გიორგი მარგველაშვილმა შეკრებილ საზოგადოებას საპრეზიდენტო პროგრამა გააცნო. როგორც მარგველაშვილმა განაცხადა, მისი პრეზიდენტობის პერიოდში განათლების სფერო პრიორიტეტული იქნება: “ბევრად უფრო მაღალი უნდა იყოს სტანდარტი ქართველი მასწავლებლის და ამაზე ბევრი მუშაობაა საჭირო. თქვენი სფერო ყოველთვის პრიორიტეტული იქნება, მოგეხსენებათ რექტორი ვიყავი ერთ-ერთი უნივერსიტეტის და ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ სფეროს განვითარება”, _- აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
პრეზიდენტობის კანდიდატის განცხადებით, უნდა ამაღლდეს მასწავლებლის სტატუსი, ვინაიდან მასწავლებლის პროფესია ერთ-ერთი პატივსაცემი პროფესიაა და ამავე დროს საპასუხისმგებლო: “საქართველოს მომავალი დამყარებულია განათლებაზე და პედაგოგების ღვაწლზე. ჩემი მუშაობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება განათლების სისტემის გაძლიერება იქნება და მასწავლებლის სტატუსის ამაღლება,” _ აღნიშნა მარგველაშვილმა.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ეროვნულ ბიბლიოთეკაში შეკრებილ პედაგოგებს განათლების სისტემაში მიმდინარე ცვლილებები გააცნო. თამარ სანიკიძემ ყურადღება სერთიფიცირების რეფორმასა და პროფესიული განვითარების სქემაზე გაამახვილა, რაც ნოემბრის თვიდან ფართო განხილვის საგანი გახდება: ” ყველა პედაგოგი უნდა იყოს ჩართული და მიმართული კარიერული წინსვლისკენ. მასწავლებლის სახელფასო განაკვეთი და ხელფასის ზრდა დამოკიდებული იქნება პედაგოგების მიერ კრედიტების დაგროვებაზე, პროგრამების გავლაზე და მათ განვითარებაზე,” _ განაცხადა თამარ სანიკიძემ.
პედაგოგებმა გიორგი მარგველაშვილს და თამარ სანიკიძეს მადლობა გადაუხადეს განათლების სისტემაში გატარებული რეფორმებისთვის.
“ქართული ოცნების” პრეზიდენტობის კანდიდატი ხვალ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში სპორტსმენებს შეხვდება.
(R)