუხო გასროლა განახორციელეს პოლიციის თანამშრომლებმა, რა დროსაც დაიჭრა ჩეჩენი მოქალაქე.
სამივე დაჭრილი შემთხვევის ადგილთან ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს და ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარეს.
“ის, რომ მუდმივი პრობლემები იყო ფირუზ წულუკიძის ორიენტაციასთან დაკავშირებით, ფაქტია და ეს ორიენტაცია არ იყო დაკავშირებული ჩვეულებრივ, ტრადიციულ ისლამთან. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ტრადიციული ისლამის მიმდევარია აჭარის მოსახლეობის დიდი ნაწილი. მე ვიცი, რომ ეს იყო ვაჰაბიტური მიმდინარეობა. ჩვენთვის ამ ისტორიაში მთავარი ის არის, რასაც მე ვვარაუდობდი და რისი გაგონებაც ბევრს არ უნდოდა _ ფუნდამენტალისტური ანუ პოლიტიკური ისლამი ნელნელა აჭარაშიც მოიკიდებს ფეხს. თუ ახლავე არ გაიმართა ბრძოლა ამის წინააღმდეგ, მერე უარესად იქნება საქმე. ამიტომ ვამბობ _ უნდა გავაძლიეროთ კონტროლი იმაზე, რაც ხდება ქვეყნის მასშტაბით _ იგივე სიტუაციაა ქვემო ქართლში, სადაც ასევე ძლიერდება ფუნდამენტალისტური ისლამი, რომელიც ტრადიციულ ისლამს ებრძვის,” _ ამბობს მამუკა არეშიძე “გურია ნიუსთან”.
მისი თქმით, გუშინდელი ინციდენტი საეჭვოდ დაემთხვა დღეს ბათუმში “ქართული ოცნების” შტაბის გახსნას, რა დროსაც პოლიციას გაძლიერებული ჰქონდა უსაფრთხოების ზომები.
“გურია ნიუსი” დაკავებული თემურ ბახუნდარიძის შვილს, გიორგი ბახუნდარიძეს დაუკავშირდა, რომელიც ამბობს, რომ მომხდარის შესახებ არაფერი იცის, რადგან გუშინ თბილისში იმყოფებოდა. მისი თქმით, დაკავებულებთან ამ დრომდე არ უშვებენ ადვოკატებს.
თემურ ბახუნდარიძემ და ევროპის ჩემპიონმა ფირუზ წულუკიძემ პირველი განცხადება რელიგიური დევნის შესახებ ზუსტად ერთი თვის წინ “გურია ნიუსთან” გააკეთეს. ბახუნდარიძე ამბობდა, რომ ბათუმის პოლიციაში ვინმე კვანტალიანმა დაიბარა და დაემუქრა: “ეს პრობლემაა ერთი თვეა დაიწყო _ 3-4 ჯერ დამიბარეს უშიშროების სამსახურში და მითხრეს, რომ სამწვრთნელო საქმიანობა უნდა შემეწყვიტა. ამიკრძალეს ისლამის მოწოდება, ბავშვებთან ურთიერთობა. მე რომ არ დავეთანხმე, ბავშვებზე დაიწყეს ზეწოლა _ მივიდნენ მშობლებთან და გააფრთხილეს, ბავშვები არ ატაროთ, თორემ პრობლემებს შეგიქმნითო. ფირუზიც არ დაემორჩილა მათ მოთხოვნებს და აგრძელებდა აქტიურ მუსულმანობას. ამიტომაც შეუქმნეს პრობლემები. უთხრეს, წვერი გაიპარსეო, რაზეც უპასუხა, სულ ვერ გავიპარსავ და დავიმოკლებო. დაიმოკლა კიდეც, მაგრამ ამათთვის ეს არ აღმოჩნდა საკმარისი,” _ -ამბობდა ბახუნდარიძე “გურია ნიუსთან”.
რელიგიურ დევნაზე საუბრობდა ფირუზ წულუკიძეც, რომელსაც ბულგარეთში ჩემპიონატზე წასვლის უფლება არ მისცეს და აეროპორტიდან მოაბრუნეს: “ჩემთან აქვთ პრობლემა წვერთან დაკავშირებით. ოღონდ გავეშვი ჩემპიონატზე და წვერიც კი დავიდაბლე, მაგრამ არაო, არ არის ეს საკმარისი, უნდა მოიპარსოო. მწვრთნელებმა მთხოვეს წვერის გაპარსვა, ჭიდაობის ფედერაციიდან გვაწუხებენო, გვთხოვენო. მოკლედ, ამ წვერის გამო არსად აღარ მიშვებენ და რა უნდა ვქნა, არ ვიცი. საზღვარგარეთ შეჯიბრებაზე თუ ვერ წავედი, მარტო საქართველოში ჭიდაობას რა მნიშვნელობა აქვს? ვაჰაბისტებთან და ტერორისტებთან კავშირში თუ მდებენ ბრალს, დამიჭირონ. ეს შეჯიბრებაზე არგაშვება რაღაა ვითომ?!”.
“გურია ნიუსის” ინფორმაციით დაკავებულებს დღესვე მოინახულებს სახალხო დამცველის წარმომადგენელი ბათუმში.