შეხვედრებზე მხარეებმა ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების ფართო სპექტრი განიხილეს და საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებზეც ისაუბრეს.
განსაკუთრებული ყურადღება დაემო საქართველო-რუსეთის ურთიერთობებს და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას.
“განვიხილეთ ყველა ის საკითხი, რომელიც საქართველოსთვის აქტუალურია. მიუხედავად იმისა, რომ ბატონი ვესტერველე თანამდებობას მალე დატოვებს, ჩვენ არ ველით რყევას ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებში. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ იმ გამოწვევების ფონზე, რაც ამჟამად დგას საქართველოს წინაშე, გერმანიის მხრიდან მხარდაჭერა უფრო გაძლიერდება, რათა საქართველომ დასახულ მიზნებს მიაღწიოს. უახლოესი მიზნებს კი არჩევნების დემოკრატიულად ჩატარება და ვილნიუსის სამიტი წარმოადგენს. გერმანიის მხარემ დამიდასტურა ამ ქვეყნის სურვილი, რომ ვილნიუსის სამიტი იყოს წარმატებული არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ საერთოდ, ევროკავშირისთვის და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის.
ვრცლად ვისაუბრეთ რუსეთის თემაზე, განსაკუთრებით ბოლოდროინდელ მოვლენებზე და რადგან გერმანელებს ტრადიციულად კარგი ურთიერთობა აქვთ რუსეთთან, მე მათ ვთხოვე, რომ გავლენა მოახდინონ იმ პროცესებზე, რაც ახლა ყველას აღელვებს საქართველოში”, – განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.