ხოლო მისი საცხოვრებელი სახლი კი დამწვარი ნახეს. როგორც გარდაცვლილის მეზობლები ” გურია ნიუსთან” ამბობენ, ა. ღ. სოციალურად უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფებოდა და ხელისუფლებას მის მიმართ უყურადღებობაში ადანაშაულებენ.
გურამ ჯინჭარაძე, გარდაცვლილის მეზობელი: _ პატარა ქოხში ცხოვრობდა გაჭირვებული, გაუსაძლისს პირობებში. ქოხსაც ვერ უწოდებდი იმას, რაშიც ის ღამეს ათევდა. დიდი სახლი მას ადრე დაეწვა. ჩვენ მეზობლებმა ჭიშკართან ვიპოვეთ, ეტყობა გაგუდული იყო და გამოასწრო ცეცხლის ალს, თუმცა ვერ გადარჩა, ფხიზელი კი იყო სრულიად.
_ ღამის 12 საათზე წამივიდა მეზობლიდან. სახლში შუქი არ ჰქონდა, აუნთია სანთელი. ეტყობა, ჩაეძინა _ დაღლილი იყო, სულ მუშაობდა. ალბათ რომ მოვიდა გონზე, გამოიქცა. ისეთი პიროვნება იყო, ყველას პატივს სცემდა, მეზობლებზე გადაყოლილი იყო, ეხმარებოდა. არანაირი ქონება არ ჰქონდა. ამდენი წელია ითხოვდა დახმარებას და ხელისუფლებამ არ გაუკეთა არაფერი. ვინ აქცევდა ყურადღებას? მაგას რომ დახმარება ჰქონოდა ხელისუფლებისგან, ასე გაჭირვებული არ მოკვდებოდა ახლანდელ დროში. უნდა გენახათ, 21 საუკუნეში როგორ პირობებში ცხოვრობდა საცოდავი. 30 ლარს იღებდა დახმარებას და ისიც მოუხსნეს _ არ დახვდა აგენტს სახლში და ამის გამო. თავს ირჩენდა ქირაზე მუშაობით, საჭმელს მეზობლები ვაჭმევდით. ჩვენც რამდენჯერ მივმართეთ ადგილობრივ ხელისუფლებას, რომ დახმარებოდნენ, მაგრამ არაფერი გამოვიდა, _ ამბობენ მეზობლები.
საქმეს შსს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველო იძიებს. გარდაცვლილი ბათუმში ექსპერტიზაზე ჰყავდათ გადაყვანილი.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ირაკლი სირაძე “გურია ნიუსთან” აღნიშნავს, რომ გარდაცვლილის დაკრძალვის ხარჯებს მუნიციპალიტეტის გამგეობა დაფარავს.
_ შეძლებისდაგვარად, ვეცდებით დავფაროთ ხარჯები. უკვე გამოყოფილია ადგილი, სადაც დაასვენებენ გარდაცვლილს.
_ ბატონო ირაკლი, შესაძლებელი იყო თუ არა, რომ ამ ადამიანს, სანამ გარდაიცვლებოდა გაწეოდა დახმარება გამგეობიდან?
_ დახმარება ყველა ადამიანს შეიძლება გაეწიოს შესაძლებლობების ფარგლებში, მათ შორის გარდაცვლილსაც.
_ მოგმართათ თუ არა მან, ან მათმა მეზობლებმა დახმარებისთვის? მეზობლები ამბობენ, რომ ხელისუფლებამ გარდაცვლილს არ დაეხმარა, დახმარების შემთხვევაში კი შეიძლებოდა, არ დაღუპულიყო.
_ სამწუხაროდ, არ ვარ რეესტრთან, სადაც მაქვს განცხადებების სია, ზეპირად კი არ მახსოვს. თუ აქვთ მომართული, გეტყვით, _ გვითხრა გამგებლის მოადგილემ.