2014 წლის პრიორიტეტადაა მიჩნეული პროკურორების საქმეებით დატვირთვის ხარისხის განსაზღვრა და გაანალიზება, რათა შესაძლებელი გახდეს ნორმალური დატვირთვის პირობებში ეფექტიანი საქმიანობა.
“სახელმწიფო ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამებიდან” ირკვევა, რომ მომავალ წელს მთავრობა პროკურატურის საქმიანობას გამადიდებელი შუშით დაკვირდება, საკომპენსაციოდ კი განახლებულ ავტოპარკს და გარემონტებულ კაბინეტებს სთავაზობს. ასევე, ტრეინინგებს პროფესიული სტანდარტის ასამაღლებლად. იგეგმება პროკურორთა შეფასების სისტემის შემუშავება და იმლიმენტაცია, რაც სავარაუდოდ გამოძიებული და სასამართლოში მოგებული საქმეების რაოდენობით განისაზღვრება. პრაქტიკაში არსებულ პრობლემურ საკითხებზე პროკურორთათვის სპეციალურ რეკომენდაციებს მოამზადებენ.
2014 წლიდან მთავარი პროკურატურის პროკურორები გარემონტებულ კაბინეტებში გამოიძიებენ საქმეებს, მათთვის დამატებითი ოთახების მოწყობაც გათვალისწინებულია. სარემონტო სამუშაოები კიდევ 3 საოლქო და 11 რაიონული პროკურატურაში ჩატარდება.
პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება ღონისძიებები, რომლებიც გულისხმობს პროკურატურის უფლებამოსილების შეზღუდვას გამოძიების, სისხლის სამართლებრივი დევნის ეტაპზე ბრალდებულისა და დაზარალებულის უფლებების დაცვის მიზნით. პროკურატურის ფუნქცია საზოგადოების დანაშაულისაგან დაცვა იქნება. ბრალდებულისა და მსჯავრდებულის, აგრეთვე დაზარალებულის კანონიერ უფლებათა დაცვა და საგამოძიებო ორგანოთა მართლზომიერი ფუნქციონირების უზრუნველყოფა მათი საქმიანობის ზედამხედველობით.
გამოძიებაზე ზედამხედველობის, სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერის, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის პროგრამის ფარგლებში იგეგმება დანაშაულის შესახებ სტატისტიკური მონაცემების დამუშავება და ანალიზი, საზოგადოების აქტიური ჩართულობით დანაშაულის დონის თაობაზე კვლევების ჩატარება, სისხლის სამართლის ეფექტიანი პოლიტიკის განხორციელება, რაც ხელს შეუწყობს დანაშაულის არსებული დონის შენარჩუნებას და უფრო ეფექტიანს გახდის პროკურატურის მონაწილეობას დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისა და დანაშაულის პრევენციის პროცესში.