წინასაარჩევნო ღონისძიების ფარგლებში უკვე დადგენილია ხმის მიცემის უფლების მქონე ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა საერთო რაოდენობა და იმ პირთა ვინაობა, ვისაც საარჩევნო უფლების გამოყენება სურთ. ასევე, დადგინდა მათი რიცხვი, ვისაც არ გააჩნდათ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები. სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ხელშეწყობით და იუსტიციის სამინისტროსთან დადებული მემორანდუმის ფარგლებში დამზადდა პირადობის დამადასტურებელი მოწმობები, რომლებიც თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფ პირებს 8-9 ოქტომბერს გადაეცემათ.
სოზარ სუბარის განცხადებით, პირადობის მოწმობები იმ მსჯავრდებულებისთვისაც დამზადდება, რომლებმაც უარი თქვეს არჩევნებში მონაწილეობაზე, თუმცა პირადობის დოკუმენტების მიღების სურვილი აქვთ.
სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, დღეის მდგომარეობით, 1747 საარჩევნო უფლების მქონე მსჯავრდებული და ბრალდებულია განთავსებული. თავისუფლების აღკვეთის ადგილებში მყოფი პირების საარჩევნო უფლების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით ჩატარებულ გამოკითხვაში, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის სურვილი, მხოლოდ 197-მა გამოთქვა. დანარჩენებმა არჩევნებში მონაწილეობაზე უარი ხელმოწერით დაადასტურეს.