“გურია ნიუსის” შეკითხვებს სასჯელაღსრულების მინისტრმა სოზარ სუბარმა უპასუხა. მან ძველაიების ოჯახში მისვლა არ გამორიცხა.
_ ჯერ იყო პატიმარ კორტავას გარდაცვალება… ამჯერად, 16 წლის ახალგაზრდამ ჩამოიხრჩო თავი. ოპონენტები ბრალს გდებენ ციხეში მაყურებლის ინსიტიტუტის მიზანმიმართულ გაძლიერებაში და თქვენს გადაყენებას ითხოვენ. იღებთ თუ არა მომხდარზე პოლიტიკურ პასუხისმგებლობას?
_ სისტემაში რაც ხდება, დადებითიც და უარყოფითიც, არის ჩვენი პასუხისმგებლობა და პოლიტიკურ პასუხისმგებლობაში რას გულისხმობთ, ვერ მივხვდი.
_ მაგალითად, ორი გახმაურებული შემთხვევის შემდეგ, დატოვოთ თანამდებობა…
_ 2011 წელს, როდესაც ციხეში 144 ადამიანი გარდაიცვალა, მიგაჩნიათ, რომ მინისტრი 144-ჯერ უნდა გადამდგარიყო?! ჩვენი პასუხისმგებლობა იქნება ის, რომ საქმე იქნება გამოძიებული და საზოგადოება შეიტყობს სრულ სიმართლეს.
_ მიგაჩნიათ, რომ ციხემ პატიმარ გოგა ძველაის უსაფრთხოების მაქსიმალურად უზრუნველყოფა შეძლო?
_ მაქსიმალურად რომ უზრუნველეყოთ, ეს ახალგაზრდა ბიჭი იქნებოდა ცოცხალი, მაგრამ მაქსიმალურად უზრუნველყოფა ყოველთვის ვერ ხერხდება ვერსად, ვერც ქალაქში, ვერც სოფელში, ვერც ჯარში და ვერც ციხეში. თქვენ ფიქრობთ, რომ ნორვეგიის მთავრობამ მაქსიმალურად უზრუნველყო იმ ახალგაზარდების უსაფრთხოება, რომლებიც ბრეივიკმა დახოცა? ყველაფერს წინასწარ ვერ გათვლი.
_ ნორვეგიის მთავრობას არ ჰქონდა წინასწარი ინფორმაცია, რომ ამ ბავშვების სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა. ქუთაისის ციხის დირექტორს კი თავად პატიმარმა უთხრა, რომ თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობდა წინა პატიმრობის დროს მომხდარი ინცინდენტის გამო…
_ არანაირი წინასწარი ინფორმაცია არ ყოფილა, თუ ამას ვინმე ამბობს, არის ტყუილი; ბავშვმა მოითხოვა, რომ უნდოდა ცალკე საკანი და მისი ეს სურვილი დაკმაყოფილდა. არანაირი მაყურებელი, რომელიც მას ემუქრებოდა, არ არსებობს. უფრო მეტიც, ეს ადამიანი რომ ციხეში შევიდა, არც ერთმა პატიმარმა არ იცოდა ამის შესახებ.
_ დავუშვათ, რომ ფიზიკური ანგარიშსწორება არ ყოფილა, ფსიქოლოგიურ ზემოქმედებასაც გამორიცხავთ?
_ ამ ბოლო ორი კვირის განმავლობაში, სამი არასრულწლოვნის თვითმკვლელობის ფაქტი მოხდა თბილისში და მიგაჩნიათ, რომ ისინიც მაყურებლებმა აიძულეს? ანუ ქალაქის მერის პასუხისმგებლობაა, რომ მათი უსაფრთხოება ვერ უზრუნველყო? თქვენ არასწორად სვამთ კითხვას, თუ მეკითხებით, იყო თუ არა ზეწოლა, გპასუხობთ, რომ ვერ იქნებოდა, რადგან ამ პატიმარს არ ჰქონია კონტაქტი არავისთან. ჯერ თვითმკვლელობასაც კი ვერ ვამბობთ ზუსტად. მე რაც ვთქვი, ეს იყო წინასწარი ინფორმაცია, საბოლოო დასკვნას გამოძიება დადებს. რის გამო დადგა ეს შედეგი, არ ვიცი, შესაძლებელია აფექტის გამო, უცბად გადაწყვიტა ამის გაკეთება.
_ მამა ამბობს, რომ შვილის გარდაცვალების ამბავი სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა რამდენიმე საათის დაგვიანებით შეატყობინა. რატომ არ დაურეკეს ოჯახს დროულად?
_ არ ვიცი, როდის შეატყობინეს, გავიგე თუ არა ამ ფაქტის შესახებ, მაშინვე ჩავედი ქუთაისში და პირველი კომენტარიც გავაკეთე. ბიჭის გვარი არ მითქვამს, რადგან არ ვიყავი დარწმუნებული, რომ ოჯახისთვის უკვე ნათქვამი ჰქონდათ. როგორც მე ვიცი, ოჯახთან დაკავშირება პრობლემა იყო გირაოს გადახდის საკითხის გარკვევის დროსაც.
_ გოგა ძველაიას მამა სენაკში თქვენს ჩასვლას ითხოვს. რატომ არ ჩადიხართ?
_ პირველივე წუთს ჩავედი შემთხვევის ადგილზე და საზოგადოებას პირველადი ინფორმაცია მივაწოდე. ოჯახი ითხოვს ჩამოვიდეს და გაგვარკვიოს რა მოხდაო. ამაზე მე პასუხს ვერ გავცემ, ამაზე პასუხი უნდა გასცეს გამოძიებამ.
სააკაშვილი რომ ჩაქანდა იქ, 800-ზე მეტი ადამიანია გარდაცვლილი ნაციონალური მმართველობის პერიდში, მაგრამ სააკაშვილს მაშინ არც ერთის ოჯახი არ გახსენებია.
რაც შეეხება ადამიანურ თანაგრძნობას, რა თქმა უნდა, ვგრძნობ, განვიცდი, მაგრამ ამერიკის შეერთებული შტატების ციხეებში ყოველწლიურდ რამდენიმე ათასი ადამიანი კვდება და თქვენ წარმოგიდგენიათ, ყველა ოჯახმა რომ მოითხოვოს მინისტრის ჩასვლა? ჩასვლით როგორ არ ჩავალ, ჩავალ, მაგრამ როცა მეუბნებიან, პასუხი გაგვეციო, რა უნდა ვუთხრა, რა ვიცი მე იმაზე მეტი, რაც ვთქვი? რომც ვიცოდე და ვუთხრა, ვინ დამიჯერებს, მე ხომ საზოგადოების ნაწილის თვალში მხარე ვარ. ანუ ჩასვლას არ გამოვრიცხავ, მაგრამ უნდა ვიცოდე, რას ითხოვენ ჩემგან, თუ მათ პასუხის გაცემა უნდათ მომხდარზე, ამას გამოძიება გააკეთებს.
_ გარდაცვლილის მამა ვიდეოჩანაწერს ითხოვს. მას აინტერესებს, ვინ შევიდა მისი შვილის საკანში შემთხვევის დღეს. არსებობს თუ არა ასეთი ჩანაწერი?
_ სავარაუდოდ, არსებობს დერეფნის ვიდეოჩანაწერი. დღეს მისცა გამოძიებას სასამართლომ უფლება, რომ ეს ჩანაწერი ამოიღოს და შეისწავლოს. რაც შეეხება საკანს, იქ ვიდეოკამერა არ ყოფილა, რადგან კამერები დგას მაშინ, როდესაც არსებობს საფრთხე. ამ ბავშვთან დაკავშირებით ეს საფრთხე არ იდგა.
_ გიგა ძველაის პირველი პატიმრობის დროს კონფლიქტი ჰქონდა სხვა პატიმართან და ხელი მოსტყდა. აქედან გამომდინარე, შურისძიების საფრთხე არ იდგა?
“გურია ნიუსის” ამ შეკითხვას საჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსი მიშა ღურწკაია პასუხობს:
_ გიდასტურებთ, რომ ძველაიმ დაზიანება ციხეში მიიღო. ეს მოხდა 23 აგვისტოს, თბილისში არასრულწლოვანთა დაწესებულებაში. მან კედელს მიარტყა ხელი და მოიტეხა. მის მიერ სხვა პატიმრისთვის ყბის მოტეხვა არ ყოფილა.
“გურია ნიუსის” სარწმუნო წყარო გოგა ძველაიას თვითმკვლელობის კიდევ ერთ მოტივზე საუბრობს. ის ამბობს, რომ გოგას გირაოს გადახდის იმედი არ ჰქონდა და გადამტერებულ მაყურებელთან შეხვედრას სიკვდილი არჩია.
“ეს ამ საწყალი ბიჭის პირველი პატიმრობა არ არის, სამჯერ იყო დაჭერილი. პირველად ქურდობაზე რომ დაიჭირეს, ოთხ ეპიზოდში ედებოდა ბრალი. სასამართლომ პირობითი შეუფარდა. მეორე ქურდობა სასჯელის მოხდის პერიოდში ჩაიდინა და სასამართლომ 7 ათასი ლარის გირაოს გადახდა დააკისრა. ოჯახმა ფული არ გადაიხადა და გოგამ ამის გამო, ერთი წელი გაატარა ციხეში. ბოლოს რომ დაიჭირეს, როგორც მე ვიცი, ოჯახმა ფულის შეგროვება კი დაიწყო, მაგრამ ოჯახის ერთ წევრს უთქვამს, ნუ გადაყრით ამ ფულს, მაგის გამოსწორება არ იქნებაო,” _ ამბობს წყარო.
გოგა ძველაიამ ციხის უფროსს, გირაოს გადახდასთან დაკავშირებით, მშობლებთან დაკავშრება სთხოვა. გოგას მამა ამბობს, რომ დირექტორს დედის ტელეფონზე მართლაც დაურეკავს, მაგრამ მაშინ ტელეფონი გამორთული აღმოჩნდა.
სულ სხვა ფაქტებს ყვება ქუთაისის ციხის ერთ-ერთი თანამშრომელი, რომელიც ანონიმურად დარჩენას გვთხოვს:
“ციხის ადმინისტრაცია ჯერ დედას ურეკავდა, მაგრამ მან ტელეფონს არ უპასუხა. მერე ბიცოლასთან დავრეკეთ, ბიცოლამ გვითხრა, თავი დამანებთ, მაგ ბავშვზე ლაპარაკიც არ მინდაო. რამდენჯერმე რომ გვიპასუხა ასე, ვთხოვეთ დედასთან დავეკავშირებინეთ, მაგრამ არ დაგვეხმარა. იმ საცოდავმა ბავშვმაც იფიქრა, აქ დამტოვებენ როგორც პირველადო; იცოდა, იმ გადამტერებული ბიჭის ხელში კაი დღე არ ელოდა, ხოდა, ასეთი გადაწყვეტილება მიიღო,” _ უთხრა “გურია ნიუსს” ქუთაისის ციხის თანამშრომელიმა.
გოგა ძველაის საქმის გამოძიება პროკურატურამ დაიწყო. სავარაუდოდ, დღეს გახდება ცნობილი ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნის შედეგებიც.