“ბუნებრივია იბადება კითხვები, რა ხდება საოკუპაციო ზოლთან?!რუსეთის წარმომადგენლებთან შეხვედრებზე მე ყოველთვის ხაზგასმით ვაფიქსირებ საქართველოს მთავრობის პოზიციას, რომელიც უაღრესად კრიტიკულია. გამოვთქვამთ შეშფოთებას, მაგრამ ამ თემების განხილვა უფრო დეტალურად ხდება ჟენევაში, სადაც ამ პრობლემებისთვის შექმნილია სპეციალური საერთაშორისო ფორმატი.”
აბაშიძემ რუსულ ბაზარზე ქართული პროდუქციის არსებობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ უამრავი სირთულის მიუხედავად ეს ბაზარი ქართული პროდუქციისთვი გაიხსნა.
“ჩვენ გავხსენით რუსული ბაზარი, რომელიც 2006 წლის ემბარგოს შემდეგ დაიხურა. ახლა კი დიდი ძალისხმევის, უამრავი სირთულისა და პრობლემის მოგვარების შემდეგ, ჩვენი პროდუქცია რუსულ ბაზარზე შევიდა. ჩვენმა მეწარმეებმა პოლიტიკოსებზე კარგად იციან ეს ბაზარი. იციან, რომ გარკვეული რისკის მატარებელია. არავის მოვუწოდებთ, რომ უნდათ თუ არა რუსულ ბაზარზე დაბრუნდნენ, კარი ღიაა და გადაწყვეტილებები მათი მისაღებია. ძირითადად მაინც ღვინისა და სატრანსპორტო კომპანიები არიან დაინტერესებულნი.”
აბაშიძე რეგულარული საჰაერო რეისების აღდგენის საკითხსაც შეეხო. მისი თქმით, კომპანიებს სანავიგაციო სამსახურების მიმართ რაღაც ვალები დაუგროვდათ და ახლა ამ პრობლემის მოსაგვარებლად მიმდინარეობს მუშობა.
რაც შეეხება საოკუპაციო ზოლთან სასაზღვრო სადემარკაციო სამუშაოებს, აბაშიძე ამბობს, რომ ეს პროცესი 2008 წლიდან დაიწყო.
“ესაა მიზანმიმართულად წარმოებული პროცესი, რომელიც საერთაშორისო და დაჰუმანიტარული ნორმების დარღვევაა და ჩვენ ამას არასდროს შევეგუებით” , _ განაცხადა აბაშიძემ და დასძინა, რომ მსგავსი ხასიათის შეხვედრები პარლამენტში საინტერესოა.
“ძალიან სასარგებლო შეხვედრა იყო. აუცილებელია, რომ პარლამენტი ასეთი სერიოზული საკითხების შესახებ საქმის კურსში იყოს. მზად ვარ ისევ ჩამოვიდე და დეპუტატებთან კვლავ ვისაუბრო მოვლენების განვითარებაზე. მადლობელი ვიქნები თუ პარლამენტარები რუსეთთან ურთიერთობების კუთხით საინტერესო მოსაზრებებსა და იდეებს წამოაყენებენ”, _ აღნიშნა აბაშიძემ პარლამენტში შეხვედრის დასრულების შემდეგ.