რაც შეეხება თურქი ინვესტორების საკითხს, რასაც სკანდალი მოყვა იაშვილის კლინიკაში, დავით სერგეენკო აცხადებს, რომ ჯანდაცვის სამინისტროს კომპეტენციაში არ შედის გასხვისების საკითხის შესწავლა.
“მესაკუთრეს შეუძლია კერძო საკუთრება ისე გაასხვისოს, რომ არავის ჰკითხოს. როგორც მედიამონიტორინგში ვნახე, მითვლიდა იაშვილის კლინიკის მფლობელი, რატომ უნდა ვკითხო რამე სერგეენკოსო. როგორც აქამდე არაერთგზის აღვნიშნე, არსებობს კანონი და არსებობს სამართალი. ეს არის შემთხვევა, როდესაც მონოპოლიური სტრუქტურა, რომელიც თითქმის მთლიანად მართავს ბავშვთა სერვისებს მიუხედავად იმისა, რომ ბავშვთა საავადმყოფო ოფიციალურად არ შედის სახელმწიფოს მიერ დადგენილ კანონში სტრატეგიული ობიექტების შესახებ, სახელმწიფოს აქვს კანონი, რომელიც შეუძლია გამოიყენოს აბსოლუტურად ლეგალურად და მდგომარეობს შემდეგში: თუკი სახელმწიფოს ინტერესებს და მოსახლეობას ექმნება საფრთხე, სახელმწიფოს შეუძლია მოიქცეს ისე, რომ დაიცვას თავისი მოქალაქეები. ჯერჯერობით, ეს საჭირო არ გამხდარა.
ნამდვილად არ არის პრობლემა არანაირი ინვესტორის შემოსვლა. მთავარია, მათ როგორი რეპუტაცია აქვთ, როგორი ხედვა დარგის განვითარების და რა დოზით აპირებენ თანამშრომლობას სახელმწიფოსთან. ეს არის განმსაზღვრელი კრიტერიუმები.” _ აცხადებს დავით სერგეენკო.
_ ბატონო დავით, თქვენ ახსენეთ რეპუტაცია. როგორც ირკვევა, თურქულ კომპანიას საკმაოდ საეჭვო რეპუტაცია აქვს თავისსავე ქვეყანაში. თურქულ საიტებზე ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მათ აქვთ სახელფასო დავალიანებები და არაერთი შეუსრულებელი პირობა. როგორია ამ შემთხვევაში სახელმწიფოს პოზიცია? საუბარია 5 სტრატეგიული დანიშნულების მქონე კლინიკაზე, რომელიც ამ ინვესტორების ხელში გადავიდა… ამ ინვესტორებმა თქვენთან გამართულ ვერცერთ შეხვედრაზე მფლობელობის საბუთებიც კი ვერ წარმოადგინეს.
_ ეს გარემოება, რომელიც თქვენ სწორად აღწერეთ, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ არაფრით უნდა მოქცეოდნენ ჯანდაცვის სისტემას ისე, როგორც მოექცნენ. შედარებებისგან უბრალოდ თავს შევიკავებ. თურქული კომპანიის რეპუტაციისა და საქმიანობის შესახებ ინფორმაცია ჩვენთვის ცნობილი გახდა პრესის საშუალებით, რომელიც ეყრდნობოდა ინტერნეტსაიტზე განთავსებულ მონაცემებს. როდესაც გეგმავ ინვესტორთან თანამშრომლობას, ამ შემთხვევაში მიღებულია უფრო მაღალი ვალიდაციის დოკუმენტების განხილვა. ისევ იმას ვამბობ, ეს საავადმყოფო ისე გაყიდეს, რომ არავის არაფერი ჰკითხეს, არც კი ითანამშრომლეს სახელმწიფოსთან, ვგულისხმობ სიტყვიერად საქმის კურსში ჩაყენებას. კიდე ერთხელ ვამბობ, პირობას ვიძლევი, რომ არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ სერვისების შეფერხებას. ამისთვის გამოვიყენებ მხოლოდ ლეგალურ, მაგრამ უმძლავრეს სახელმწიფო ინსტრუმენტებს.